logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიაზე: ჩვენ მოვახერხეთ და კანონიერად არჩეული პრეზიდენტი დავამხეთ...
- +

9 აპრილი. 2019. 22:38

 

„ჩვენ მოვახერხეთ და კანონიერად არჩეული პრეზიდენტი დავამხეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „პირისპირ“-ის ეთერში განაცხადა.

 

„1989 წლის აპრილიდან 1991 წლამდე ჩვენ მართლაც მოვახერხეთ ამ სულისკვეთების და აღტკინების მიტანა და ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადებაც, ამის შემდეგ 21 წელი გამოდის, 2011 წლამდე თუ განვიხილავთ, მართლაც შეიძლება განვიხილოთ თავდაღმართში სვლად, რამეთუ უკეთესობიდან ჩვენ მივიღეთ უარესი. უკეთესობა - ანუ მხედველობაში მაქვს გაერთიანებული ქართველი ერი ასეთი დიდი სულისკვეთებით - ალბათ დღესაც კი ჩვენთვის საოცნებოა. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ყველა ის ცუდი, რაც კი ისტორიაში სინონიმებად მოიხსენიება.

 

ყველა ომი ცუდია, მაგრამ ყველაზე საზიზღარი ომი სამოქალაქო ომია. ჩვენ მოვახერხეთ და ერთმანეთს დავერიეთ, ჩვენ მოვახერხეთ და კანონიერად არჩეული პრეზიდენტი დავამხეთ, ჩვენ მოვახერხეთ და კრიმინალებსაც ვამართინეთ ქვეყანა, ჩვენ მოვახერხეთ რომ უშუქობაში გვეცხოვრა, ჩვენ მოვახერხეთ ისიც, რომ ჩვენშივე გამოზრდილი, დიქტატორობისაკენ მიდრეკილი ხელისუფალი მოვიყვანეთ და საბოლოო ჯამში იმ  წარსულ წლებზე ასე ვთქვათ, პასუხიც კი გვაგებინა საზოგადოებას ჩვენივე ხელისუფლებამ. მხედველობაში მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ყველაფრის მიზეზი ალბათ პირველ რიგში გამოუცდელობა იყო, ჩვენ დიდხანს ბოლო ისტორიის მანძილზე არ გვქონდა საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი სამშობლოს მართვის გამოცდილება - ამას ჩვევები სჭირდება, ამისთვის საზოგადოება არ იყო მომზადებული.

 

საერთოდ ქართული ხასიათი საინტერესო ფენომენია. ჩემთვისაც ეს ძალიან საინტერესოა, მე ვფიქრობ, რომ ქართველები ძალიან ამბიციურები ვართ. ამბიცია კარგია, რამეთუ ამბიციის გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებ, ოღონდ ზომიერებაა საჭირო, როდესაც ამბიციას ცივი გონებაც თან ახლავს და პროპოციაში მოდის - შედეგიც კარგია. როდესაც ემოციურობას და ამბიციას თან არ ახლავს რაციონალზიმი, ძალიან ხშირად ცუდ შედეგს ვიღებთ და ეს არ არის ჩვენს ისტორიაში ერთადერთი სამწუხარო შედეგი. მიზეზი ეს გახლდათ. გახლდათ ალბათ ისიც რომ 2 წლის განმავლობაში - 1989-1991, როდესაც სახელმწიფო ჩამოყალიბდა, როდესაც გამოვაცხადეთ დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის შესახებ - ძალიან ბევრი დარჩა განაწყენებული, ძალიან ბევრი ვერ მოვიდა ხელისუფლებაში. ამავდროულად, გარედანაც იყო მცდელობა რომ ხელისუფლებაში მოსულიყო.

 

ჩვენი ამბიციურობით, რომელსაც რაციონალიზმიც თან ახლდა, ჩვენ ძალიან დიდი შედეგები მივიღეთ და ისტორიის ბევრი წელი შეიძლება საამაყოდ გავიხსენოთ, იგივე ამბიციურობამ რაციონალიზმის გარეშე, განსჯის და ცივი გონების გარეშე - ძალიან ხშირად ცუდ შედეგამდე მივყავართ და ეს წლებიც შეიძლება განვიხილოთ ასეთ წლებად. პირველ რიგში გამოუცდელობა, მერე ჩვენი დაუოკებელი ხასიათი, ემოციურობა ჩვენი, დიდი ამბიციები, - ამ შემთხვევაში ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ვერ მოვახერხეთ და ძალიან მძიმე შედეგი მივიღეთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×