logo_geo
eng_logo
კახი კავსაძე: ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ... მინდა, ცოტა ხანს კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე
- +

13 დეკემბერი. 2018. 14:52

 

მსახიობმა კახი კავსაძემ ცოტა ხნის წინ რთული ოპერაცია გადაიტანა, თავს ჯერ კიდევ შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ ძალა მოიკრიბა და საავადმყოფოდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.

 

- მეორე ოპერაცია გამიკეთეს, ახლაც კიდევ ათას რამეს მიკეთებენ, მოძრაობა მიჭირს და რა გითხრათ, კაცი რომ დაბერდება და გადასაგდებია, ხომ იცით... თუმცა ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ. მინდა, ცოტა ხანს  კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე. ახლა ჩემი შვილი ჩამოვიდა ამერიკიდან და ძალიან გამახარა. ჩემი შვილიშვილის გამოსვლა ვერ ვნახე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მითხრეს, ძალიან კარგად იცეკვაო. კარგი გოგოა და სულ ასე მახარებს!

 

- ქვეყანაში პირველი ქალი პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიებებისთვის ემზადებიან, მიიღეთ საპატიო სტუმრის მოსაწვევი?

 

- ჯერჯერობით არანაირი მოსაწვევი არ მოუტანიათ... მოსაწვევს თუ მივიღებ, ხომ ასე სუსტად ვარ, მაგრამ აუცილებლად წავალ! მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი მომხრე იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო! მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ! როგორც გავიგე, თელავში იმართება ღონისძიება და ძალიან გამიხარდა. თელავია ჩვენი ჯიგარი და ფესვი! დაე, იქიდან დაიწყოს საქართველოს აღორძინება და გამთლიანება! სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო პრეზიდენტი იქნება! არ ვამბობ, რომ თამარ მეფეს უნდა შევადაროთ, თამარ მეფე სხვა იყო და სალომე ზურაბიშვილი სხვაა, უბრალოდ, რაც მე მაგ ქალბატონს წლების განმავლობაში ვაკვირდები, უაღრესად განათლებული და გამოცდილი ქალია! ამიტომ ვამყარებ ამხელა იმედებს მასზე!

 

- ბიძინა ივანიშვილს დედა გარდაეცვალა... თუ დაურეკეთ და მიუსამძიმრეთ?

 

- უი, რას ამბობთ! ეგ სამწუხარო ამბავი პირველად თქვენგან გავიგე და ძალიან გული მეტკინა! ძალიან ახლოს ვიცნობდი ქალბატონ ციცინოს. იგი ჯერ კიდევ 40 წლის წინ გავიცანი და მართლაც არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო... სუფრებზე ძალიან ხშირად შევხვედრილვარ. ბევრჯერ მაქვს საკუთარი თვალით ნანახი ბიძინას და დედამისის საოცარი დედაშვილობა! ძალიან დიდ პატივს სცემდა დედას, რჩევასაც ხშირად ეკითხებოდა და დედიკოს ეძახდა... მრავალმხრივად უნარიანი ქალი იყო! მახსოვს, სუფრაზე სიმღერას რომ წამოვიწყებდით, ყოველთვის აგვყვებოდა ხოლმე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×