logo_geo
eng_logo
„მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...“ - გურამ საღარაძისა და ტანია ბუჰბინდერის ზეცაში გადაწყვეტილი სიყვარულის ამბავი
- +

27 აპრილი. 2019. 17:24

 

 

„მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...“ - როდესაც გურამ საღარაძე შანდორ პეტეფის ამ ლექსს კითხულობდა, ყველამ იცოდა, რომ ცნობილი მსახიობი სიყვარულს ისევ და ისევ უძვირფასეს მეუღლეს, ტანია ბუჰბინდერს უხსნიდა...

 

ამბობდნენ, რომ მათი სიყვარული ზეცაში იყო გადაწყვეტილი...

 

ტანია ბუჰბინდერის მამა თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი იყო... გოგონამ მოსკოვში დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და ცოლად გაჰყვა ცნობილ ებრაელ მხატვარს, ბორია მესსერს (მსოფლიოში ცნობილი ბალერინას, მაია პლისეცკაიას ბიძაშვილს), თუმცა წყვილის ოჯახური ცხოვრება არ აეწყო.

 

 

ტანია ბორიას დაშორდა, თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მუშაობა თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. პროფესიით საოპერო რეჟისორი იყო და თბილისის ოპერაში სპექტაკლი „ტრავიატა“ დადგა... სწორედ თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს ერთმანეთი გურამ საღარაძემ და ტანია ბუჰბინდერმა, მალევე შეუღლდნენ…

 

გურამ საღარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავდა.

 

მარინა საღარაძე „კვირის პალიტრასთან“ იხსენებდა:

 

„ტანიას და გურამის სიყვარული მართლაც ლეგენდა იყო. ეს იყო სიყვარული, რომლის ცხოვრებაში ერთხელ გამოცდასაც ალბათ ყველა ინატრებს… მამა რომ გარდაიცვალა, უკვე 17 წელი იყო გარდაცვალებიდან გასული, მაგრამ ერთი დღეც არ ავიწყდებოდა, ტანიაზე რომ არ ესაუბრა და ელოცა... მამა ნამდვილად მასთან წავიდა…“

 

რუსთაველის თეატრის გასტროლებზე ყოფნისას ტანია თითქმის ყოველთვის თან ახლდა მეუღლეს.

 

ქალს სიცოცხლის ბოლო წლებში გული აწუხებდა, ერთხელაც გურამს დაურეკა თურმე, უთხრა, ცუდად ვარო, ცოცხალს ვეღარ მიუსწრო... სახლში დაბრუნებულ მსახიობს მეუღლე გარდაცვლილი დახვდა.

 

ტანიას გარდაცვალების შემდეგ გურამ საღარაძე მეუღლეს ასე იხსენებდა:

 

„ხომ ამბობენ, რომ დრო მკურნალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობს. უბრალოდ, ყოველდღიურობა გაჩვევს ამ ტკივილს, თორემ ამისგან ვერასოდეს განიკურნები. თავსაც ვერ მოიკლავ. სასაფლაოზე რომ ვარ და მის საფლავს ვუყურებ, ხომ არ გგონიათ, ავღელდე, ემოცია გამოვხატო... არა... საფლავი უცხოა ჩემთვის".

 

გურამმა საყვარელი ქალის ხსოვნას წიგნი მიუძღვნა:

 

„ტანია არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მასში უხვად იყო გამჯდარი სითბო, სიყვარული, ალერსი, რაც აუცილებელია და საჭიროა ადამიანის არსებობისთვის. მას, ღვთის მიერ ნაბოძები ერთგულებისა და წმინდა მეგობრობის დიდი ძალა ჰქონდა... ის ჩემი მეგობარი, მრჩეველი და შემფასებელი იყო. მისგან გამომდინარეობდა ყოველი კეთილი საქმე. თავის სტუდენტებთანაც კი, სადაც ასაკობრივი სხვაობა იყო, იქაც საუცხოო გარემოს ქმნიდა... ამიტომაც ბავშვებიც უზომოდ შეყვარებული იყვნენ მასზე.

 

ტანია ჩემზე რომ იყო შეყვარებული, მირეკავდა და ლექსის წაკითხვას მთხოვდა ხოლმე ტელეფონით. ბევრჯერ წავუკითხე, მაგრამ მერე „ჭკუა ვისწავლე" და მაგნიტოფონზე ჩაწერილს „ვუკითხავდი"... რა თქმა უნდა, ხვდებოდა, მაგრამ, საოცარია, არასოდეს უთქვამს რომ ვცრუობდი.

 

ძნელია მარტოობა. ეტყობა ეს გამოუცნობი ცხოვრების წესია, რომ ადამიანი ადრე მიდის ცხოვრებიდან. ტანია 10 წლით უმცროსი იყო ჩემზე. ჩვენ თეატრალური ინსტიტუტიდან ერთად მოვდივართ, ბევრი თაობა აღვზარდეთ... მტკიცე კავშირი გვქონდა და დღესაც ვაგრძელებ მასთან ურთიერთობას. ყველაფერი ისევ ისეა ჩემს ოჯახში, როგორც ტანიას სიცოცხლეში იყო...“

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×