logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს ეკლესიურები არიან, მაგრამ მიწიერ კეთილდღეობას ეძებენ იესო ქრისტესგან
- +

21 აპრილი. 2019. 14:09

 

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადამიანების ნაწილი, რომლებიც საკუთარ თავს მორწმუნეებად თვლიან, მთელი ძალით ეპოტინებიან ამქვეყნიურ ცხოვრებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას, ამავე დროს, ჯვარსაც ატარებენ და თავიანთ თავს ქრისტიანებად თვლიან.

 

„დღეს არის საოცარი დღე, როდესაც შერწყმულია დიდი სიხარული და ზეიმი და ამავე დროს, ტრაგიკული დღეც არის, მძიმე დღეც არის დღეს. უფალი იესო ქრისტე პირველად შედის იერუსალიმში, როგორც ხელმწიფე. მას ეგებებიან მოქალაქეები, მთელი ქალაქი ეგებება როგორც მესიას. მას დაუგებენ პალმის რტოებს, თავიანთ ტანისამოსს, რომ დააბიჯოს იმ ტანისამოსს და სახლში წაიღონ მადლი, რომელიც იესო ქრისტეს აქვს, რომელიც იყო მკურნალი, მკვდრებს აღადგენდა, რომელიც აპურებდა ათასობით ადამიანს და მათთვის ის იყო დიდი წინასწარმეტყველი. ეს არის ზეიმი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სულ რამდენიმე დღეში იგივე ადამიანები მას უარყოფენ და მის ჯვარცმას მოითხოვენ. რატომ? -იმიტომ, რომ როდესაც ეგებებოდნენ მას, ეგონათ, რომ მესია გახდება პოლიტიკური ხელმწიფე, პოლიტიკურად გადაარჩენს და გაათავისუფლებს ისრაელს, რომ აღარ იქნება რომის ოკუპაცია, რომ დაისადგურებს სამართალი, სასამართლო გახდება სამართლიანი, რომ აღარ იქნებიან ღარიბები, ის განკურნავს მრავალ ადამიანს, ისრაელი გამეფდება სხვა ხალხებზე და ა.შ. მაგრამ როდესაც რამდენიმე დღეში იესო ქრისტე ნახეს დაპატიმრებული, დამდაბლებული, ჯვარზე მილურსმნული, თავზე ეკლიანი გვირგვინით და სისხლი სდის, ამან, რა თქმა უნდა, დიდი იმედგაცრუება გამოიწვია მათში. სულ სხვა რამეს ელოდნენ და სხვა რამე მიიღეს. მათ უნდოდათ მიწიური ხელმწიფება, მიწიურ კეთილდღეობას ელოდნენ იესო ქრისტესგან და ვერ გულისხმაჰყვეს, რომ მესია ქადაგებს ზეციურ სამეფოს და ზეციურ გადარჩენას. მაშინ იმდროინდელმა ხელისუფლებამაც იმუშავა თავისი პროპაგანდისტული მანქანით და ხალხიც დაბრკოლდა და იმედგაცრუებული დარჩა. ასეთი ტრაგიკული დღე არის დღეს. იესო ქრისტე იერუსალიმში შესვლისას ბევრს ქადაგებდა სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც მას არ მიიღებს. იგი ამბობს ასეთ სიტყვებს - „ამიერითგან დარჩება სახლი თქვენი ცარიელი“, ვინც არ მიიღებს მას, ვინც არ შეისმენს მის მცნებებს. რას ნიშნავს ცარიელი? -ეს არის ადამიანის სულიერი სახლი, ეს არის ქვეყნის სახლი, ეს არის სიმბოლო ერისა, ქვეყნისა, ადამიანისა, ოჯახისა, ყველაფრისა, ეს რჩება ცარიელი, როდესაც უარყოფს ღმერთს, უარყოფს ქრისტეს. ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება შეავსოს სიცარიელე, უდაბნო ადამიანური ცხოვრების, ეს არის ღმერთის არსებობა ადამიანის გულში, ადამიანის ცხოვრებაში და ღმერთის ცნებების აღსრულება. ამიტომაც უფალი ამბობს, რომ ცარიელი იქნება თქვენი სახლი. ჩვენ გვაფიქრებს ეს დღე იმაზეც, რომ რამდენად ვართ ახლოს თუ შორს ამ ყველაფერისგან, ჩვენ რას მოველით მესიისგან, იესო ქრისტესგან. იმიტომ, რომ ხშირად შეიძლება ისე მოხდეს, რომ მრავალი ჩვენგანიც აღმოჩნდეს იმედგაცრუებული. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს ეკლესიურები არიან, თითქოს არიან მორწმუნეები, მაგრამ მაშინდელი ებრაელების მსგავსად მიწიერ კეთილდღეობას ეძებენ იესო ქრისტესგან და როდესაც დგება ჟამი სნეულების ან გარდაცვალების, ასეთი ადამიანები უარყოფენ ყველაფერ იმას, რაც უფალმა სულის გადასარჩენად გამოუგზავნა. უარყოფენ და მთელი ძალით ეპოტინებიან ამქვეყნიურ ცხოვრებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას, ამავე დროს ჯვარსაც ატარებენ და თავიანთ თავს ქრისტიანებად თვლიან“, - ბრძანა მეუფე შიომ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×