logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ჩემი ადგილი არ არის იქ, სადაც თინა ხიდაშელი „ქურდად ზის“ და მთავრობის წევრებს მაგიდაზე მუშტებს უბრახუნებს!
- +

24 თებერვალი. 2016. 17:53

 

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე, რომელმაც თავის მიერ დაფუძნებულ მოძრაობა „ეროვნულებთან" ერთად აქტიური კამპანია წამოიწყო საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ, რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გადადგა. „მე გადავდექი!!! უფრო სწორად, ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავმდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა!!! ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!!!" - დაწერა სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში. იგი დღეს ჩვენს კითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი გადადგომა რესპუბლიკელების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დაშანტაჟების შედეგია.


- კონკრეტულად ვინ გაიძულათ, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყავით?

 

- რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ, ბატონი ვახტანგ ხმალაძის პირით, უარი გვითხრა, ხელი მოეწერა საკონსტიტუციო შესწორების პროექტზე, რომელიც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების გამორიცხვას ითვალისწინებს. ამის გამო რესპუბლიკელები გავაკრიტიკე და სოციალურ ქსელში დავწერე, რომ ისინი სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.


ამ განცხადების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ჩემი გადაყენება კატეგორიულად მოსთხოვა!


ინფორმაცია მომაწოდეს, რომ მთავრობის სხდომაზე საათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა ჩემი გადაყენება-არგადაყენების თაობაზე.


- დავაზუსტოთ - ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს თქვენი გადაყენება მთელი მინისტრთა კაბინეტის თანდასწრებით მოსთხოვა?

 

- როგორც ჩემთვის ცნობილია, ხიდაშელმა ეს საკითხი ჯერ პირადად ბატონ კვირიკაშვილთან დააყენა და პრემიერ-მინისტრს შანტაჟის ენით დალაპარაკებაც კი გაუბედა!


ფაქტობრივად, თინა ხიდაშელმა აიძულა პრემიერ-მინისტრი, რომ ჩემი გადაყენების გადაწყვეტილება მიეღო!


- ხიდაშელმა კვირიკაშვილი როგორ დააშანტაჟა?

 

- ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს საკითხი ასე დაუყენა - თუ ბრეგაძე თანამდებობაზე დარჩება, რესპუბლიკური პარტია კოალიციას დატოვებს და მთავრობა საერთაშორისო მხარდაჭერას დაკარგავსო.


- თავდაცვის მინისტრისა და პრემიერის ამ საუბარს ვინმე შეესწრო?

 

- ეს ინფორმაცია სწორედ იმ ადამიანებმა მომაწოდეს, რომლებიც იქ იყვნენ და ამ საუბარს ისმენდნენ. უბრალოდ, მათ ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ.


მოკლედ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ პრემიერ-მინისტრის სახელით კატეგორიული ტონით მომთხოვა, რომ ან მე თვითონ დამეტოვებინა თანამდებობა, ან გადამაყენებდნენ.


რა თქმა უნდა, პროტესტის ნიშნად დავწერე განცხადება, რომელშიც აღვნიშნე, რომ ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით რესპუბლიკელების პოზიცია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და თანამდებობა დავტოვე!


ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემი თანამდებობიდან გადაყენების პირველი მცდელობა არ ყოფილა. დაახლოებით 6 თვის წინათ ჰომოსექსუალთა ლიდერმა ირაკლი ვაჭარაძემ და ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, კაპიტან ეკა გიგაურის თამადობით, ჩემი გადაყენება მოითხოვეს, რასაც მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკელებმა საოცარი ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი, მაგრამ მაშინ რემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო და მან, როგორც ვაჟკაც და პრინციპულ ადამიანს შეჰფერის, რესპუბლიკელებს საკადრისი პასუხი გასცა და ამ თემაზე ლაპარაკი აუკრძალა.


დღეს, სამწუხაროდ, სხვა რეალობაა და ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა თინა ხიდაშელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მთავრობის სრული შემადგენლობა კი რესპუბლიკელების შანტაჟს დანებდა!


- რა იგულისხმეთ, როცა განაცხადეთ, რომ საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა მოგთხოვეს?

 

- ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი და მიუღებელი სწორედ ის იყო, რომ ულტიმატუმი წამიყენეს - თუკი უარს ვიტყოდი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ შემეძლო, თანამდებობაზე დავრჩენილიყავი.


რა თქმა უნდა, ხიდაშელის, რესპუბლიკელებისა და მთავრობის ზოგიერთი უპრინციპო წევრის ულტიმატუმს არ დავემორჩილე და კატეგორიულად განვაცხადე, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს არ ვიტყვი.


- თქვენ ამბობთ, ხიდაშელმა კვირიკაშვილი დააშანტაჟა და ჩემი გადაყენება აიძულაო. კი მაგრამ, მთავრობის რიგითმა წევრმა, ვინც უნდა იყოს, პრემიერ-მინისტრს რამის გაკეთება როგორ უნდა აიძულოს?

 

- რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს ვერავინ უნდა უბედავდეს, რომ თითი დაუქნიოს ან მაგიდაზე მუშტი დაურტყას, მაგრამ რესპუბლიკური პარტია და მისი სახე - საქართველოს სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, იმდენად არის გათავხედებული, თავს უფლებას აძლევს, რომ მთელ მინისტრთა კაბინეტს ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს!


პირდაპირ გეტყვით, რომ ის კრიტიკა, რომელიც მე რესპუბლიკელების მიმართ გამოვთქვი, ნაზი იავნანაა იმასთან შედარებით,  რასაც მათზე ჩვენი მინისტრები თუ მათი მოადგილეები ლაპარაკობენ.


დიახ, რესპუბლიკელებს პირდაპირ მოღალატეებად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებაში კოროზიას აჩენენ.


- ამას, ალბათ, პრივატულ საუბრებში ამბობენ, თორემ მთავრობის არცერთ წევრს რესპუბლიკელების მისამართით ასეთი განცხადება საჯაროდ არასოდეს გაუკეთებია.

 

- დიახ, პირად საუბრებში ამბობენ და რესპუბლიკელებს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ!


სხვათაშორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმ ფურცლებსაც დააფრიალებენ, რომლებზეც ძმები ბერძენიშვილების აღიარებითი ჩვენება და „კაგებეს" გენერალ ინაურის სახელზე დაწერილი განცხადებაა დაბეჭდილი, საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა რომ განაცხადეს.


როცა კოალიციისა და მთავრობის შიგნით რესპუბლიკელების მიმართ ასეთი ნეგატიური განწყობა სუფევს, როცა მათზე ზურგს უკან საშინელებებს ლაპარაკობენ, მაგრამ მთავრობის სხდომაზე ხიდაშელის წინაშე თავჩაღუნულები დგანან და მას მონებივით შეჰყურებენ, ჩემთვის ეს ყველაფერი ამაზრზენია.


დიახ, ჩემი ადგილი არ არის იქ, სადაც თინა ხიდაშელი „ქურდად ზის" და მთავრობის წევრებს მაგიდაზე მუშტებს უბრახუნებს!


- რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან ჩვენ არ გაგვითავისუფლებია, მან გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერა. თუ მაგარი ბიჭია, რატომ გადადგა, რატომ არ თქვა, მოდით და მომხსენითო? ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

 

- გადადგომის შესახებ განცხადება იმიტომ დავწერე, რომ არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა ეგზალტირებული ხიდაშელის მიერ დაშანტაჟებული გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც ჩემს მეგობრად ვთვლი!


დავით ბერძენიშვილს მინდა ვუთხრა - მე, თქვენგან განსხვავებით, საკუთარ პრინციპებზე უარი არასოდეს მითქვამს! კარგად მახსოვს, 2004 წელს თქვენ და თქვენი ძმა ლევან ბერძენიშვილი მუხლებზე დაჩოქილი როგორ მიხვედით ზურაბ ჟვანიასთან, რადგან მან განაცხადა, ბერძენიშვილები ბოდიშს თუ არ მომიხდიან, საპარლამენტო სიაში არ ჩავსვამო!


ისიც კარგად მახსოვს, რესპუბლიკელები როგორ ედგნენ გვერდით „მხედრიონს", ჯაბა იოსელიანს, თენგიზ კიტოვანს! ძმები ბერძენიშვილები იმ სახელმწიფო საბჭოს წევრები იყვნენ, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებს ქუჩაში ხვრეტდა და რომელმაც არაერთხელ ააოხრა სამეგრელო!


სამეგრელოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს, რომ დარჩელის გადაწვას, წალენჯიხის, ზუგდიდის, სენაკის აოხრებას რესპუბლიკელები ღიად უჭერდნენ მხარს!


პირდაპირ მოვუწოდებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ - თუ თქვენ რესპუბლიკელებს მოიცილებთ, კოალიცია „ქართული ოცნების" საქმე ბევრად უკეთესად წავა!


- კოალიციიდან რესპუბლიკელების მოცილებით „ქართული ოცნება" აშშ-სა და დასავლეთს არ გააღიზიანებს?

 

- აშშ-სა და დასავლეთს საქმე აქვს ქართულ სახელმწიფოსთან და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან.


თავის დროზე სააკაშვილიც გაიძახოდა - მე თუ ხელისუფლებაში არ ვიქნები, დასავლეთი საქართველოზე უარს იტვისო, მაგრამ მშვენივრად ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის!


ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, პროვინციულად ნუ იაზროვნებენ და რესპუბლიკელების შანტაჟზე ნუ წამოეგებიან!


და კიდევ: 2012 წელს,როცა ქართველმა ერმა სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი დაამარცხა, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა, რომ საქართველოში არჩევნები აღარასოდეს გაყალბებულიყო.


ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და შემდგომში ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მივაღწიეთ იმას, რომ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყოველგვარი გაყალბების გარეშე ჩატარდა. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ეს ორივე არჩევნები აბსოლუტურად დემოკრატიული და გამჭვირვალე იყო.


თუმცა, 2015 წელს ამ ყველაფერს ლაფი გადაასხა რესპუბლიკური პარტიისა და თინა ხიდაშელის ამაზრზენმა ქმედებებმა საგარეჯოს შუალედური არჩევნების დროს, როცა მათ ირმა ინაშვილს, ფაქტობრივად, გამარჯვება წაართვეს და მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ სააკაშვილის მსგავსი ბინძური მეთოდებით იბრძვიან!


სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და გაყალბებაში ეჭვმიტანილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული.


დიახ, მოძრაობა „ეროვნულები" პრემიერ-მინისტრისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ სამარცხვინო, გამყალბებელი თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი თანამდებობიდან გადააყენოს, რადგან იგი ჩირქს სცხებს არამარტო ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქართულ სახელმწიფოებრიობას!


- ზემოთ თქვით, რომ თქვენი გადაყენება-არგადაყენების საკითხს მთავრობის სხდომაზე საათნახევრის განმავლობაში განიხილავდნენ. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელმა მინისტრმა რა პოზიცია გამოხატა?

 

- ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გადაყენების მოთხოვნაში ხიდაშელს აქტიურად დაუჭირა მხარი განათლების სამარცხვინო მინისტრმა თამარ სანიკიძემ!


ვიცი ისიც, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემაც ხიდაშელს ვერაფრის თქმა გაუბედა, თუმცა, მინისტრები, რომლებიც ხედავდნენ, რომ ხიდაშელს თვით პრემიერ-მინისტრიც კი ვერ უბრუნებდა სიტყვას, ხმას როგორ ამოიღებდნენ?!


და კიდევ - ამ მთავრობის სხდომას არ ესწრებოდა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.


- როგორ ფიქრობთ, კალაძე რომ ყოფილიყო, რას იზამდა?

 

- ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ კახა კალაძე ვაჟკაცი კაცია!


ზუსტად ვიცი ერთი რამეც - დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რომ ყოფილიყო, მას თინა ხიდაშელი დაშანტაჟებას და ულტიმატუმის ენით ლაპარაკს ნამდვილად ვერ  გაუბედავდა!


- მაშ, კვირიკაშვილს რატომ უბედავს ამდენს?

 

- გიორგი კვირკაშვილი ძალიან პატიოსანი ადამიანია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან შედარებით რბილი ხასიათი აქვს!


და მაინც, დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი კვირიკაშვილი, საბოლოო ჯამში, ხიდაშელისა და რესპუბლიკელების მძევალი არ გახდება და, ადრე თუ გვიან, საკადრის პასუხს გასცემს მათ!


- ბოლოს და ბოლოს, საქართველოს პარლამენტში თქვენ მიერ შეტანილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის ცნების დაკონკრეტებას ითვალისწინებს და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ არის მიმართული, რამდენმა დეპუტატმა მოაწერა ხელი?

 

- ჩვენ მიერ პარლამენტში შეტანილ საკონსტიტუციო შესწორების პროექტს, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას ითვალისწინებს, მხოლოდ შვიდმა დეპუტატმა მოაწერა ხელი!


„ქართული ოცნების" ფრაქციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზუსტად იგივე საკონსტიტუციო შესწორებას თვითონ ამზადებენ და  ერთხმად დაუჭერენ მხარს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების აკრძალვას.


აი, რესპუბლიკელთა ფრაქციამ კი აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ვახტანგ ხმალაძემ ჩვენს წარმომადგენელს კახა მიგინეიშვილს პირდაპირ უთხრა, თვით „ქართულმა ოცნებამაც" რომ წარმოადგინოს მსგავსი კანონპროექტი, ხმას მაინც არ მივცემთო!


მოკლედ, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ რესპუბლიკელები, ნაციონალებთან ერთად, მხარს უჭერენ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას!


- დაბოლოს, 2012 წლიდან მოყოლებული, მოძრაობა „ეროვნულები" ბიძინა იანიშვილს უჭერდით მხარს და „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობდით. თქვენი გადადგომის შემდეგ ეს რეალობა შეიცვალა?

 

- დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ უახლოეს ხანებში ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენის მომსწრენი გავხდებით და ვინც კოალიცია „ქართული ოცნებიდან" წასასვლელია, აუცილებლად წავა!


პირადად მე რაც შემეხება,

არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში დავბრუნდე კიდეც, ოღონდ იმ შეთხვევაში, თუკი ჩვენი მთავრობა ეროვნულ და მორალურ პრინციპებზე იქნება დაყრდნობილი და ანტიეროვნული ძალებისაგან გაიწმინდება!


ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ პრინციპების ერთგული, რომლებითაც ილია ჭავჭავაძე და ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდნენ! სადაც ამ პრინციპების მსახურებისა და რეალიზაციის საშუალებას დავინახავ, იქ დავდგები და ეროვნულ ქართულ საქმეს გავაკეთებ!

 

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×