logo_geo
eng_logo
გელა დუმბაძე: ეს გამოფენა მიეძღვნა ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს
- +

11 ოქტომბერი. 2018. 16:56

 

 

ქალაქ კიევში, „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ დღესასწაულის ფარგლებში, ივან კავალერიძის სახლ-მუზეუმში გაიმართა უჩვეულო გამოფენის გახსნა, სადაც წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორი თვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე გახლავთ. 

 

მან აღნიშნა, რომ ხუთ სახელმწიფოში მუშაობდა დიპლომატიური წარმომადგენლობებში, და განმარტა, თუ რატომ აირჩია ჩვენი ქვეყანა.

 

„ალბათ, მე ავირჩიე ქვეყანა, სადაც მეც და ჩემმა ოჯახის წევრებმაც ყველაზე დიდი სითბო ვიგრძენით, სადაც ცხოვრობს ხალხი, რომელიც ჩემს სულთან ძალიან ახლოს არის, არაჩვეულებრივი ხალხი, ჩვენ ბევრი საერთო გვაკავშირებს, - აღნიშნა გ.დუმბაძემ. - ჩვენ გვაქვს  საერთო სულისკვეთება, მასპინძლობა, ადამიანობა. ჩვენ არასოდეს მოგვითხოვია სხვისი. და ჩვენ საერთო პრობლემები გვაკავშირებს“.

 

ასევე, მან აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩატარდა გამოკითხვა, თუ რომელი სახელმწიფო იყო ყველაზე პოპულარული მსოფლიოში, და სწორედ უკრაინამ დაიკავა პირველი ადგილი.

 

„ძალიან გამიხარდება, თუ ვინმეს ცოტაოდენ მაინც გაამხნევებს ჩემი ნახატები“, - აღნიშნა ელჩმა. მან ასევე გამოაცხადა, რომ 13-14 ნოემბერს საელჩოში ჩატარდება უფრო ვრცელი გამოფენა, ვინაიდან „აკრილის დღიური“ მოიცავს 43 ნამუშევარს, ხოლო ამჟამად წარმოდგენილია მხოლოდ 25.

 

„ჩვენ ყოველთვის უნდა გავიღიმოთ, ბატონებო. მტრის ჯინაზე, ჩვენი ოპონენტების ჯინაზე. გავიღიმოთ ერთად, საერთო ქართულ-უკრაინული ღიმილით“, - დაასრულა მან.

 

აღსანიშნავია, რომ გელა დუმბაძე, გარდა ფერწერისა, დაკავებულია ასევე ლიტერატურით, იგი არის შემდეგი წიგნების ავტორი - „ყვითელი ტროლეიბუსი“, „მიყვარს ვაშლი“, „მე-მორბენალი“ (ამ კრებულის თარგმანი უკრაინულ ენაზე წარმოდგენილ იქნა 2018 წლის წიგნების არსენალზე). გარდა ამისა, გელა დუმბაძის პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები საქართველოსა და აზერბაიჯანში.

 

„კიევმა 100-მდე ნამუშევარი შთამაგონა“

 

გამოფენის გახსნის ოფიციალური ნაწილის შემდგომ, ჩვენს გამომცემლობას მიეცა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გელა დუმბაძესთან ბლიც-ინტერვიუს საშუალება.

 

- მე პროფესიულად არ მისწავლია ფერწერა, თუმცა ვხატავ ბავშვობიდან. როდესაც მხატვარს მიწოდებენ, მე ყოველთვის უარვყოფ, ვამბობ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ხატავს. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა  გაიმართა დაახლოებით 7 წლის წინ კიევში, ანდრეევსკის დაღმართის მახლობლად, და მას ეწოდა „კიევი. მისტიკური ფანჯრები“.

 

დღევანდელი გამოფენა უფრო მცირეა. აქ წარმოდგენილია ბოლო სამი თვის განმავლობაში კიევში შექმნილი ნამუშევრები. მე ღამღამობით ვხატავ, ძალიან მამშვიდებს. ეს გამოფენა მივუძღვენი „თბილისობას“, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-100 წლისთავს და ჩემს მოძმე უკრაინელ ხალხს. მე მჯერა საქართველოს და უკრაინის გამარჯვების!

 

- ეს ხომ პირველი გამოფენა არ არის. რას მიუძღვენით წინა ნამუშევრები?

 

- კიევს. ვინაიდან სწორედ ამ ადგილმა შთამაგონა 100-მდე ნახატის შექმნა წარსულში და დღესდღეობით. კეთილი, გულისხმიერი და უცხო ადამიანები - ამაყები, მებრძოლები, კარგი მასპინძლები. ეს ყველაფერი მეხმარება ნამუშევრების შექმნაში.

 

რაც შეეხება ნახატებს, მე ვაპირებ გაგრძელებას და თანდათანობით, წლების შემდეგ, მინდა, დიპლომატიისა და პოლიტიკის სამყაროდან ხელოვნების სამყაროში გადავინაცვლო.

 

- წელიწადნახევარია, რაც კიევში ხართ. რომელი ადგილები მოგწონთ ყველაზე მეტად და გიქმნით შესაბამის განწყობას?

 

- გულწრფელად ვაღიარებ - კიევში ყველაზე მეტად მიყვარს ანდრეევსკის დაღმართი. ყოველთვის მიყვარდა. ასევე ძალიან მიყვარს ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პარკი.

 

- და საქართველოში?

 

- ჩემი ქალაქი - თბილისი, და საქართველოს სხვადასხვა კუთხეები. ყველა უკრაინელ მეგობარს ვიწვევ საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ნახავენ არაჩვეულებრივ, საკრალურ ადგილებს. არამარტო თბილისში, სიღნაღში თუ ბათუმში, არამედ სხვა რეგიონებშიც. ყველამ თავისი საქართველო უნდა იპოვოს.

 

- უკვე გაეცანით უკრაინულ ხელოვნებას? რომელ უკრაინელ ხელოვანს გამოარჩევდით?

 

- მხატვრებიდან ძალიან მომწონს ვლადისლავ შერეშევსკის ირონიული ფერწერა, ხოლო მუსიკოსებიდან - როკ-ბენდი „ოკეან-ელზი“.

 

- აპირებთ მსგავსი გამოფენების გაგრძელებას კიევში?

 

- დიახ. გარდა ამისა, მე ვუკითხავ ლექციებს უკრაინელ სტუდენტებს. ერთ-ერთი ბოლო გაიმართა ახალგაზრდულ თეატრში, რომელსაც ექვსი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერთდროულად ვხატავდი თეატრისთვის ნახატებს და ვპასუხობდი სტუდენტების, ხელოვნებათმცოდნეების, მხატვრების, თეატრალური მოღვაწეების შეკითხვებს. ეს არის კომუნიკაციის ორიგინალური ფორმა. თანამედროვე სამყარო გვანიშნებს, რომ კომუნიკაციის ახალი ფორმები უნდა გამოვნახოთ.

 

P.S. გამოფენა „კიევი. აკრილის დღიური“ გაგრძელდება 14 ოქტომბრამდე ივან კავალერიძის სახლ-მუზეუმში.

 

 

ინტერვიუს ორიგინალი ვერსია იხილეთ ლინკზე:

https://day.kyiv.ua/uk/article/kultura/cyu-vystavku-ya-prysvyatyv-bratskomu-ukrayinskomu-narodu

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×