logo_geo
eng_logo
ზვიად გამსახურდიას საქმის მთავარი მოწმე ტელეეთერს ითხოვს - რას წერს ფინეთის საგამოძიებო ორგანოს ბესარიონ გუგუშვილი?
- +

6 აპრილი. 2019. 19:49

 

 

ზვიად გამსახურდიას საქმის მთავარი მოწმე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ გმოძიებას უნდობლობას უცხადებს და ჩვენების მიცემას მხოლოდ ტელეეთერის მეშვეობით ითხოვს.

 

 

ამის შესახებ საუბარია ბესარიონ გუგუშვილის მიერ ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს უფროსი გამომძიებლის, სუსანა პაროლას მიმართ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ წერილში.

 

ფინეთის გამოძიების ბიუროს მკვლელობების განყოფილებას ბესარიონ გუგუშვილის დაკითხვის მოთხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა, თუმცა წერილიდან ირკვევა, რომ გამსახურდიას საქმის მთავარი მოწმე ქართული გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. 

 

„გამარჯობათ სუსანა პოროლა

მე გადავამოწმე ფინეთის „კრიმინალური გამოძიების აქტი“ და აღმოვაჩინე, რომ:

თავი 7 – დაკითხვა

 

პარაგრაფი 1 – დასაკითხის დასწრება დაკითხვაზე.

(2) …დასაკითხ მოწმეს უფლება აქვს უპასუხოს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით…

 

ამ განმარტების შესაბამისად „კომუნიკაციის სხვა საშუალებები“ არ გამორიცხავს დაკითხვის ჩატარებას LIVE რეჟიმში ტელევიზიის მეშვეობით.

 

ამრიგად, ჩემს შემოთავაზებას ჩემი საჯარო დაკითხვა მოეწყოს საქართველოს ნებისმიერი პოპულარული დამოუკიდებელი ტელეარხის მეშვეობით ძლიერი საფუძველი აქვს ფინეთის „კრიმინალური გამოძიების აქტით“!

 

მე ტელევიზიით დაკითხვას ვითხოვ იმიტომ, რომ ჩემთვის ძალზე არსებითია ქართულმა სოციუმმა მიიღოს ჩემი პასუხები ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, და — მე ვშიშობ, რომ სხვა პირობებში საქართველოს პროკურატურა გაასაიდუმლოებს, მიჩქმალავს ჩემს პასუხებს და ისინი ქართული საზოგადოებრიობისთვის უცნობი დარჩება; ან, მათ შეუძლიათ მოახდინონ ჩემი პასუხების ფალსიფიცირება.

 

ფრიად მოსალოდნელი და საშიშია აგრეთვე არასამართლებრივი, ცილისმწამებლური ზეწოლა და პროვოკაციები საქმესთან დაკავშირებულ იმ პირებზეც, რომლებსაც ეხება საქართველოს არალეგიტიმური რეჟიმის პროკურატურის შეკითხვები. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ფასეული მოწმე უკვე მოკლულია და კიდევ მეტი გამუდმებული არაკაცული ცილისწამებებითა და დამცირებებით გამოწვეული უძლიერესი სტრესების გამო დაავადდა და გარდაიცვალა!

 

ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი

ბესარიონ გუგუშვილი“

 

 

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბესარიონ გუგუშვილი უკვე 24 წელია ფინეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ის დღემდე ირწმუნება, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, 1993 წლის 31 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში მდებარე ღურწკაიების საცხოვრებელ სახლში პრეზიდენტ გამსახურდიას სწორედ ბესარიონ გუგუშვილი ახლდა. იქვე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის დაცვის წევრები რობიზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×