logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი სამყარო წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

19 დეკემბერი. 2016. 03:37


 

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი - წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი - ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. წმ.ნიკოლოზი მართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.


ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან, მრავალიც განუკურნავს: ბრმათათვის თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია, ყრუთათვის - სმენა, უტყვთათვის - მეტყველების მადლი. სიღატაკეში მყოფთათვის - ცხოვრების სახსარი, დამშეულთათვის - სასმელ-საჭმელი.


ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს.



წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. როცა წმიდანი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა, შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა, მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, - განუზრახავს მათი საროსკიპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგვარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისგან. სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დას. ევროპისა და ჩრ. ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ - სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს. თუმცა, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.

 

წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება


წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები - თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდეს.


წმიდა ნიკოლოზი დაიბადა თუ არა, მისი დედა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სენი ტანჯავდა, მსწრაფლ განიკურნა. ნათლობისას კი ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს, მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ იღებდა.


წმ. ნიკოლოზმა ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი. მთელ დღეს ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. სულიწმინდით აღვსილმა მღვდელმთავარმა ამ დღეს ასე მიმართა ხალხს: "ძმანო, მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად, რომელი მონანულთა ნუგეშს მოჰფენს; კურთხეულ არს სამწყსო, რომლის მოძღვარიც იგი იქნება, რამეთუ ცოდვილთა სულებს კეთილად უწინამძღვრებს... და ჭირთა შინა შემწედ მოევლინება."


წმიდა ნიკოლოზი პრესვიტერი იყო, როცა ბიძამ ეპარქიის გამგებლობა ჩააბარა და თვითონ წავიდა ადგილების მოსალოცად პალესტინაში. წმიდანი დიდი სიყვარულით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა. ცდილობდა, არც ერთი ადამიანის გაჭირვება და უბედურება არ გამორჩენოდა მხედველობიდან.


პათარის ეპისკოპოსის დაბრუნების შემდეგ წმ. ნიკოლოზი პალესტინაში გაემგზავრა. გემზე ყოფნისას მან სასწაული ორჯერ აღასრულა: ჯერ გამძვინვარებული სტიქია ჩააწყნარა ლოცვით, შემდეგ კი ანძიდან ჩამოვარდნილი მეზღვაური ფეხზე უვნებლად წამოაყენა.


იერუსალიმში ჩასულმა წმიდა ნიკოლოზმა ლოცვით მოვლო წმიდა ადგილები. შორიდან მოსული დიდი მლოცველის წინაშე სიონის მთაზე ეკლესიის დახშული კარები ღამით თავისით გაიღო. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმიდა ადგილი მოილოცა, წმ. ნიკოლოზი უდაბნოში აპირებდა წასვლას, რათა იქ განდეგილის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ღვთაებრივმა ხმამ მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია.


მირონ-ლუკიაში დაბრუნებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ განმარტოებისაკენ ისრაფვოდა, მაგრამ უფლის ნებით მისი ცხოვრება სხვა გზით წარიმართა. მას თვითონ უფალი გამოეცხადა და ძვირფასი თვლებით შემკული სახარება უბოძა, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ომოფორი უწყალობა. სულ მალე ამ ჩვენებიდან წმიდა ნიკოლოზი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს. უსჯულო დიოკლეტიანეს მეფობის დროს, ქრისტიანების გააფრთებული დევნისას, მღვდელმთავარი ნიკოლოზიც დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს, სადაც იგი ქრისტიანებს ჭეშმარიტი რწმენით განამტკიცებდა და ეხმარებოდა, მხნედ გადაეტანათ მიყენებული ტანჯვა-წამება.


მოციქულთასწორის კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაში, რომელმაც სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. სხვა წმიდა მამებთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებული ალექსანდრიელი ხუცესის, მწვალებელი არიოზის ცრუ მოძღვრებას. ერეტიკოსის უტიფრობამ თვით სიმშვიდის ხატად ცნობილ წმ. ნიკოლოზსაც დააკარგვინა მოთმინება. ცრუ მოძღვარს, რომელიც თავისას ჯიუტად ამტკიცებდა, მან კვერთხი ჩაარტყა, რისთვისაც მღვდელმთავრის პატივი აეყარა და ომოფორი ჩამოერთვა. მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მამას ზეგარდამო ჩვენებით ეუწყა, რომ წმ. ნიკოლოზი მღვდელმთავრად თვით უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხეს, რის შედეგადაც მას უწინდელი ღირსება აღუდგინეს.


წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი წმიდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან წმიდა მირონი მოედინებოდა, რომლითაც მრავალი სასწაულებრივად იკურნებოდა. 1087 წელს წმიდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონ-ლუკიაში მას საფრთხე დაემუქრა მაჰმადიანების მხრიდან.


წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ტროპარი:


„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."


 

right_banner
არქივი
right_banner