logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს
- +

1 ივნისი. 2018. 10:59

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს, 11:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდის.

 

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

 

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.

 

წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.

 

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×