logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ჟვანიას საქმეზე სიმართლე მანამდე არ გაირკვევა, ვიდრე ექსჰუმაცია არ ჩატარდება!
- +

24 თებერვალი. 2016. 17:27


 

ვის ექსჰუმაციას მიიჩნევს საჭიროდ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი?


ხელისუფლების შეცვლა ბევრ სხვა ქართულ ოცნებასთან ერთად მნიშვნელოვან იმედთანაც იყო დაკავშირებული - არაერთი გახმაურებული მკვლელობის საქმე მართლაც გადაიხედა, მაგრამ კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობდა, დღესაც იმავე სიმწვავით დაისმის. რომელ საქმეს აქვს გახსნის პერსპექტივა, რა უნდა გაკეთდეს, რომ საზოგადოებისათვის ბურუსით მოცულ მკვლელობებზე სამართალი დადგეს? - ვესაუბრებით დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს:


- ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე ექსპერტიზის ხელახალი ჩატარებით სიმართლე ვეღარ დადგინდება, თუ რაიმე სხვა გარემოებები არ გამოვლინდა. თუმცა, არის პოლიტიკური მკვლელობები, სადაც ხელახალმა ექსპერტიზამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცეს და საბოლოოდ გასცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს.


- თქვენ, როგორც ექსპერტი, ვის ექსჰუმაციას მიიჩნევთ საჭიროდ?

 

- შედეგიანი იქნება გია კრიალაშვილის გვამის ექსჰუმაცია. ძალიან საინტერესო საქმეა. ბევრი ფაქტობრივი მასალა არსებობს, მათ შორის, შემთხვევის ადგილიც. ექსჰუმაცია დაადგენს დაზიანებების რაოდენობას, სროლის მანძილს, ტრაექტორიას, მიმართულებას, ვინ რა პოზაში იყო. შესაძლოა, სხეულში ტყვიის გულაც იყოს დარჩენილი.


- შესაძლებელია, ამდენი წლის შემდეგ ტყვია კვლავ სხეულში იყოს და რაიმე სახის ინფორმაცია მოგვაწოდოს?

 

- შესაძლოა, ტყვია გაკვეთის დროს ამოიღეს, მაგრამ ნატყვიარს დიდი ინფორმაციის მოცემა შეუძლია.


- რამდენ ხანს ინახავს გვამი ინფორმაციას, ანუ როდის წაიშლება თუნდაც ნატყვიარები?

 

- ძვალზე არსებული დაზიანებები ათასწლეულების შემდეგაც რჩება. მაგალითად, შესაძლებელია დადგენა, ავტოავარიის დროს სად იყო ძალის ზემოქმედება, რა პოზაში იმყოფებოდა ადამიანი შეჯახების მომენტში და ა.შ. ყოფილა შემთხვევა, როცა ექსჰუმაციის ჩატარების წინ მითქვამს, შედეგი ნაკლები იქნება-მეთქი, მაგრამ საოცარი დეტალები აღმოგვიჩენია. თუ ადამიანი დაავადებით არის გარდაცვლილი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ ექსჰუმაციის ჩატარება არაფერს მოგვცემს, ტრავმის შემთხვევაში კი ამას ყოველთვის აქვს აზრი.


- რადგანაც ავტოავარიაზე ჩამოვარდა სიტყვა, მინდა, მერაბ კოსტავა გავიხსენო. დღემდე არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, ის ავტოსაგზაო შემთხვევა ჩვენი ეროვნული გმირის თავიდან მოსაშორებლად იყო მოწყობილი. შესაძლებელია ექსჰუმაციის ჩატარებით უფრო მეტი დეტალის გამოაშკარავება?

 

- ამის გარკვევა რთული იქნება, რადგან უშუალოდ მასზე შეჯახება არ მომხდარა, მერაბ კოსტავა მანქანის სალონში იჯდა. ასეთ შემთხვევებში რბილი ქსოვილები უფრო ინფორმაციულია, ამიტომ დღეს, რბილი ქსოვილების არარსებობის გამო, რა თქმა უნდა, რთული იქნება შედეგის მიღება, განსხვავებით იმ სიტუაციისგან, როცა მანქანა ფეხით მოსიარულეს ეჯახება. დღემდე ამბობენ, ნინო ბურჯანაძის ესკორტი ფეხით მოსიარულე ადამიანს დაეჯახაო. აი, ამ შემთხვევაში საინტერესო და შედეგიანი იქნება გვამის ექსჰუმაცია. შესაძლებელი იქნება გარკვევა - სად მოხდა შეჯახება, ნამდვილად იყო თუ არა თრევის კვალი და ა.შ.


- ანუ შესაძლებელია, ექსჰუმაცია ნახევარი საუკთუნის წინათ გარდაცვლილ ადამიანსაც ჩაუტარდეს?

 

- რა თქმა უნდა, ხორცი იხრწნება, ძვალი - არა! ამის საუკეთესო მაგალითია თუნდაც მზიასა და ზეზვას თავის ქალები.


- მიუხედავად იმისა, რომ ექსჰუმაცია ჩაუტარდა, დღემდე ბურუსით არის მოცული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურიას გარდაცვალება - ის მოკლეს თუ თავი მოიკლა?! არსებობს რაიმე მექანიზმი, რომ ამ შეკითხვას საბოლოოდ გაეცეს პასუხი?

 

- ზვიად გამსახურდიას სად ჰქონდა მიყენებული დაზიანებები, ამაზე ბევრჯერ თქმულა და ყველამ იცის, მე განმეორებითი ექსჰუმაციის დროს აღმოჩენილი მოტეხილობები უფრო მაკვირვებს. როდის იქნა ეს დაზიანებები მიყენებული - გადასვენება-გადმოსვენების დროს თუ მანამდე? რა ტიპის მოტეხილობებია? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებია. ზვიად გამსახურდიას გვამი არ იყო იმდენი ხნის, რომ ძვალი ადვილად დაფშვნილიყო, ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ძვალი საუკუნეებისაა. დროთა განმავლობაში ძვლიდან ორგანული ნივთიერებები ირეცხება და მყიფე ხდება. ჩემთვის, როგორც ექსპერტისთვის, საინტერესო იქნებოდა ზვიად გამსახურდიას ექსპერტიზის დოკუმენტების გაცნობაც. შესაძლოა, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდეს.


აუცილებელია ჩატარდეს ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია. უკვე კარგა ხანია, ვაცხადებ, რომ ჟვანიას საქმეზე სიმართლე მანამდე არ გაირკვევა, ვიდრე ექსჰუმაცია არ ჩატარდება!


- მოდით,კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, რას მოგვცემს ამ შემთხვევაში ექსჰუმაცია?

 

- თხემის მიდამოებში არსებული დაზიანებები, რაც ტელევიზიით ვიხილეთ, დიდი ალბათობით, სისხლჩაქცევაა, თუმცა, არ არის გამორიცხული, პათოლოგიითაც იყოს გამოწვეული, რაც ზოგჯერ სისხლის ჩაქცევის მაგვარ სურათს ქმნის. ამიტომ მე, როგორც ექსპერტი, ვერცერთი ვერსიისკენ ვერ გადავიხრები, სანამ მიკროსკოპული კვლევა არ ჩატარდება. ექსჰუმაცია საბოლოოდ დაუსვამს წერტილს - ზურაბ ჟვანიას დაზიანება ტრამვის შედეგად აქვს მიყენებული თუ არა. ოღონდ, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, დაზიანებული ძვლის უბნის დამუშავება არ უნდა მოხდეს ჩვენში აპრობირებული მეთოდით, სხვა მეთოდიკით უნდა დამუშავდეს.


ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტიზის ეროვნულ ბიუროში მშვენიერი ჰისტოლოგიური ლაბორატორიაა, არაჩვეულებრივი აპარატურა აქვთ, მაგრამ არსებობს მეთოდიკები, რომლებიც მე-19, მე-20 საუკუნეებიდან მოდის. ჩემი კეთილი რჩევა იქნება ოჯახისადმი, ექსპერტიზა რუსეთში ჩაუტარონ, სადაც ზოგიერთი მეცნიერი უშუალოდ ამ მიმართულებით მუშაობს - მეცნიერულ დონეზე იკვლევენ ძვალს. სერიოზული კორიფეები არიან, მათ პროფესიონალიზმს თვალდახუჭული ვენდობი. შეიძლება საკვლევი მასალის - პრეპარატის გაყოფა და ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში გადაგზავნა, მათ შორის - დასავლეთშიც. მთავარა, ექსჰუმაცია ჩაუტარონ!


- რადგან საქმე ჯერ ისევ ძიების პროცესშია, აქვს ოჯახს კანონიერი უფლება, დამოუკიდებლად მოახდინოს გვამის ექსჰუმაცია?

 

- სასამართლოს უნდა მიმართონ. მათ ამის უფლება აქვთ. ექსჰუმაცია გამოძიების პროცესს ხელს არ შეუშლის. სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, რატომ არ ცდილობენ ამის დროულად გაკეთებას. კიდევ ერთხელ ვამბობ - ექსჰუმაციის გარეშე ზურაბ ჟვანიას საქმეზე მუდმივად იქნება კითხვის ნიშანი და სიმართლე ვერ დადგინდება!


- კიდევ ვის ექსჰუმაციას თვლით საჭიროდ?

 

- გამოითქვა ეჭვი, რომ თამაზ ნინუა და გოჩა მაღალდაძე ერთი და იმავე იარაღით მოკლეს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ექსჰუმაციის ჩატარებამ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოააშკარაოს. დიდია ალბათობა, რომ დადგინდეს, მართლაც ერთი და იმავე იარაღით არიან თუ არა მოკლული. ძალიან საინტერესო იქნება თამაზ ნინუას ძვლის შესწავლა, რომელიც ბევრად უფრო ინფორმაციულია, ვიდრე კანი.


- ძვლის შესწავლით შეგვიძლია დავადგინოთ, რომელი იარაღიდან არის ნასროლი ტყვია?

 

- შეიძლება დადგინდეს, როგორი ტყვიაა ნასროლი - მცირე, საშუალო თუ მსხვილი კალიბრის. ასევე შესაძლებელია, იარაღის რაღაც თავისებურება დარჩეს ძვალზე. თუ ახლო მანძილიდან მიბჯენით არის ნასროლი, არ არის გამორიცხული, თოფის წამლის დაუწვავი ნაწილაკებიც აღმოჩნდეს ძვალში. შესაძლოა, ამგვარი ნაწილაკები წლების განმავლობაში შენარჩუნდეს. თამაზ ნინუას შემთხვევაში ეჭვი მეპარება, ძვლის პრეპარატი ლაბორატორიულად იყოს შესწავლილი. ერთია, როცა სასექციო მაგიდასთან ხდება გვამის შესწავლა და მეორე, როდესაც პრეპარატს ამოიღებ და მიკროსკოპის ქვეშ სწავლობ.


- რისი თქმა შეგიძლიათ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით? შესაძლებელია, დადგინდეს, პატარკაციშვილი მართლაც გულის შეტევით გარდაიცვალა თუ მოკლეს?

 

- ძალიან რთული იქნება ამის გარკვევა. ბადრი პატარკაციშვილის გვამს ინგლისში ჩაუტარდა ექსპერტიზა, სადაც ქიმიური კვლევის ძალიან მაღალი დონეა. ამის შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ საქმის კვლევას, ექსპერტიზის თვალსაზრისით, პერსპექტივა არ აქვს. სხვათაშორის, ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვამდე მისი გარემოცვიდან დამიკავშირდნენ, რაღაც შეკითხვები ჰქონდათ, მაგრამ უცებ გაქრნენ - ეს თემა დაიხურაო.


არც გურამ შარაძის ექსჰუმაცია შესძენს საქმეს რაიმე ახალს. მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები დაფიქსირებულია და ყველასთვის ყველაფერი ცნობილია. ეს საქმე გამოძიებაშია გაჭედილი! გურამ შარაძის საქმის გახსნას პოლიტიკური ნება სჭირდება და არა - ექსპერტიზა.


- რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილის საქმეს...

 

- ეროსი კიწმარიშვილის საქმეში ჩემთვის კითხვის ნიშნები არ არსებობს, ყველაფერი ნათელია. იქ მეორე პირის კვალი არ არის.


- ანუ თავი მოიკლა?

 

- თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციას ვერ მივცემ, მაგრამ როგორც ექსპერტი, დარწმუნებული ვარ, რომ იქ სხვა პირი არ ყოფილა. ეროსი კიწმარიშვილის ძმას ზურაბსაც ვუთხარი, ვინმე თუ რაიმე უცნაურ პოზიციაში იყო, მაგალითად, თოკით ჩამოვიდა, მკვლელობა ჩაიდინა და გაუჩინარდა, არ ვიცი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს წარმოუდგენელია-მეთქი. პროკურატურა რატომ არ ამბობს ამას ხმამაღლა, სიმართლე გითხრათ, მიკვირს.


ძალიან საინტერესოა ლაფანყურის საქმე. ექვსივე განცხადება ხელთ მაქვს, სადაც გარდაცვლილთა ოჯახები ექსპერტიზაში ჩემს ჩართვას ითხოვდნენ. ექსჰუმაცია რომ ტარდებოდა, მაშინაც კი მირეკავდა ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა და იქ ჩასვლას მთხოვდა, მაგრამ ეს დიდ სკანდალს გამოიწვევდა და თავი შევიკავე. პროკურატურამ უპირატესობა მეორე ექსპერტს - რუსუდან ბერიაშვილს მიანიჭა. მაშინ კბილაშვილის პროკურატურას შეკითხვითაც მივმართე - ხომ არ იყო ეს ჩემი პროფესიული დისკრედიტაცია? სხვათაშორის, საინტერესო პასუხი მივიღე - პროფესიული თვალსაზრისით აბსოლუტურ პატივისცემას გიდასტურებთ, მაგრამ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამ სიტუაციას გაიგებსო. მოკლედ, ჩვენ ვიცით ის, რაც შენ არ იცი და არ არის საჭირო შენი ჩართვაო - მე ასე გავიგე. ექსჰუმაცია უკვე ჩატარებულია და დღეს ამ თემაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს.


- თქვენ უშუალოდ იყავით ჩართული გიორგი სანაიას გვამის ექსპერტიზაში. ამ საქმეზე განაჩენი დადგა, მაგრამ ოჯახსა და საზოგადოების დიდ  ნაწილს ოფიციალური ვერსიის დღემდე არ სჯერა...

 

- გიორგი სანაიას შემთხვევაში ყველაფერი წესისამებრ გაკეთდა, შეკითხვები რომ არ დარჩენილიყო, გიორგის ზოგიერთი მეგობრის ისტერიკის მიუხედავად, ბიოლოგიური ექსპერტიზაც ჩავატარეთ - იყო თუ არა სქესობრივი კავშირის კვალი, რათა თბილისში აგორებული ჭორი შეგვემოწმებინა და კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მაქვს ერთი შეკითხვა. გიორგი სანაიას სხეულიდან საკუთარი ხელით ამოვიღე კანის პრეპარატი, სადაც ახალი თერმული ზემოქმედების კვალი - დამწვრობა იყო დაფიქსირებული. ეს პრეპარატი შევინახე სითხეში, რომელიც მინიმუმ 20 წელი არ გაფუჭდება და გადავეცი FBI-ს. სამწუხაროდ, გამოძიება არ დაინტერესებულა ჩემს დასკვნაში ჩაწერილი ამ მნიშვნელოვანი დეტალით - ვინ მიაყენა გიორგი სანაიას ეს დამწვრობა?!


- ნუგზარ საჯაიას მოულოდნელ თვითმკვლელობაზე რას იტყვით?

 

- იუსტიციის იმჟამინდელმა მინისტრმა რომან გილიგაშვილმა მაშინ დამირეკა და მთხოვა ნუგზარ საჯაიას ექსპერტიზაზე დასწრება, როდესაც თავი უკვე გაკვეთილი და გამოკვლეული იყო. იქ მისულს თავის ქალის ძვლის რაღაც ნაწილი გადატეხილი დამხვდა. როცა მიზეზი ვიკითხე, მისპასუხეს, - ქალა სარქვლის მოხერხვის დროს შემთხვევით დაზიანდაო. ასეთი რამ ხდება ხოლმე, მაგრამ კითხვის ნიშნები მრჩება, ვინაიდან ეს ფაქტი საკუთარი თვალით არ მინახავს!


- ქალბატონო მაია, თამაზ ნინუას მკვლელობა ახსენეთ. ამ საქმეში ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც იყო - შემთხვევის ადგილზე მკვლელს წიწაკა ჰქონდა მიმობნეული...

 

- წიწაკის მოყრა შემთხვევის ადგილზე მკვლელის კრეატიულობაზე მეტყველებს.


- ასეთი რამ ხშირია თქვენს პრაქტიკაში?

 

- მკვლელობებს აქვთ თავისი ხელწერა. არის უხეში მკვლელი, კრეატიული მკვლელი და ა.შ. ზოგიერთი მკვლელობა იმდენად დახვეწილია, რომ ხელწერა ჩანს. მაგალიად, გახმაურებულ ნათია ჯიჯავაძის საქმეში, სადაც ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლეს, გამაოგნა დანაწევრების მეთოდმა. ხელი ამოსახსრული იყო ბეჭის ძვალთან ერთად. თავის ქალას კი ქვედა ყბა ჰქონდა მოცილებული. ძალიან ბევრი ვიფიქრე - რატომ იყო მხრის ძვალი ბეჭის ძვალთან ერთად, რადგან არცერთი ქირურგი, პათანატომი და სანიტარი სხეულს ასე არ ჭრის. აღმოვაჩინე, რომ მსხვერპლი იმ მეთოდით იყო დანაწევრებული, როგორც მოკლულ საქონელს ანაწევრებენ. ეს იყო ის ჩვევები, რაც შეიძლება მონადირეს ან ყასაბს ჰქონდეს. სხვათაშორის, იმ ოჯახში, ვისზეც მაშინ ეჭვი გამოითქვა, ყასაბი ცხოვრობდა.


წიწაკაც ასეთივე კრეატიულობაა. ძაღლს მისი ჩასუნთქვის შემდეგ ყნოსვა უქვეითდება, ცხვირი ეწვება და  აღარ უჩნდება სურვილი, კვალის ძებნა გააგრძელოს. ეს ჩემთვისაც ახალი იყო.


- არსებობს რაიმე სხვა ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის ჩატარებას ხელს უშლის?

 

- რომც ვიცოდე, ამას ხმამაღლა არ ვიტყვი...


ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×