logo_geo
eng_logo
მწვანე ოქროს ქვეყანა
- +

11 იანვარი. 2019. 03:41

პირველი ნაბიჯები

გურიაში ჩაის პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს მამია მეხუთე გურიელის(გურიის მთავარი 1809-1826 წწ) ბაღში გაჩნდა (მამია გურიელის ბაღი ქალაქ ოზურგეთის ამჟამინდელი ცენტრალური ბაღების: ჭადრების ბაღსა და სამკუთხას ერთიანობას წარმოადგენდა). გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. 15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის, ფორთოხლისა და ლიმნის გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. 1822 წლიდან გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა. გურიელის სიკვდილისა და სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1840-იანი წლებიდან მარი კვლავ პატრონობდა ბაღს, ამჯერად მთავამმართებელ ვორონცოვის დავალებით. მან ჩაის 200-მდე ბუჩქი გააშენა ოზურგეთის ბაღში.

მიხეილ ერისთავის ჩაი

მამიას სიკვდილის შემდეგ მისი ბაღი მოიშალა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1854-56 წწ.) დროს ქალაქის ცენტრში, ყოფილ მამიასეულ ბაღში სამხედროები დასახლდნენ, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს ბაღი. მარის რჩევით ჩაის 25 გადარჩენილი ბუჩქი გადარგეს გორაბერეჟოულში, მემამულე მიხეილ ერისთავის მამულში. ერისთავი ჩაის კულტურის დამფასებელი იყო. მან პირველად ჩაი ჩინეთში ნახა და დააგემოვნა და გადაწყვიტა ის საქართველოში გაეშენებინა. გადმოცემის თანახმად, იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის ნერგის ან თესლის გატანა აკრძალული იყო, ამიტომ ერისთავს ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსტში ჩაუყრია ისე გამოიტანია ჩინეთიდან. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი და 1864 წელს. პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე. ერისთავის სიცოცხლეში მარის დარგული ბჩქები კარგად იზრდებოდა, თუმცა ჩაი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ღირსებით, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩაის დამზადება არ იცოდა. უყურადღებობის გამო დროთა განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ბუჩქი გადარჩა.

 

უკვე 1900 წელს საქართველოში არსებული ჩაის 23 საცდელი ნაკვეთიდან ყველაზე მეტი, 9 ნაკვეთი ოზურგეთის მაზრაში მდებარეობდა. დაიწყო სახელმწიფო სანერგეებში მოყვანილი ჩაის ბუჩქების გადარგვა გურიაში. ჩაის მიმართ ინტერესი იზრდებოდა.

ნაკაშიძეები

გურიაში ჩაის წარმოების ერთ-ერთი პიონერები ერმილე და მიხეილ ნაკაშიძეები იყვნენ. ერმილე ნაკაშიძემ ჩაი თავის სოფელში, მაკვანეთში გააშენა და შინაური ხერხებით ამზადებდა ჩაის. ერმილე ნაკაშიძემ საკუთარ პროდუქციას საკუთარი და მისივე მეუღლის, იტას სახელების მიხედვით „ერმილიტა“ დაარქვა.

 

მის ბიძაშვილს, თავად მიხეილ ნაკაშიძეს მამულები ზედუბანში ჰქონდა. 1889 წელს მან ჩაქვიდან შემოიტანა და გააშენა ჩაი. 1908 წლისთვის მას ჰქონდა ჩაი გაშენებული 2,18 ჰექტარზე. 1908 წელს ნაკაშიძეს მოსავალი არ აუღია, რადგან პლანტაციაში მომუშავეებს პირობებზე ვერ შეუთანხმდა. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა ფოთლის გადამამუშავებელი ფაბრიკა, 1912 წლიდან კი მან 4 ცხენისძალიანი გადამამუშავებელი დანადგარი შეიძინა. მიხეილ ნაკაშიძე უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе".  

პირველი ფაბრიკა

გურიაში ჩაის აწარმოებდა „საუფლისწულო საზოგადოებაც“. ოზურგეთის მაზრაში მათი საცდელი პლანტაციების გაშენება აგრონომ ტიმოფეევს ჰქონდა მინდობილი. 1900 წლის 21 მაისს „ივერია“ წერდა:


„საუფლისწულო უწყება ამ წელს გურიის პლანტაციებიდგან 5000 გირვანქა ჩაის მოკრეფას ელის. ხოლო მერმის 20 ათას გირვანქის იმედი აქვს“

 

ჩაი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქალებისთვის მზითევში სამოვრის გატანება დაიწყეს. 1902 წელს ჟურნალი „მოგზაური“ წერდა: „ეს მოდათაა ახლა, ამ ბოლო დროს, სამოვარიც თან დაატანეს. მოყვარემ თუ მოუკლო უკანასკნელი, ქალის წამყვანი შეუთვლის, თუ სამოვარსაც არ მიგზავნი, შემომითვალე, ვარს ვჩივი ყოლიფერზედ, აღარ მომყავს ქალიო“.

 

1908 წლისთვის გურიაში ჩაის პლანტაციებს ეჭირა 18 დესეტინა, ანუ 19,62 ჰა, აქედან

  • ნაკაშიძეების ჩაის პლანტაციები სოფელ ზედუბანში - 2,18 ჰა
  • მიწათმოქმედების სამინისტროს საცდელი პლანტაცია ქ. ოზურგეთში (ზვანში) - 1,09 ჰა
  • მცირე ნაკვეთები სხვადასხვა სოფლებში - 14,17 ჰა


ჩაის მეურნეობები მოწყობილი ჰქონდათ:

  • სოფელი კახური - სილიბისტრო ვაშალომიძეს
  • ნიგოითში ივანე მაჭუტაძეს,
  • სოფელ ციხეში ძმებ შარაშიძეებს,
  • სოფელ ამაღლებაში მღვდელ ეპიფანე ჯიბლაძეს,
  • ჭალაში ძმებ ჩხატარაიშვილებს
  • ლიხაურში ცეცხლაძეს,
  • შემოქმედში მღვდელ შილაკაძეს
  • გომში მელუას
  • ვაკიჯვარში კვირკველიძეს,
  • ექადიაში ბებურიშვილს, კაპანაძესა და ქაჯაიას

ჩაის მეურნეობები ჰქონდათ მოწყობილ საკუთარ ნაკვეთებში ბახვისწყალწმინდისა და ზემო უჩხუბის სკოლებს, ქალაქ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელს

წელი                ჩაის ფართობი           ჩაის მოსავალი      
                                    ჰა                                ტონა                      

1905                             8,72                                6,22

1906                            10,9                               67,65

1907                            16,35                           132,9                              

1908                            19,62                             90,8   

 

ჩაის წარმოებას ხელს უწყობდა კლიმატი და წითელმიწა ნიადაგი. აგრონომების რეკომენდაციით, ჩაი შენდებოდა მცირე ფართობებზე და არა დიდ პლანტაციებში, რაც მცირე საოჯახო მეურნეობებს უადვილებდა ნაკვეთის დამუშავებასა და მოსავლის მიღებას. მოსავლის აღება ხდებოდა სამჯერ, აპრილის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე.

პრობლემას წარმოადგენდა ჩაის ფოთლის გადამუშავების ტექნოლოგიური სიძნელე და ადგილზე ფაბრიკის არარსებობა. ერმილე ნაკაშიძის ხელმძღვანელობით გურიაში პირველი სრულყოფილი ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა, რომელიც მოსახლეობისგან ჩაის ფოთოლს  იბარებდა და ტექნოლოგიურად ამუშავებდა, აშენდა ზვანში, 1914 წელს, თამბაქოს საცდელი მეურნეობის ადგილზე.  

 

1913-18 წლებში გურიაში გაზარდა ჩაის პლანტაციები, მაგრამ 1918 წლისთვის დაეცა ჩაის წარმოება 50 პროცენტით. 1921 წელს საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე იყო 500 კგ.

 

სოფელ ასკანაში ჩაის აწარმოებდა სოლომონ ჭეიშვილი. ჭეიშვილს ჩაი გაჰქონდა რუსეთის ქალაქებში. მისმა ჩაიმ ქების სიგელი დაიმსახურა 1914 წელს მოსკოვში.

 

მწვანე ოქროს პროპაგანდა

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1924 წლისთვის გავრცელებული იყო მეტწილად ჩინური ბუჩქები, ნაწილობრივ იაპონური და ინდურიც. მოხდა ბუნებრივი ჰიბრიდიზაცია და მიღებულ იქნა ჰიბრიდი „ბათუმის ჩაი“. სწორედ ეს გაშენდა საბჭოთა პერიოდში გურიასა და აჭარაში. პირველი ფაბრიკები საბჭოთა ხელისუფლების დროს მოქმედებდა ზედუბანსა და ოზურგეთში.  

 

კოლექტივიზაციის შემდეგ საბჭოთა პერიოდში ჩაი იქცა გურიაში გავრცელებულ N1 კულტურად. 1933 წელს მოიკრიფა 138 870 კილოგრამი ჩაის ფოთოლი. ყველა დიდ სოფელში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა, ყველა სოფელში იყო ჩაის პლანტაციები და ჩაის მიმღები პუნქტები. ანასეულში შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი. ჩაიმ მთლიანად განდევნა მანამდე გავცელებული ყველა ტრადიციული სასოფლო სამეურნეო კულტურა (ღომი, ვაზი და სხვ.). საბჭოთა პროპაგანდა მეჩაიეობის განვითარებას საბჭოთა სახელმწიფოს უდიდეს წარმატებად აცხადებდა. 1958 წელს ჭანიეთის, ლაითურისა და ლიხაურის მეურნეობებში პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანები. წარმოებული ჩაის რაოდენობის ზრდა პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე ხდებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



მასალები XIX საუკუნის პრესიდან და გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან

 

 

 

წყარო aboutguria.blogspot.com

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×