logo_geo
eng_logo
დაუმორჩილებლობის მოწოდება ჯარს და პოლიციას – სააკაშვილზე კიდევ ერთი საქმე აღიძრება?
- +

8 დეკემბერი. 2018. 01:26

 

 

„პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს. საქმე კი სააკაშვილის 28 ნოემბრის განცხადებას ეხება, სადაც მან არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, პოლიციას, ჯარს და ჩინოვნიკებს “მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ” მოუწოდა. “რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, მე, როგორც იურისტს შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამოთქმები სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია და ამაზე აუცილებელია მოხდეს რეაგირება. ჩვენ დავინტერესდებით რამდენად სწრაფად მოხდება შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა კობახიძემ “იმედის” ეთერში. ამასთან, მან კანონდარღვევა უწოდა სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, რამდენადაც იგი საქართველოს მოქალაქე არაა”, – წერს გაეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დაუმორჩილებლობის მოწოდება ჯარს და პოლიციას: სააკაშვილზე კიდევ ერთი საქმე აღიძრება?

 

„ის, რომ მოქალაქეობის არმქონე პირი აქტიურად ჩართულია პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და ძალზე სამწუხაროა, რომ ამ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება არ იყო”, – აღნიშნა კობახიძემ. როგორც ჩანს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არც თუ უსაფუძვლოა, რადგანაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის ექვსი და ერთი საქართველოს მოქალაქის დაკავებამ გააჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება სააკაშვილსა და მათ შორის გარკვეულ კავშირს ეძებს. შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება ბატალიონ “დონბასის” მებრძოლებსა და ყოფილ მმართველ პარტია “ნაცმოძრაობას” შორის კავშირის ვერსიას განიხილავს. “დიახ, საგამოძიებო ორგანოს აქვს გარკვეული ეჭვები იმ კავშირების შესახებ, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა არ მინდა, რომ მოვლენებს გავუსწრო. ეჭვები გვაქვს თვითონ ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით. ამიტომ ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ და დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, თუ დაკავებულებსა და სააკაშვილის პარტიას შორის კავშირი დადასტურდება, შსს გაავრცელებს ინფორმაციას”, – აღნიშნავს გამოცემა.

 

„მეზვრიშვილმა უარყო ადვოკატის განცხადება, რომ დაკავებულებს იარაღი პოლიციამ ჩაუდო. „ფაქტია, რომ ისინი, ვინც დააკავეს, ტურისტები არ არიან, ეს სპეციალურად მომზადებული მებრძოლები არიან შესაბამისი აღჭურვილობით. ამ თემაზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა შესაბამისი განცხადება უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ მათი ჩამოსვლა მიტინგს უკავშირდება, რომელსაც სააკაშვილი აანონსებდა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე თბილისში 2 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სწორედ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა. თბილისის სასამართლომ ყველა დაკავებული – როლანდ მელია, ალექსანდრ ნოვიკოვი, დმიტრი კურაგინი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია პატიმრობაში დატოვა”, – განაგრძობს გამოცემა.

 

„საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და მოწოდება, რომ ჯარი და სამხედროები ხელისუფლებას არ დაემორჩილონ, შემაშფოთებელი იყო. თუმცა ამის უკან რამდენად დგას რეალური მიზნები, ეს უკვე გამოძიების და სამართალდამცველი ორგანოების დასადგენია. მისი თქმით, შეკრების და მანიფესტაციის უფლება კანონით ყველას აქვს. თუმცა თუ საუბარი აქ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით შეცვლას, რელიგიური და ეთნიკური გზით შუღლის გაღვივებას ეხება, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მოქმედება ადეკვატური უნდა იყოს. სალაძე ამბობს, რომ რთული შესაფასებელია სააკაშვილის განცხადება რამდენად რეალურია, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს თუ კი ამაზე უფრო მეტი ინფორმაცი აქვთ, მაშინ გამოძიება უნდა დაიწაყოს. მისი აზრით, მთავარი ის არ არის კობახიძე რა განცხადებას აკეთებს, მთავარი ისაა თუ სააკაშვილის ნათქვამი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს რამდენად შეიცავს”, – დასძენს გამოცემა.

 

„ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ახალი პრეზიდენტის – გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. საქართველოში მას 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დაუსწრებლად 6 წლის ვადით, ხოლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შეწყალებისთვის 3 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილავს კიდევ ორ საქმეს – 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას”, – წერს სტატიის ავტორი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×