logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესს თუ ვერ შევცვლით, ის მაინც განვსაზღვროთ, ვინ შეიძლება გახდეს მოსამართლე და ვინ არა
- +

29 დეკემბერი. 2018. 03:41

„სასამართლო სისტემაში რომ პრობლემები იყო, ამას ამბობდა აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დასკვნა“, – განაცხადა კრიზისმენეჯერმა, სოფო ხორგუანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„სასამართლო სისტემაში რა ხდებოდა, აქ მყოფებთან შედარებით, შეიძლება, მე კარგად ვიცი, რადგან ეს ჩემი უშუალო დაკვირვების სფერო იყო. სასამართლო სისტემაში რომ პრობლემები იყო, ამას ამბობდა აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დასკვნა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაშიც კი წერია, რომ სატელეფონო სამართალი არსებობდა და მერე, რაღაც კანონიც კი მივიღეთ“, – განაცხადა ხორგუანმა.

 

მისი თქმით, ამაზე საუბარი ახლა იმიტომ მიდის, რომ თავხედობა და სამარცხვინო საქციელი ყველამ დაინახა, რადგან საზოგადოების თვალწინ, კამერების წინ ამოტივტივდა.

 

როგორც ხორგუანმა აღნიშნა, 2013 წელს, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ჩატარდა, მოსამართლეთა მთელ კორპუსს გაუჩნდა შანსი, თვითონ გამოსწორებულიყო და გაჯანსაღების პროცესი სისტემის შიგნით დაეწყოთ, მაგრამ ეს არ გაკეთდა.

 

„იყო რამდენიმე სუფთა მოსამართლე, რომელიც წინა ხელისუფლების წნეხის დროს გადარჩა, ისიც იმიტომ, რომ ისეთ სფეროში იყვნენ და განსხვავებულს წერდნენ. მათ სცადეს, სასამართლო კონფერენციაზე თავისი გაეტანათ და რაღაც შეეცვალათ, მაგრამ მხარი არავინ არ დაუჭირა. არავინ თქვა, რომ ასეთი კატასტროფა გვჭირს. მაშინ საზოგადოება არ შეთანხმდა იმაზე, რომ მართლმსაჯულებაში კატასტროფა გვჭირს. ამ ადამიანებს მხარდაჭერა აბსოლუტურად არავინ გამოუცხადა“, – განაცხადა ხორგუანმა.

 

კრიზისმენეჯერმა ასევე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევისას იმედი ჰქონდა, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლებაში მყოფი სხვა პირველი პირები, რომლებიც სისტემაში ერკვეოდნენ, რაღაცას იზამდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, მურუსიძე-ჩინჩალაძე ვინ არის, მათ კი იცოდნენ, მაგრამ თავიანთი პასუხისმგებლობა სადღაც გაფანტეს.

 

„ფურცელზე შექმნილი გვაქვს ფანტასტიკურად დამოუკიდებელი სისტემა; დღეს, ფურცელზე გვაქვს ყველაზე დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭო; ფურცელზე კანონები გვაქვს ყველაზე თავისუფალი, კანონმდებლობით მყარად დაცული იუსტიციის საბჭო და მთელი სასამართლო სისტემა, მაგრამ სისტემაში, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და წინწასულია, გვყავს ის არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც უფლება არ აქვთ, გადაწყვეტილებები საქართველოს სახელით მიიღონ“, – განაცხადა ხორგუანმა.

 

როგორც ხორგუანმა განაცხადა, დღეს ყველა თანხმდება, რომ გვჭირდება შინაარსობრივი და არა ფასადური ცვლილებები.

 

„ახლა, დეპუტატები უნდა დასხდნენ და კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შეიტანონ. მინიმუმ, შესაძლებელია, მივიღოთ კრიტერიუმები მოსამართლედ ვინ შეიძლება დაინიშნოს. თუ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესს ვერ შევცვლით, ნუ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია, განვსაზღვროთ, ვინ შეიძლება, გახდეს მოსამართლე და ვინ არა“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×