logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაც. მოძრაობის“ წევრებისთვის არავის არ შეუთავაზებია პოლიტიკური თავშესაფარი, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, ეს რა არის!
- +

20 ნოემბერი. 2018. 23:06

 

„წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დონეზე ჰქონდა ფესვები გადგმული „ნაციონალურ მოძრაობას“, რა დონეზე ჰყავდათ მოტყუებული ევროპელებიც და ამერიკელებიც, რა დონეზე ჰქონდათ გაფორმებული, რომ ეს არის საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს, მთავრობის მთელი ძალისხმევა პარტნიორების დარწმუნებას ხმარდებოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, უკვე დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპიდან და ამერიკიდან ისეთი მხარდაჭერა აქვს, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ ჰქონია.

 

„რაც ვთქვი, გავაკეთე. როგორ ზუსტად დავალაგე, რომ ვთქვათ, დაახლოებით წელიწადნახევარი დავრჩებოდი პოლიტიკაში. ვთქვი, რომ შემდგომ წავალ, სამოქალაქო საზოგადოებას მივხედავ და ა.შ. თუმცა რაღაცები ვერ გავთვალე და უკან მომიწია მოსვლამ.

 

მინდა, თქვენც და საზოგადოებასაც შევახსენო, რომ ეს დრო ფუჭად არ დამიკარგავს, არც მე და არც ჩემს გუნდს. ამ ექვსი წლის განმავლობაში, პროცესებში ნაწილობრივ ვმონაწილეობდი, პირველი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ახლა რამდენიმე თვეა დავბრუნდი.  გაკეთდა ერთი პრინციპული რამ, რაც არ მითქვამს და შეიძლება, დაწვრილებით ვერ ავხსნა, ტელევიზიაში ბევრი მინიშნება უხერხული იქნება, მაგრამ ხუთი წელიწადი დასჭირდა იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხელწერა ეცნო.

 

ჩემი წასვლა შეიძლება აქ ბევრს ეწყინა, ბევრმა ვერ გააცნობიერა, მაგრამ კარგად გაიგეს გარეთ. კარგად გაიგეს გარეთ, რომ მე არავის დაქირავებული არ ვარ, გარდა საკუთრ ხალხისა და არავითარი სხვა სურვილები არ მაქვს. წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დონეზე ჰქონდა ფესვები „ნაციონალურ მოძრაობას“, რა დონეზე ჰყავდათ მოტყუებული ევროპელებიც და ამერიკელებიც, რა დონეზე ჰქონდათ გაფორმებული, რომ ეს არის საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება. და რა დაგჭირდა ჩვენ? ჩემი პრემიერობის პირველი ორი წელი, ძირითადი დრო მიდიოდა, პარტნიორები დამერწმუნებინა, რომ მე არ ვარ რაღაც. დღეს ჩვენ გვაქვს საოცარი მხარდაჭერა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც. არასდროს „ნაცებსაც“ არ ჰქონიათ ეს დამოკიდებულება რაც არის ახლა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს არც ევროპაში და არც ამერიკაში ეჭვი არავის ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით.

 

„ამას არ ეყოფოდა არც ჩემი პირველი წელი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე, ამაში კვირიკაშვილსაც თავისი როლი აქვს ნათამაშები და შემთხვევით არაფერი მომხდარა. ყველა ნაბიჯი სწორად იყო გადადგმული. დღეს არვის ეჭვი არ ეპარება, არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ „ქართული ოცნება“ მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით. არავის ეჭვი არ აქვს დღეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პოლიტიკურად დევნილი, მათი წევრებიდან ზოგი ციხეშია.

 

არავის არავისთვის არ შეუთავაზებია პოლიტიკური თავშესაფარი, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, ეს რა არის. რაც იყო და რაც მივიღეთ დღეს, ამას არ ეყოფოდა არც ერთი წელი, არც ორი, ამას დასჭირდა რამდენიმე წელიწადი, დღეს ეს რესურსი გაგვაჩნია. გარწმუნებთ და ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას, ამ რესურსს აქვს ძალიან დიდი ფასი, ეს ძალიან დიდი რესურსია. ახლა რაღა დარჩა, აი, შიგნით მობილიზება, რაც მე ძალიან კარგად ვიცი. ის იყო ძალიან რთული და დარწმუნებულიც არ ვიყავი, როგორ და რანაირად მიგვეღწია და მივაღწიეთ.

 

დამიჯერეთ, პასუხისმგებლობას ვიღებ, კიდევ ერთხელ ვახსენებ საზოგადოებას, რომ ჭეშმარიტად ხალხზე მორგებულს, მათზე მზრუნველ ხელისუფლებას დავეხმარები და ჩამოვაყალიბებ. შემიძლია სიამოვნებით ვთქვა, კარგი გუნდია, რაც აკლია, არ დასჭირდება ერთი წელიწადი, ძალიან სწრაფად მოვახერხებთ, რომ რაც გვინდა, მივიღოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×