logo_geo
eng_logo
როგორ აამუშავა სტალინმა, მსოფლიო პრესა საბჭოეთის სასარგებლოდ
- +

15 დეკემბერი. 2018. 02:52

 

სტალინი რომ ძალიან ეშმაკი ადამიანი იყო, უდავო ფაქტია. ამას ყველა აღიარებს და ისიც ცნობილია, რომ ამ თვისებას საბჭოთა ბელადი სახელმწიფოს სასარგებლოდ იყენებდა და არა პირადი მიზნებისთვის. ისტორიის დოქტორი მაკარ ანტონენკო წერს: „სტალინის ეშმაკობას, ფაქტობრივად, საზღვარი არ ჰქონდა და არ არსებობდა ამქვეყნად ადამიანი, რომელიც მას ცბიერებაში აჯობებდა...“ ეს სიტყები ეკუთვნის, არც მეტი, არც ნაკლები, დამარცხებული ფაშისტური რაიხის მეთაურს, ადოლფ ჰიტლერს, რომელმაც თავისი აზრები სტალინის შესახებ საკუთარ დღიურს გაუზიარა. სტალინზე ანალოგიური აზრის იყო  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილიც, რომელიც განსაკუთრებული პოლიტიკური ცბიერებით გამოირჩეოდა, მაგრამ სტალინის „გაცურება“ ერთხელაც ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, თავად არაერთხელ წამოგებულა საბჭოთა ბელადის ფანდებზე. ჩერჩილი წერდა: „სტალინი ჭეშმარიტად დიდი კი არა, უდიდესი პოლიტიკოსი იყო. ის მთელ თავის რესურსს „წითელი იმპერიის“ გაძლიერებას ახმარდა. შეუძლებელი იყო მისი მოტყუება ან დაყოლიება, სამაგიეროდ, თავად მას შეეძლო ნებისმიერი მოეტყუებინა, დაეყოლიებინა და ეს ყველაფერი საბჭოეთისთვის კეთდებოდა. მარტო ის რად ღირს, რომ სტალინმა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დააჯერა მთელი დასავლური სამყარო საბჭოთა წყობის დემოკრატიულობაში და სანაცვლოდ მიღებული დახმარების მეშვეობით, მსოფლიოში ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული, მყარი ზღუდე შექმნა. მაშინ, სტალინს პირადად ჯერ კიდევ არ ვიცნობდი, რადგან პრემიერი არ ვიყავი და მეც დავიჯერე მისი მანევრი“.

 

უინსტონ ჩერჩილი გულისხმობს, ეგრეთ წოდებული, „ცენზურის გაუქმებას“ და უცხოელი ჟურნალისტებისა თუ ექსპერტების დაშვებას დახურულ ზონებში. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „1937 წლის უმძიმესი პერიოდის შემდეგ, როდესაც ჩვენმა პარტიამ, სტალინის ხელმძღვანელობით, თითქმის ყველა ძლიერი მტრული შიდა დაჯგუფება გავანეიტრალეთ, მთელი დასავლური პრესა სტალინის სასტიკ, საშინელ ტირანიაზე ალაპარაკდა. ისინი ამაში ერთსულოვნები იყვნენ და ჟურნალ-გაზეთები სავსე იყო მსგავსი პუბლიკაციებით. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებდა ჩვენს ქვეყანაზე და გაგანია ინდუსტრიალიზაციის დროს, დიდი ომისთვის მზადებისას, დასავლეთიდან ყოველგვარი დახმარების შანსს გვისპობდა. არადა, იმ პერიოდში მათი კაპიტალი და ტექნოლოგიები ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ამ მძიმე დროს სტალინმა გენიალური სვლა მოიფიქრა. ერთ დღეს კაბინეტში მიხმო და მითხრა:

 

– დასავლეთის კეთილგანწყობა უნდა მოვიპოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკიდურეს გასაჭირში ჩავვარდებით და შეიძლება, ინდუსტრიალიზაცია ვერც კი დავასრულოთ. ეს კი მთელი ჩვენი მონაპოვრის განადგურებით, კრახით დასრულდება.

 

– რაიმე კონკრეტული გეგმა გაქვს? – ვკითხე სტალინს. მან თავი დამიქნია და მითხრა:

 

– მაქვს – ცენზურა უნდა გავაუქმოთ.

 

სტალინის სიტყვები იმდენად წარმოუდგენლად ჟღერდა, რომ ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი და ჩავეკითხე:

 

– ცენზურა?

 

მან არ მაცალა:

 

– ჰო. არ მოგესმა. ცენზურა უნდა გავაუქმოთ და ყველა დაინტერესებული ექსპერტი და ჟურნალისტი უნდა შევუშვათ მათთვის საინტერესო ადგილში და იმის დაწერისა და გადაღების უფლება მივცეთ, რაც სურთ. გარწმუნებ, რომ ამით ჩვენ მხოლოდ მოვიგებთ.

 

იმდენად გაოგნებული ვიყავი, რომ მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და თავი გავაქნიე. სტალინმა კი ღიმილიანი პაუზის მერე მითხრა:

 

– სადაც უცხოელები შევლენ, ნახავენ იმას, რაც ჩვენ გვსურს და დაელაპარაკებიან, იმათ, ვინც ჩვენ გვინდა და ათქმევინებენ იმას, რაც ჩვენ გვსურს. გასაგებია?

 

– კი. გასაგებია, – ვუთხარი სტალინს. მან კი მითხრა:

 

– მე მგონი, ვერ მიხვდი. ამით ცენზურა კი არ მოისპობა, არამედ უფრო გამკაცრდება. ჩვენს დასავლელ შპიონ-ჟურნალისტ-ექსპერტებს ციხეებისა და სამხედრო ობიექტების ნახვა სურთ – უნდათ, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა შეაფასონ. და, ჩვენი ნება არაა, თუ ვის და რას ვანახვებთ მათ?

 

– კი. ასეა, – ვთქვი მე.

 

– ჰო და, თუ ასეა, ხვალ შენს უწყებაში სპეციალური შეხვედრა ჩაატარე პრესის წარმომადგენლებთან და  ცენზურის მოხსნის შესახებ გამოაცხადე. ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ.

 

მე დაუყოვნებლივ დავიწყე მზადება ამისთვის...“

 

თავდაპირველად, მხოლოდ ამ თემაზე ჩატარებულმა მოლოტოვის პრესკონფერენციამ გამოიღო დადებითი შედეგი და მეორე დღეს მთელი მსოფლიოს პრესა ერთხმად წერდა საბჭოთა კავშირში დიდი დემოკრატიული გარდაქმნების დაწყების თაობაზე. მოლოტოვი სრული ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს და ბოლოს მან მართლა გულწრფელად უთხრა: მეგობრებო, გულახდილად გეტყვით, რომ ძალიან დავიღალე, დასვენება მჭირდება, თორემ შეიძლება, გულწასული დავეცე იატაკზე. ყველა ძირითად კითხვაზე უკვე ამომწურავი პასუხი გაგეცით და ნება მომეცით, დაგემშვიდობოთო... მოლოტოვი ტაშით გააცილეს ოთახიდან. მსოფლიო პრესამ კი 180 გრადუსით შეატრიალა საზოგადოებრივი აზრი საბჭოეთის სასარგებლოდ და სტალინის ეშმაკური სვლის წყალობით, საბჭოეთი ლამის დემოკრატიის ბურჯად გამოაცხადეს... იმ დღიდან მოყოლებული, ლამის ჰიტლერის შემოჭრამდე, ჟურნალისტები და ექსპერტები თავისუფლად შედიოდნენ ნებისმიერ საბჭოთა ციხეში და ესაუბრებოდნენ ნებისმიერ პატიმარს, თუმცა, არ იცოდნენ, რომ „პატიმრების“ უმრავლესობა „ენკავედეს“ თანამშრომელი იყო. ასეთივე სიტუაცია იყო სამხედრო ნაწილებთან მიმართებაშიც. უცხოელ ექსპერტებს უჩვენებდნენ შესუსტებულ გარნიზონებს, რაც აისახებოდა არასწორ სადაზვერვო ინფორმაციებში, წარმოდგენა შეექმნათ სუსტი საბჭოთა ჯარის შესახებ. ამით კი სტალინმა დასავლეთის კეთილგანწყობა დაიმსახურა და რაც მთავარია, მიიღო ფინანსურ-ტექნოლოგიური დახმარება, რამაც დიდი როლი შეასრულა ჰიტლერთან ომისთვის მზადებასა და ინდუსტრიალიზაციის წარმატებით დასრულებაში.“

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×