logo_geo
eng_logo
თემურ გვალია: ამ ხალხითა და მოგონებებით ვცხოვრობ და ეს მაძლიერებს
- +

31 იანვარი. 2019. 22:55

 

თემო გვალიას ალბომში ბევრი ჩვენთვის­ ცნობილი და საყვარელი ადამიანის ფოტოა თავმოყრილი. თითოეული კონკრეტულ ისტორიას გვიამბობს, მთლიანობაში კი ერთი თაობის ამბავს. ცნობილი მსახიობი თავის თაობასა და დღევანდელობაზეც გვესაუბრა.

 

- თბილისი თაობებთან ერთად იცვ­ლიდა სახესა და ნირს. მე ჩემი თაობა ყველაზე მეტად მხიბლავდა. ლექციები რომ გვიმთავრდებოდა, კაფეში ვიკრიბებოდით. იმ კაფეს "ჩხირებს" ვეძახდით, სინამდვილ­ეში სულ სხვა სახელი ერქვა. სალონივით იყო, თეატრალური, კონსერვატორია და სამხატვრო აკადემია იქ ვიყრიდით თავს. ბევრჯერ გვიჩხუბია, უფრო გოგონების გამო, თორემ შარზე არ ვყოფილვართ არასდროს. ჩვენს დროსაც როგორ არ ხმარობდნენ დანას, რაც ძალიან უკვირდათ ჩვენი მამების თაობას, მაგრამ ასე მაინც არ იმეტებდნენ ერთმანეთს, როგორც დღეს. თითქოს მაშინ­ უფრო ვაჟკაცურები ვიყავით. ვიღაცა რომ შეგაგინებს ან თავში წამოგარტყამს და შენ სახლში გაიქცევი, იარაღს აიღებ და მერე მოსთხოვ პასუხს, ეგ არც ვაჟკაცური და არც ადამიანური საქციელია. ბევრჯერ მიჩხუბია, ნაწყენიც ვყოფილვარ, მაგრამ დღეს ძმაკაცები, მეგობრები ვართ.

 

 

ფოტო: თემო გვალია და ლევან აბაშიძე

 

არ შემიძლია არ გავიხსენო ირაკლი ამირეჯიბი, ბატონი ჭაბუას ბიჭი, რომელთანაც სოხუმში ქალის გამო მომივიდა ჩხუბი. მაშინ გავიცანით ერთმანეთი, ნასვამები ვიყავით და ისე ვცემეთ ერთმანეთს, თავ-ყბა გვქონდა გაერთიანებული. 20 წუთი ვჩხუბობდით, მერე მილიცია ჩაერია, მოტ­ოციკლით მოცვივდნენ და იმათაც მოხვდათ. წაგვიყვანეს და სხვადასხვა კამერაში ჩაგვსვეს. დილით მილიციის უფროსთან შემიყვანეს. ისე მომდგა, თავჩაღუნული­ ვუსმენდი, ბოლოს, მიბრძანდი ახლაო და გამომიშვა, არადა, ვიცი, რომ ირაკლი დაჭერილია. არსადაც არ წავალ, თუ იმას არ გამოუშვებთ, ვისთანაც ვიჩხუბე-მეთქი. ირაკლის შენამდე ველაპარაკეო. თურმე მთელი ამბავი აუტეხია, სანამ თემოს არ გამოუშვებთ, აქედან ფეხს არ გავადგამო. გარეთ რომ გავედი, ეზოში მელოდებოდა. გაგვეცინა, ჩავეხუტეთ ერთმანეთს, იმას ტუჩები ჰქონდა დასივებული, მე - თვალი ჩალურჯებული.­ იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა...


დღევანდელი თაობა ძალიან მიზანდასახულია, მაგრამ ზოგი რამ ამ არ მომწონს. მაგალითად, ის, რომ კაცები ძალიან განაზდნენ. ამას წინათ ოციოდე წლის გოგო-ბიჭის საუბარს შევესწარი. თავდაპირველად ორივე გოგო მეგონა, ისე ნაზად საუბრობდნენ. ამაზე ცუდად ვხდები. 

 

 

ფოტო: მურმან ჯინორია და თემო გვალია

 

 

- სამეგობროზე რას გაიხსენებთ?

 

- სკოლა რომ დავამთავრე, 2 წელი ისე ვიარე, არსად არ ვაპირებდი ჩაბარებას. ქუჩაში გავიზარდე და ძალიანაც მიხარია, რომ ასეა. მერე მურმან ჯინორიამ თქვა (მამაჩემის ბიძა­შვილია), მე მივხედავ ამასო და ჩავაბარე თეატრალურში. ძალიან კარგი ჯგუფი გვყავდა: ლევან აბაშიძე, გია აბესალაშვილი, მიშა ჯოჯუა...


მიშა თუმანიშვილს ძალიან უყვარდა­ ჩვენი ჯგუფი. ლევან აბაშიძეს "ზაპოროჟეცი"­ ჰყავდა, მოცისფრო, კუებს რომ ეძახიან, მრგვალი, და დავდიოდით წინ და უკან. ბატონი მიშას სიტყვა კანონი იყო ჩვენთვის­. ერთხელ გვინდ­ოდა გვესიამოვნებინა და საღამო რომ მოახლოვდა, მიხაილოვიჩ, ჩვენ უნდა წაგიყვანოთ სახლში-მეთქი, შევთავაზეთ. უარობდა, ფეხით სიარული მიყვარსო. გადავეკიდეთ და რომ იტყვიან, ძალით ჩავსვით. საჭესთან ლევანი იჯდა, მე და გია აბესალაშვილი უკან შევძვერით. მარჯვენა კარი არ იკეტებოდა კარგად და თოკით ვაბამდით. თოკები რომ გამოვუტარეთ წინ და მერე უკან გავსკვენით, თვალები დაქაჩა, რაღაცა ცუდ ამბავში რომ გაეხვია, მიხვდა, მაგრამ რაღას იზამდა?! მოკლედ, დავამაგრეთ და გავვარდით ვაკისკენ. ცირკს რომ გავცდით, რა დაეტაკა იმ თოკს, არ ვიცი, გაწყდა, კარი გაიღო და მანქანას უკანვე შემოეჯახუნა. აქეთ დიდი "იკარუსის" ბორბალი უყურებს მიშას, იქით მანქანების ნაკადი. გაგიჟდა კაცი და როგორც კი მშვიდი ადგილი ნახა, გაგვაჩერებინა, გადაგვიხტა, თავი გამანებეთო, მოგვაძახა და ფეხით წავიდა. ლევანი ძალიან ხიფათიანი იყო, ხან ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ხან - ხელი... 

 

- გოგონებში პოპულარული იქნებოდა.

 

- კაცზე ლამაზს არ ამბობენ, ძალიან სიმპათიური, ქართველი ალენ დელონი იყო. მომავალი მეუღლე მიკაც ჩემთან გაიცნო. 


ერთხელ ინსტიტუტში უხასიათოდ მოვი­და. თურმე გეგა კობახიძეს უთხოვებია რაღაც ჟურნალი და ლევანს დაკარგ­ვია.­ ეტყობა, ის ჟურნალი გეგასთვის მნიშვნელოვანი იყო და უკამათიათ... გეგა ლექციიდან გამოვიყვანე, ჩემს ძმაკაცს აწყენინე-მეთქი და უსიამოვნება მოგვივიდა, ამის მერე აღარ ვკონტაქტობდით (ეს ამბავი­ თვითმფრინავის რეისამდე 3-4 თვით ადრე მოხდა). თუმცა, ქორწილი რომ ჰქონდა, შემომითვალა, ამოდი ჩემს ქორწილში, შევრიგდეთ, კაცები ვართო. მთელი ცხოვრება სანანებელი მაქვს, რომ არ ავედი... 

 

ფოტო: მარცხნიდან: თემო გვალია, გია აბესალაშვილი, ლევან აბაშიძე, მიშა ჯოჯუა

 

 

- თვითმფრინავის ბიჭების ამბებიდან რისი გახსენება შეგიძლიათ?

 

- გია ტაბიძემ მომაკითხა. სასაუზმოდ გავედით "ჩხირებში", გია ფერაძე და გია აბესალაშვილიც შემოგვიერთდნენ. "ჩიჟი-პიჟი" ავიღეთ, თან კონიაკს ვსვამდით, რა დროსაც - ეს არასდროს მომიყოლია - გია აბესალაშვილმა­ თქვა: გუშინ სასწაული­ სიზმარი ვნახე, თვითმფრინავში ვიჯექი, რომელსაც წინ ამერიკის დროშა ჰქონდა, უკან - საბჭოთა კავშირის. უცებ ამერიკის დროშა მოწყდა, თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო და შეშინებულს გამეღვიძაო. ამაზე­ გია ტაბიძეს ფერი ეცვალა, ახლავე მოვალო, გვითხრა, გავიდა და გაქრა. მაშინ მობილურები არ იყო, რომ დაგვერეკა.­ ვერც მივხვდით, რა ეწყინა. თვითმფრინავის ტრაგედია რომ მოხდა, მერე მივხვდით ყველაფერს... გიო ხუციშვილიც ჩვენი ახლობელი იყო, ისიც თეატრალურში სწავლობდა სარეჟისოროზე.... ამ ხალხითა და მოგონებებით ვცხოვრობ და ეს მაძლიერებს. 

 

- ერთ-ერთ ინტერვიუში გიო ხუციშვილმა თქვენს თაობას "დაკარგული თაობა" უწოდა.

 

- ალბათ, ნარკოტიკებიდან და აფხაზეთის ომიდან გამომდინარე. ასეც იყო. 

 

- დღევანდელობაზე გადავიდეთ, დღესაც ბევრი პრობლემაა საზოგადოებაში, მაგალითად, აზარტული თამაშები...

 

- 4 წელი მეგობართან ერთად დავდიოდი კაზინოში და კიდევ კარგი, თავი დავაღწიე. მოზარდებს არ უნდა ჰქონდეთ თამაშის საშუალება. კაზინოები ქალქგარეთ რომ გადაეტანათ, კარგი იქნებოდა. ყველა ნაბიჯზე რეკლამა ციმციმებს, ერთხელ გაუვლი, ორჯერ და ერთხელაც შეხვალ. სწორედ ერთხელ შესვლით იწყება ყველაფერი. თამაში ნარკოტიკზე დამოკიდებულებასავითაა, რამდენი დაღუპულა ამის გამო. 

 

- ბოლო დროს თქვენი სტატუსები ხშირად პოლიტიკური ხასიათისაა.

 

- აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, არასდროს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, თორემ რომ მომენდომებინა, მაგის გასაქანიც მქონდა და შნოც, მაგრამ არ არის პოლიტიკა ჩემი საქმე. მე ჩვენი ქვეყნის განვითარება მაინტერესებს და თუ ვხედავ, რომ რაღაც არასწორად კეთდება, პოსტებით ვაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას.


ცხოვრებაში ყველაზე მთავარია, ერთმანეთს მოვეფეროთ. ხშირად ვფიქრობ ჩემს მშობლებზე, რამდენი სითბოს მიცემა შემეძლო და დავაკელი, რაც მთელი ცხოვრება სადარდებელი მაქვს. ჩემს შვილებსაც ბევრი რამ დავაკელი, ის ვერ გავეცი ბოლომდე, რისი გაცემაც შემეძლო და ვნანობ. დღეს ვცდილობ თავისი წილი სითბო თითოეულს ვაჩუქო. ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, ბევრ რამეზე მწყდება გული, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ისეთ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობამ, მხოლოდ მათ გამო ღირდა ამქვეყნად მოსვლა.ა

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×