logo_geo
eng_logo
„თბილისში ხმა გავრცელდა, ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო.." - უცნობი ისტორიები მეოცე საუკუნის ლეგენდარული წყვილებზე
- +

24 ოქტომბერი. 2018. 23:18

 

 

თბილისს სხვადასხვა პერიოდში ჰყავდა წყვილები, რომელთა შესახებაც უამრავ ლეგენდარულ ისტორიას ჰყვებოდნენ და დღემდე ჰყვებიან... როგორც ამბობენ, მათი არსებობით საოცარი, განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა თბილისს. დღეს მათ საოცარ ისტორიებს ფოტოები და ის ადამიანები მოგვითხრობდნენ, ვისაც პირადად ჰქონია მათთან ურთიერთობის ბედნიერება. წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის სამ ლეგენდარულ წყვილს, რომელთა საოცარ სიყვარულზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა... ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე - ამ ორი ადამიანის მადლიერები ჯერ მხოლოდ იმით შეიძლება ვიყოთ, რომ ქართულ კინოს ორი დიდი რეჟისორი ელდარ და გიორგი შენგელაიები 

აჩუქეს, თუმცა, ამის გარდა ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. თუმცა, მათი სიყვარულის ისტორიას სულ სხვანაირი დასაწყისი აქვს.. ნატო ვაჩნაძე უკვე მუნჯი კინოს მეგა ვარსკვლავი იყო, როცა შენგელაიას შეხვდა, მას მეუღლე მერაბ ვაჩნაძე და უფროსი ვაჟი თენგიზი ჰყავდა. კინოში ახლადმოსულმა შენგელაიამ ნატოს როლი შესთავაზა და დარწმუნებული იყო, რომ ვაჩნაძე ამ წინადადებას მიიღებდა, თუმცა, გარშემომყოფები უკვე სახელგანთქმულ მსახიობს არ ურჩევდნენ ახალბედა რეჟისორის ფილმში თამაშს, მაგრამ ვაჩნაძემ გადაწყვეტილება შენგელაიას სასარგებლოდ მიიღო და როლზე თანხმობა განაცხადა. გადაღებისას მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ, ნატო ვაჩნაძე დაშორდა პირველ მეუღლეს და შენგელაიაზე დაქორწინდა.

ფოტოზე: ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია და თამარ მაკაროვა. 1930-იანი წლები





ნატოს პირველი ოჯახის დანგრევა მისმა თაყვანისმცემლება ცუდად მიიღეს, კინოვარსკვლავი სალანძღავ წერილებს იღებდა, რის გამოც ერთი პერიოდი ქუჩაში მარტო გამოსვლასაც ერიდებოდა. სწორედ ამ პერიოდში თბილისში იმართებოდა რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებითი საღამო, სადაც ახალდაქორწინებულებიც იყვნენ დაპატიჟებული პოეტის მიერ. წყვილი საღამოზე დაგვიანებით მივიდა, თუმცა, ხალხს მათი დარბაზში შესვლა არ გამორჩენია, მათ ყურადღება სწორედ დაგვიანებით მოსულებზე გადაიტანეს და სიტუაციის განსამუხტად მაიაკოვსკიმ სცენაზე თქვა ასეთი სიტყვები: ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია ამოდით სცენაზე, მე თქვენ ახლა საჯაროდ დაგაქორწინებთო.. წყვილი მართლაც ავიდა სცენაზე, მაიაკოვსკის ამ ჟესტის შემდეგ კი საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ მართლაც შეიცვალა.

ვაჩნაძემ შენგელაიას რამდენიმე ფილმში ითამაშა და მოგვიანებით მის ჩანაწერებში თავისი ცხოვრების რეჟისორი უწოდა.

ნატო ვაჩნაძე, გიორგი შენგელაია, ნიკოლოზ შენგელაია 1941 წელი. ფოტო: ციფრული ფოტომატიანე





ნიკოლოზ შენგელაია, 1943 წელს, ფილმის "ის კიდევ დაბრუნდება" გადაღებებისას, ნატო ვაჩნაძის მშობლიურ კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან გულის შეტევით გარდაიცვალა. ნატომ მძიმედ გადაიტანა მეუღლის დაკარგვა, ერთი პერიოდი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საერთოდ არ ჩნდებოდა და კინოზეც უარი თქვა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კი ფილმში "აკაკის აკვანი" პოეტის გამზრდელი მანო ითამაშა, რომელიც მის საუკეთესო როლად ითვლება ხმოვან კინოში. ნატო ვაჩნაძე 1953 წელს, საკუთარ დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, მეუღლის, ნიკოლოზ შენგელაიას სოფელ ობუჯთან.

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე

რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის წყვილი ერთ-ერთი გამორჩეული ტანდემი გახლდათ ქართული კინოს, კულტურისა და ლიტერატურისთვის. მედეა ჯაფარიძე - ქართული სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლო. რეზო თაბუკაშვილი ქართული კულტურის დიდი მოამაგე, რეჟისორი, მკვლევარი, დრამატურგი და სცენარისტი გახლდათ.



 

 

რეზო თაბუკაშვილმა ბრწყინვალედ თარგმნა შექსპირის სონეტები ქართულ ენაზე და ისინი მეუღლეს - მედეა ჯაფარიძეს მიუძღვნა, პრეზენტაციაზე, რეზოს მედეასთვის უთქვამს: "თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს საქართველოში თავი არ მოეჭრა, შენი დამსახურებაა, რადგან ეს თარგმანები შენ გეძღვნება და შენი შთაგონებითაა დაწერილიო..."

როგორც ჰყვებიან, მათი ქორწილი 4 საათზე ყოფილა დანიშნული, თუმცა, რეზოს აუჩემებია, არა, რაც შეიძლება ადრე უნდა მოვაწეროთ ხელი, ქალია მაინც და არ გადაიფიქროსო, 12 საათზე წყვილი, მეჯვარეებთან ერთად, ხელის მოსაწერად მისულა, რიტუალი მალე დამთავრებულა და გარეთ გამოსულებს შეუმჩნევიათ, რომ ჯერ კიდევ ადრეა 4 საათამდე და ქალბატონებს საპარიკმახეროში შეუვლიათ. იქიდან გამოსულებს გადაუწყვიტავთ კინოს საყურებლად შესულიყვნენ, კინოთეატრში თურმე უმძიმეს ფილმს აჩვენებდნენ ომის თემატიკაზე, ფილმის დასრულების შემდეგ წყვილი თურმე რუსთაველზე მოდის, არჩევს ფილმს და სულ ღაპაღუპით ჩამოსდით ცრემლები, თბილისში იმ დღეს ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და საწყალი ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო...




ბევრმა არც იცის,  რომ ყველასათვის საყვარელი ფილმის "მზე შემოდგომისა" სცენარის ავტორი რეზო თაბუკაშვილია, სადაც მედეა ჯაფარიძე მთავარ როლს ასრულებს. ფილმში საოცრად გულში ჩამწვდომი სიტყვები რეზო თაბუკაშვილმა ათქმევინა მთავარ გმირს - ვახტანგს, რომელიც მისი პროტოტიპი იყო. შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ამას თავად რეზო თაბუკაშვილი ეუბნება მედეა ჯაფარიძეს: "...შენ გინდა, მთელი ცხოვრება ჯვარისწერის პირველ დღეს გავდეს, ასე არაა, ძვირფასო. თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე ოცი წლის წინათ, მაგრამ ცხოვრება ისე გღლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი... "


ამ ფოტოზე კი უდიდესი სევდით გარემოცული მედეა ჯაფარიძე, მეუღლის, რეზო თაბუკაშვილის დაკრძალვაზე





ლია ელიავა და ოთარ კობერიძე

როდესაც ეს ორი ადამიანი ქუჩაში ერთად მოდიოდა, იფიქრებდი, რომ ისინი კინო კადრიდან გადმოვიდნენ და ფილმის ჯადოსნური სამყარო რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა.
სწორედ კინო გადაღებისას დაიწყო მათი ლეგენდარული სიყვარულის ისტორია, "ბაში აჩუკის" გადაღებები მათთვის იღბლიანი გამოდგა.

"ბაში-აჩუკის'' ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ლიას კარგა ხნით დაუგვიანია. ოთარს ჯერ არ ჰყავდა პარტნიორი ნანახი და რეჟისორისთვის გაბრაზებულს უკითხავს, – კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ისო. ლეო ესაკიას უპასუხია: აი, მოვა და ნახავ, ვინც არისო. როგორც მოგვიანებით ოთარ კობერიძე იხსენებდა, ლიამ გამოჩენისთანავე მიიპყო მისი ყურადღება, მეტიც, ეს ერთი ნახვით სიყვარულს ჰყავდა. ოთარის მიმართ არც ლია დარჩა გულგრილი. შემდეგ იყო "მამლუქი" და კიდევ რამდენიმე ფილმი, სადაც ერთად გამოჩნდნენ, თუმცა, როგორც წლების შემდეგ ოთარ კობერიძე იხსენებდა, რეჟისორებს მათი დუეტის მოფიქრება უჭირდათ და ხშირად ცალკ-ცალკე ეძახდნენ როლზე.


კადრი ფილმიდან "ბაში აჩუკი"





ოთარ კობერიძე ის მსახიობია, რომელიც საბჭოთა მასშტაბებს არა ერთხელ გასცდა და სხვადასხვა ქვეყნის კინოსტუდიებში არა ერთ როლზე იმუშავა, გადაღებებზე ის კლაუდია კარდინალესთან და ორნელა მუტისთან ერთადაც მდგარა, თუმცა, მისი აღფრთოვანება საკმაოდ რთული იყო მაშინ, როცა მას სახლში ჰყავდა დიდი კინოვარსკვლავი, უმშვენიერესი, როგორც უწოდებდნენ - გიშრისთვალება ლია ელიავა.



ლიას გარდაცვალების შემდეგ, უკვე ასაკში, 90 წელს მიტანებული ოთარ კობერიძე ხშირად იმეორებდა ფრაზას: "ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, გული - ლიას, ღირსება - მე."

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×