logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე არსებობდა სიბინძურე, ბინძური სისტემა!
- +

3 ოქტომბერი. 2018. 01:58

 

 

„არასამთავრობოები კომიკურ ჩანაწერებს მტკიცებულების გარეშე უწოდებენ კორუფციის პრობლემას – არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ თუ „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების გუშინდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა. კობახიძე არასამთავრობოების განცხადებებს სასამართლოსთან მიმართებით უტიფრობად აფასებს.

 

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად გაუკეთებიათ განცხადება, რომ სასამართლოში თურმე 2012 წლამდე იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე არის დღეს. ეს არის ელემენტარულად, უტიფრობა. ისინი სასამართლოს, რომელიც პირდაპირ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედებდა, ადარებენ დღევანდელ სასამართლო სისტემას. მინდა, რამდენიმე სტატისტიკური მონაცემები მოგიყვანოთ, რა დონეზე არაობიექტურია მათი შეფასებები, ამის დადასტურება მინდა. ახლა რა ხდება სასამართლოში, ეს მარტო სტატისტიკა კი არ არის, ამის უკან დგას თითოეული ადამიანის დაცული უფლება, ამის უკან დგას გადარჩენილი სიცოცხლეები, თავისუფლება და ასე შემდეგ.

 

საზოგადოებას რომ გავაცნო ეს მონაცემები, იცით, რაში დარწმუნდებიან? როდესაც ეს 13 ადამიანი – არასამთავრობოები ამბობენ, 2012 წლამდე სასამართლოში იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე დღეს არისო, ისინი არიან უბრალოდ უტიფრები, ეს უტიფრობაა. ისინი კომიკურ ჩანაწერებს უწოდებენ იმას, რომ თურმე კორუფციის პრობლემაა ქვეყანაში, მტკიცებულების გარეშე – არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, „ნაცმოძრაობა“ ხომ არ ხარ, პოლიტიკური პარტია ხომ არ ხარ მართლა, ფორმალურად მაინც. შესაბამისად, როცა მტკიცებულების გარეშე ორი გაუგებარი ადამიანი ავრცელებს რაღაც ჩანაწერს და არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია, ფორმალურად მაინც და შენ მტკიცებითი ფორმით ამბობ, კაკო ბობოხიძისგან რით განსხვავდები მაშინ. მტკიცებითი ფორმით გამოდიხარ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ამბობ, რომ თურმე ქვეყანაში კორუფციის და არაფორმალური მმართველობის პრობლემა არსებობს. ეს არის უტიფრობა. ეს არის უკეთეს შემთხვევაში არაკომპეტენტურობა, რაც მე არ მგონია, ერთადერთი მიზეზი იყოს.

 

მაგალითად, ჯარიმა რამდენი იყო შეფარდებული 2009-2012 წლებში, 229 მილიონი, ახლა არის 48 მილიონი, ადმინისტრაციული პატიმრობა იყო 18 ათასზე მეტი, ახლა არის 6 ათასზე ნაკლები. ამას უწოდებენ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ადეიშვილის სასამართლო ყოფილა უფრო მაგარი, ვიდრე დღევანდელი სასამართლო. სირცხვილი და უტიფრობაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლომ, ცხრავე მოსამართლემ უზენაეს სასამართლოში დაადგინა ის, რაც მოხდა სრულიად საზოგადოების თვალწინ.

 

„თქვენ გახსოვთ, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში „რუსთავი 2” 2004 -2012 წლებში, როგორ წაართვა ერთ მესაკუთრეს, მეორე მესაკუთრეს.  ყველამ იცის, როგორ წაართვა „იმედი”. ეს თქვა სასამართლომ, მეტი კი არაფერი. რანაირად მოგყავთ ეს ფაქტი მტკიცებულებად იმისა, რომ სასამართლოში არის პრობლემა.

 

ეს არის სტატისტიკა, ამის უკან რა დგას იცით? 2012 წლამდე არსებობდა სიბინძურე, ბინძური სისტემა. გეტყვით, რა ვითარება იყო 2012 წლის შემდეგ, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ხომ იყო სასამართლო კორპუსი, რომელიც იყო ტოტალური წნეხის ქვეშ. სასამართლო კორპუსი ასრულებდა ყველა იმ დავალებას, რომელიც მიდიოდა სააკაშვილის, ადეიშვილისა და გვარამიას მხრიდან.

 

2012 წლის შემდეგ ჩვენ რა ვითარება გვქონდა – ან მთლიანად უნდა გაგვეწმინდა ეს კორპუსი, რაც გააკეთა „ნაცმოძრაობამ“ 2004 წელს და ამის შედეგები კარგად გვახსოვს ყველას, ან მეორე ვარიანტი იყო – უნდა შეგვეცვალა სისტემა არსებული კორპუსით. ჩვენ სისტემა ისე შევცვალეთ, რომ არ შევეხეთ მოსამართლეებს. ამას რა თქმა უნდა, აქვს უარყოფითი მხარე, მათ შორის, პირველ რიგში, იქ იყო სერიოზული პრობლემა რეპუტაციის კუთხით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ რა მოახერხა, იცით? ელემენტარულ ცვლილებაზე კი არ არის საუბარი, საუბარია, გირაოშეფარდებული თუ იყო 91 მილიონი, 5 მილიონამდე ჩამოვიდა. 300-ვე მოსამართლეზეა საუბარი, რატომ დაგყავთ მურუსიძემდე. ეს ხომ სპეკულაციაა.

 

ადმინისტრაციული საქმეები, რამდენი პროცენტი მოიგეს მოქალაქეებმა, 47%, 64%, საგადასახადო დავები – 59% – 73%. განსხვავებას ხომ ხედავთ. გამამართლებელი განაჩენები არის 6-ჯერ გაზრდილი.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×