logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: პროტესტის მთავარი მიზეზი იყო არა იმდენად მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რამდენადაც სიის შემოტანის ფორმა
- +

22 იანვარი. 2019. 00:24

 

 

„ჩვენი მთავარი პროტესტი იყო არა იმდენად სია, რამდენადაც ამ სიის შემოტანის ფორმა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„თავისთავად, სიაც პრობლემური იყო, მაგრამ სანამ ამ სიაზე საუბარს დავიწყებდით, უნდა გაგვეანალიზებინა პროცესი, რომელიც იუსტიციის საბჭოს მიერ დაიწყო“, – განაცხადა ფოფხაძემ.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა იმას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უმრავლესობა ფაქტობრივად, ფაქტის წინაშე დააყენა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ფაქტის წინაშე შეიძლება, დაგაყენონ, მაგრამ ყველაფერი რაღაც ლოგიკურ პროცედურებში უნდა ყოფილიყო მოქცეული.

 

შეკითხვაზე, რამდენად მომზადებული შეხვდა პარლამენტი რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის გადაბარების პროცესს და რატომ არ მოხდა კანონპროექტის შემუშავება, რომელიც კრიტერიუმებს გაწერდა, რადგან იუსტიციის საბჭოს კურირებიდან პარლამენტის კურირების ქვეშ გადავიდა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის რეგლამენტირებას გულისხმობს, ფოფხაძემ განაცხადა, რომ როდესაც რეფორმის მეოთხე ტალღა პარლამენტში უნდა წასულიყო, განხილვის სივრცე იურიდიული კომიტეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ უპრიანი იქნებოდა, ამ პროცესის ხელმძღვანელი თავად გამხდარიყო და პროცესი მისი გამგებლობის ქვეშ წავიდა.

 

 

„უკვე, წელიწადზე მეტია, რაც ამ საკითხებს იურიდიული კომიტეტის ფარგლებში აღარ ვიხილავდით. ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო და ამ ინიციატივებს რაღაც ფორმით ის კურირებდა. შესაბამისად, დამოუკიდებელი საკანონმდებლო ინიციატივებით გამოსვლისგან ჩვენ თავს ვიკავებდით“, – განაცხადა ფოფხაძემ.

 

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ თუ პარლამენტის თავმჯდომარე რამეს კურირებს, თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, რადგან ეს თამასას ზრდის და ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსი ნეგატიური ფაქტორი ნამდვილად არ უნდა იყოს.

 

„ჩვენ არ გვაქვს ასეთი ამოცანა, რომ ფორმატი მაინცდამაინც ჩვენზე მოვირგოთ. რა ფორმატიც იქნება, იმ ფორმატში მონაწილეობის უფლება გვინდა. ამ ფორმატში ჯერ ვერ გავერკვიე. ველოდები იმას, რომ უახლოეს მომავალში უმრავლესობის ფარგლებში პოლიტიკური მსჯელობის შესაძლებლობაც გვექნება. ვიცი, რომ ასეთი შეხვედრა იგეგმება და ამ პროცესის პოლიტიკური ნაწილი იქ უნდა გაირკვეს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

 

მისი თქმით, პარლამენტსა და იუსტიციის საბჭოს შორის ინსტიტუციონალური კონსენსუსი უნდა იყოს.

 

„იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებულ კანონებს ჩვენ ვერ მივიღებთ ისე, რომ ამ პროცესში იუსტიციის საბჭო არ იყოს ჩართული. როცა იუსტიციის საბჭო ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ემზადებოდა, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა გაევლო საპარლამენტო მუშაობის ის ეტაპები, რაც საჭირო იყო საკანონმდებლო შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

right_banner
არქივი
right_banner