logo_geo
eng_logo
გამორიცხეთ თვითმკურნალობა! - როგორ დავიცვათ თავი "ღორის გრიპისგან"
- +

10 იანვარი. 2019. 21:32

 

საქართველოში გრიპის ვირუსი მძვინვარებს, მეტწილად H1N1, ე.წ."ღორის გრიპია" გავრცელებული. ამ ეტაპზე H1N1 ვირუსით გარდაცვლილია ათი ადამიანი, უმთავრესად ისინი, ვინც რომელიმე ქრონიკული დაავადებით იყო ავად. რამდენიმე საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა, ზოგიერთში კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

 

ერთი გახლდათ ორსული ქალბატონი საკეისრო კვეთის შემდეგ, ერთი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ორმხრივი ფილტვების ანთება ჰქონდა გართულებული. დანარჩენ შემთხვევებში გრიპმა გაართულა არსებული მძიმე ფონური ქრონიკული დაავადება. ყველა შემთხვევაში ფიქსირდება ძალიან გვიან მიმართვა სამედიცინო დაწესებულებებისადმი, - ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, პირველი სიმპტომისთანავე მიმართონ ექიმს. მიუხედავად ამისა, ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე:

 

- რა სიმპტომები აქვთ დაავადებულ ადამიანებს?

 

- გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე - მძიმე მიმდინარეობით და შესაძლოა, დასრულდეს ლეტალური გამოსავლითაც. გაციებისგან განსხვავებით, გრიპი მწვავედ იწყება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია საერთო სისუსტე, ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, თავის, კუნთების ტკივილი, იშვიათად - დიარეა და/ან ღებინება.

 

- რა პერიოდი სჭირდება გამოჯანმრთელებას?

 

- გართულებების გარეშე 1-4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმას უბრუნდება და მე-7-10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ, 14-20 დღის განმავლობაში, შეიძლება დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი).

 

- რისკ-ჯგუფში ვინ შედის?

 

- სიტუაცია შედარებით მძიმეა მაშინ, როცა ავადმყოფი ორსულია, აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება ან ჭარბი წონა.

 

- გრიპით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება გამოვლინდეს, რომ ვირუსი გადაგვედო?

 

- გრიპის სიმპტომების გამოვლენა იწყება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდეგ, საშუალოდ ორი დღის განმავლობაში.

 

- რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი?

 

- დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და გამოვლენიდან 5-7 დღის (ზოგჯერ მეტის) განმავლობაში. ბავშვი შვიდ დღეზე მეტხანს არის გადამდები. ამიტომ ვაქცინაცია ყველასთვის სასურველია, მაღალი რისკის ჯგუფებისთვის კი - აუცილებელი.

 

- ამბობენ, რომ სკოლებსა და ბაღებში არ დაუშვებენ იმ ბავშვებს, ვისაც ვაქცინაცია არ აქვთ ჩატარებული. ეს სიმართლეა?

 

- არა, ეს ეხება მხოლოდ ბავშვთა გეგმიურ აცრებს.

 

- ვინც შარშან გაიკეთა ვაქცინაცია, წელსაც დაცულია გრიპისაგან?

 

- არა. გრიპის ვაქცინაციის შემდგომ ყალიბდება დროებითი იმუნიტეტი, რომლის საშუალო ხანგრძლივობა ერთი წელია და მერყეობს ადამიანის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა (მაგ., ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, ხშირად დასუსტებულია იმუნური სისტემა) და ვაქცინაში გამოყენებული ანტიგენების შესაბამისად. გრიპის ვირუსისაგან თავდასაცავად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია.

 

- შეიძლება თუ არა, ვაქცინაციის მიუხედავად, გრიპი მაინც გადავიტანოთ.

 

- ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს. გრიპის ვაქცინა ვერ გამოიწვევს დაავადებას, ვინაიდან ის არის ვირუსის ინაქტივირებული სახეცვლილი ფორმა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ იმუნიტეტის გამომუშავება.

 

- არსებობს გრიპის ვირუსით ეპიდემიის საფრთხე? თუ დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება ვირუსული სეზონი, რა სურათს უნდა ველოდოთ გაზაფხულზე?

 

- ბოლო კვირაში ავადობა 100 ათას მოსახლეზე იყო 277, ორჯერ მეტი, ვიდრე შარშან, მაგრამ იგივე, რაც შარშანწინ. მიუხედავად ამისა, ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან ეპიდემიური ზღვარი ჩვენთვის არის 100 ათას მოსახლეზე 450 ავადობის ფაქტი.

ახლა დაავადებათა რაოდენობა მოიკლებს, მაგრამ თებერვალში ისევ ველოდებით მატებას.

 

სტატისტიკა

 

დღევანდელი მონაცემებით, მიმდინარე სეზონზე, H1N1 ვირუსის 10 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

ამჟამად მხოლოდ აჭარაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 130 მოქალაქე გადის, აქედან 18 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათ შორის 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

გამორიცხეთ თვითმკურნალობა

 

აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა გამდინარე წყლით, სუფთა ჰაერზე სეირნობა, სითხის მიღება. თუ ავად გახდით, ექიმთან დროულად მისვლაა საჭირო. გამორიცხეთ თვითმკურნალობა! პრეპარატი "ტამიფლუ" სოციალურად დაუცველებისა და ორსულებისთვის უფასოდ გაიცემა. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება - „ფორმა 100“, სოციალურად დაუცველთა სტატუსს კი სამინისტროს ბაზაში შეამოწმებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×