logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: „რუსთავი 2“-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, შეუძლია, ნებისმიერი რამ დაგაბრალონ!
- +

3 ოქტომბერი. 2018. 01:33

 

 

„ბიძინა ივანიშვილისგან მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ გაღებული ფული მახსოვს და თუ ვინმე იტყვის, რომ ის ვინმეს ფულს აქეთ სძალავს, მინიმუმ, ეს უნდა დაამტკიცოს, მაგრამ ეს დაუმტკიცებელი თემაა, რადგან ასეთი რამ არ არსებობს“, – განაცხადა ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

 

„მხარეებმა ივანიშვილთან შეხვედრაზე ყოფნა აღიარეს, მაგრამ მათ შინაარსი არ დაუდასტურებიათ. „რუსთავი 2“-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, შეუძლია, ნებისმიერი რამ დაგაბრალონ. მოდით, ეს ყველაფერი საგამოძიებო ორგანოს მივანდოთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ ოქუაშვილის მიერ დასახელებული ყოფილი მაღალჩინოსნები საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ და პარტიის თავმჯდომარის სახელის გამოყენებას ცდილობდნენ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ დისკრედიტაციის მცდელობა მტკნარი სიცრუით ხდება და გამორიცხულია, მათ „ქართული ოცნების“ ლიდერის დისკრედიტაცია გამოუვიდეთ.

 

შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ასეთ რეზონანსულ საქმეზე კითხვის ნიშნები არ დარჩეს, რადგან არასამათავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოძიების მიმართ უნდობლობას წინასწარ აცხადებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ იმისთვის, რათა საზოგადოებას კითხვები არ დარჩეს, პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

 

„არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს არ აყვნენ. ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ასე უაპელაციოდ დასკვნების გამოტანა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სულ მცირე, არაკომპეტენტურობაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მისი თქმით, არჩევნებამდე ტემპერატურის აწევა, დესტრუქცია და საზოგადოებისთვის იმის წარმოდგენა, თითქოს, რაღაც განსაკუთრებული ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, მაგრამ საზოგადოება ასეთ იაფფასიან ხრიკებს არ აჰყვება.

 

„სახელმწიფო და ხელისუფლება წინასააარჩევნო რეჟიმში მოქმედებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო პრეზიდენტს ირჩევს. წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, ერთადერთი ღირსეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ღირსეულ პრეზიდენტს აირჩევს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner