logo_geo
eng_logo
The Daily Beast: როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არჩევნების შედეგებზე კამათობენ, ბევრი ქართველი ქალი ზურაბიშვილის გამარჯვებას ზეიმობს!
- +

5 დეკემბერი. 2018. 23:50

 

 

„კავკასიაში პირველ ქალ პრეზიდენტს უკვე მოკვლით ემუქრებიან“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს ონლაინგამოცემა The Daily Beast-ი სტატიას სალომე ზურაბიშვილის შესახებ.

 

როგორც სტატიის ავტორი ანა ნემცოვა წერს, საქართველოსა და მთელ კავკასიაში გავრცელებულია გამოთქმა – „ჩუმად იყავი, ქალო, როდესაც კაცი ლაპარაკობს“. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის რეგიონის თანამედროვე ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტად არჩევა მნიშვნელოვანი მაგალითია. ავტორი აღნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობა საქართვლოში 10 წლის წინ დაკანონდა, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა კი ამ კონცეფციის დამადასტურებელია. თუმცა სიხარული თავშეკავებული იყო. სტატიის ავტორის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია იყო მანკიერი, ძალადობისკენ მოწოდებებით, მწვავე კრიტიკითა და მოკვლის მუქარებით სავსე.

 

The Daily Beast-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის წარსული მისი მეტოქე მამაკაცების წარსულისგან ძალიან განსხვავებულია.

 

„ზურაბიშვილს არც ერთი დღე უცხოვრია საბჭოთა კავშირში, როდესაც საქართველო ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა იყო. ის დაიბადა პარიზში, განათლება მიიღო საფრანგეთსა და აშშ-ში, შემდეგ გახდა ფრანგი დიპლომატი და მსახურობდა რომში, გაერო-ში, ვაშინგტონში, თბილისსა და ბრიუსელში. ის თავისუფლად საუბრობს ინგლისურად მსუბუქი ფრანგული აქცენტით, მისი ქართული კი ღარიბია მძიმე ფრანგული აქცენტით. ის, რომ მას საერთოდ შეუძლია ქართულად (რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულად რთულ ენადაა აღიარებული) საუბარი, მისი ოჯახის – ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების დამსახურებაა, რომლებმაც ოთხი თაობის განმავლობაში ამ გრაციოზული ქვეყნისადმი რწმენა შეინარჩუნეს“, – აღნიშნულია სტატიაში.

 

როგორც სტატიის ავტორი წერს, საქართველოში მარტივი არაფერი ჩანს, სადაც საზოგადოება ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ მიისწრაფის, თუმცა დაყოფილია ერთი მხრივ ჩრდილოვანი ლიდერის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის და მისი მმართველი პარტიის მომხრეებად და მეორე მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი ოპოზიციის მომხრეებად.

 

„ზურაბიშვილი ერთ დროს ამ უკანასკნელის საგარეო საქმეთა მინისტრად მსახურობდა, თუმცა თითქმის ეჭვგარეშეა, რომ არჩევნებში გამარჯვებაში მას პირველის მხარდაჭერა დაეხმარა. თუმცა ორივე მხარეს მეგობრების ყოფილის ნაცვლად, აღმოჩნდა, რომ მას მტრები ჰყავს და ამის ერთ-ერთ მიზეზი მისი სქესია. ქვეყანაში ამომრჩეველთა თითქმის ნახევარს არ მოსწონდა ქალი კანდიდატი მრავალი ნომინალური თუ არსებითი მიზეზის გამო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

სალომე ზურაბიშვილი: კამპანიის დროს მე თავს მესხმოდნენ „კრემლის აგენტად“, „მოღალატედ“ ყოფნის მოტივით, იმის გამო, რომ ვერ ვსაუბრობდი ქართულად, ეკლესიის საწინააღმდეგო შეხედულებების გამო – ყველაფერი ეს საკმაოდ მტკივნეული იყო. რწმენა, ენა, ქვეყნისადმი ერთგულება არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი მთავარი ელემენტები, რომლებისაც მე მჯერა.

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აგვისტოში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო წამოეგო პროვოკაციას და დაიწყო ომი რუსეთთან 2008 წელს.

 

„როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, მტერზე ჭკვიანი უნდა იყო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს. სტატიის ავტორის თქმით, ამ განცხადებამ მას ბევრი მტერი გაუჩინა, განსაკუთრებით ომის ვეტერანებს შორის. „ის მოღალატეა, მისი სიტყვები შესაძლოა, გამოიყენონ სასამართლოში საქართველოს წინაღმდეგ“, – განაცხადა The Daily Beast-თან შოთა უტიაშვილმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იყო.

 

ონლაინგამოცემასთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა მისი მისამართით გაკეთებული მუქარების შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტს ვინმე გიორგი რუსიტაშვილისგან მიღებული ტექსტური შეტყობინებებიც აჩვენა, მისმა შვილებმა თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებმა თქვეს, რომ აღნიშნული პირი მუქარებს მათაც უგზავნიდა.

 

 სალომე ზურაბიშვილი: ისინი მემუქრებოდნენ ჩემი და ჩემი შვილების მოკვლით.

 

ქეთევან გორჯესტანი: მას შემდეგ, რაც ამ საარჩევნო კამპანიის დროს ვიხილე, ვიცი, რომ ცხოვრებაში არასდროს წავალ პოლიტიკაში.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ნიდერლანდებში ცხოვრობს, მხარდამჭერებს ზურაბიშვილის წინააღმდეგ ამბოხებისკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, არჩევნები გაყალბდა. მის მოწოდებას ასობით ადამიანი გამოეხმაურა და კვირას, რუსთაველზე დემონსტრაციას შეუერთდნენ. აქციის წინ პოლიციამ დააკავა უკრაინის შვიდი მოქალაქე, მათ შორის დონბასის ბატალიონის ქართველი ვეტერანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შენახვაში.

 

თეიმურაზ გორჯესტანი: ყველაზე მტკივნეულია, რომ ისინი თავს ესხმიან მის ყველა ფუნდამენტურ ღირებულებებს, ადანაშაულებენ მას რუსეთის მხარდაჭერაში, რაც სასაცილოა, თუ ჩემი ოჯახის ისტორია იცით.

 

ავტორის თქმით, პოლიტიკოსებზე თავდასხმები საქართველოსთვის უცნობი არ არის. მაგალითად, სტატიაში მოყვანილია პარლამენტის წევრ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება.

 

როგორც The Daily Beast-ი წერს, ეჭვგარეშეა და ამას პრეზიდენტი ზურაბიშვილიც თავისუფლად აღიარებს, რომ ივანიშვილის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მის არჩევაში გადამწყვეტი იყო, თუმცა ზურაბიშვილის თქმით, მისთვის არ წაუყენებიათ წინაპირობა, რომ მომავალში ივანიშვილისა და მისი პარტიის მიმართ ლოიალური დარჩენილიყო. „მე ვნახე ბატონი ივანიშვილი არჩევნების შემდეგ. მან მითხრა: შენ მმართველი პარტიის წინაშე ვალში არ ხარ, შენ შეგიძლია იყო დამოუკიდებელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა გამოცემასთან ინტერვიუში.

 

The Daily Beast-ი წერს, რომ როგორც ბევრ საპარლამენტო დემოკრატიულ ქვეყანაში, პრეზიდენტის როლი ძირითადად ცერემონიალურია, თუმცა ზურაბიშვილს მკაფიო სტრატეგიული ხედვა აქვს.

 

სალომე ზურაბიშვილი: საბოლოო მიზანი საქართველოს გაერთიანება და ევროკავშირში შესვლაა, რა ფორმატისაც არ უნდა იყოს ევროპა. ჩვენ გვსურს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა და თუ წევრობა არა, სულ მცირე NATO-ს უსაფრთხოების სისტემის ნაწილად ყოფნა მაინც. ჩვენს ბედს რუსეთი არ განსაზღვრავს, ჩვენ უნდა წარვადგინოთ რამე დღევანდელ არაპროგნოზირებად მსოფლიოში: ყველგან, ჩვენს გარშემო, ირანიდან თურქეთამდე და რუსეთამდე, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ მომენტში. ჩვენ შავ ზღვაზე სტაბილურობის კუნძული ვართ – ჩვენ უნდა ვცადოთ და მივყიდოთ ეს იდეა დანარჩენ მსოფლიოს.

 

სტატიაში ავტორი წერს, რომ  რბილად მოსაუბრე ფრანგი დიპლომატი ზურაბიშვილი ძლიერ განსხვავდება იმპულსური და მკვეთრი სააკაშვილისგან, 2003 წლის პროდასავლური ვარდების რევოლუციის ლიდერისგან. სააკაშვილი იყო დასავლეთის რჩეული წლების განმავლობაში, როდესაც ის საქართველოს რეფორმირებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ახორციელებდა, 200 000 ყოფილ საბჭოთა ბიუროკრატს სამსახურიდან უშვებდა და საქართველოს, სადაც არ იყო ცხელი წყალი და ელექტროენერგია, საერთაშორისო ტურისტულ ადგილად აქცევდა. 2004 წლის მარტში სააკაშვილმა ზურაბიშვილი, რომელიც მანამდე საქართველოში საფრანგეთის ელჩი იყო, თავის პირველ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, თუმცა ერთი წლის შემდეგ გადააყენა ის მთავრობასთან მისი უთანხმოების გამო. მაშინ ზურაბიშვილმა თანამდებობიდან მის გათავისუფლებაში რუსეთთან დაკავშირებული ნეოკომუნისტური ძალები დაადანაშაულა. დღეს, როგორც საქართველოს ახალი პრეზიდენტი, ზურაბიშვილი თავისი ყოფილი უფროსის შესახებ ცივად საუბრობს.

 

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ მიხეილ სააკაშვილს ვარდების რევოლუციისთვის და სახელმწიფოს რეფორმებისთვის; იყო ბევრი კარგი სტარტი, რომელიც, სამწუხაროდ, არასწორი გზით წავიდა ავტორიტარული ტენდენციის გამო.

 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუდი, რომელიც გასულ თვეში გაიმართა და რომელში 25 კანდიდატი მონაწილებდა, საკმაოდ დემოკრატიულად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მეზობელ რუსეთთან, ირანთან და აზერბაიჯანთან შედარებით, სადაც ოპოზიციას არ აქვს შანსი, მონაწილეობა მიიღოს სამართლიან საარჩევნო პროცესში. თუმცა მეორე ტურში ვითარებამ მახინჯი ხასიათი მიიღო: ზურაბიშვილის ასარჩევად, მილიარდერმა ივანიშვილმა თავისი ფული მაგიდაზე ისროლა, როდესაც 600 000 ამომრჩეველს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. ზურაბიშვილის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მან საქართველოს ისტორიაში „ყველაზე ბინძური კამპანიის“ შედეგად გაიმარჯვა.

 

„მისი მხარდამჭერი ძალები, პოლიტიკური პარტიებიდან ინდივიდუალურ პირებამდე, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე ქსენოფობ და სექსისტებს შორის არიან. „პირველი ქალი პრეზიდენტი“ შესანიშნავ სათაურებს ქმნის, რაც პროგრესს გულისხმობს, თუმცა ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო“, – ამბობს ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავა The Daily Beast-თან ინტერვიუში.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ ქვეყანაში გამოფინა ბილბორდები, რომლებზე ნაჩვენებია პარტიის მამაკაცი ლიდერების სახეები, ხოლო მათი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სახელი პატარა ასოებით წერია. „ის ვერასდროს გაიმარჯვებდა ივანიშვილის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე“, – აღნიშნავს ანთელავა.

 

„თუმცა, როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არჩევნების შედეგებზე კამათობენ, ბევრი ქართველი ქალი ზურაბიშვილის გამარჯვებას ზეიმობს“, – წერს The Daily Beast-ი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×