logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე: ჩვენ ვირჩევთ არა გრიგოლ ვაშაძეს, არამედ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც რევანში უნდა!
- +

3 ნოემბერი. 2018. 03:35

 

 

„ჩვენ ვირჩევთ არა გრიგოლ ვაშაძეს, არამედ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც რევანში უნდა და მას ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„მინდა, მოსახლეობას მივმართო, კარგად დაფიქრდნენ! „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ყველა იმ ადამიანის შეწყალებას აპირებს, რომლებიც მე და სხვა ადამიანებს გვაწამებდნენ. მათ უნდათ, ისევ იმ ცხრა წელიწადში დავბრუნდეთ, მაგრამ მჯერა, რომ ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაბრუნების საშუალებას არ მისცემს. ყველამ თავის თვალით ნახა კადრები, როგორ აგინებდა საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილი და მისი ბიძა, რომლებიც ლიფტში იყვნენ. ამ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილმა ერთი პროცენტით, მაგრამ მაინც მოიგო და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც მოიგებს“, – განაცხადა აბდალაძემ.

 

როგორც აბდალაძემ აღნიშნა, მას რუსეთის ჯაშუშობაში ბრალს სდებდა ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ ზეწოლის მიუხედავადაც კი რუსეთის მოქალაქეობის დათმობა არ სურდა.

 

„გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტობაზე რომ არ ეყარა კენჭი, ხმას არ ამოვიღებდი. მის სინდისზე იყოს ის ჯოჯოხეთი, რომელიც ციხეში გავიარე, იმის გამო, რომ მას კაცობა არ ეყო, ვანო მერაბიშვილისთვის ეთქვა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან არაფერი დაკარგულა და ეს ბიჭები უდანაშაულოები არიანო. კაცობა ახლაც არ ჰყოფნის, რომ ჩემ წინაშე ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ღმერთი მაღალია და ყველას თავის საკადრისს მისცემს“, – განაცხადა აბდალაძემ.

 

ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოსთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ დღევანდელ სასამართლოში ძალიან დიდი პრობლემაა სარჩელის განხილვის ვადები. მისი თქმით, მოქალაქეები ელოდნენ, რომ განაჩენები სწრაფად დადგებოდა.

 

„შედეგი არის ის, რაც დღეს მოხდა. ამიტომ, „ქართული ოცნება“ უნდა დაფიქრდეს“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner