logo_geo
eng_logo
აჩიკო მეფარიძე: რა ვიცი, ეგებ კობალაძის ორგანიზაციაა რუსული ინტერესის გამტარებელი?
- +

5 ივნისი. 2019. 16:35

 

 

მომღერალი აჩიკო მეფარიძე უკვე ათწლეულებია სცენაზე დგას, მისი სიმღერები დღესაც პოპულარულია. სიმღერა მისთვის მარტოს საყვარელი საქმე არ არის, შემოსავლის წყაროცაა. თვლის, რომ ავტორთა უფლებების დაცვა საქართველოშიც უნდა იდგეს იმ დონეზე, როგორც მსოფლიოშია და მისი დონის მომღერლისთვის ის კაპიკები, რასაც გიგა კობალაძის ორგანიზაცია უხდიდა, სასაცილო და დამამცირებელია:

 

- ანაზღაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე ვისაუბრებ, საქართველოში საავტორო უფლებები აქამდე დაცული არ ყოფილა! უბრალოდ, იმდენად სასაცილოა ის თანხა, რასაც წლიდან წლამდე საავტორო უფლებების ასოციაცია რიცხავდა, არც დავასახელებ.

 

- თქვენი პრეტენზიები დაგიფიქსირებიათ კომპანიასთან?

 

- ჩვენ - მომღერლებს, კომპოზიტორებს არანჟირების ავტორებს გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია და ასე თუ ისე ვიგებთ ერთმანეთისგან ამბებს, ინფორმაციას ვცვლით ხოლმე, თორემ ვინმეს ჯიბეში კი არ ვიხედები. სულ იყო უკმაყოფილება, ბევრისგან მესმოდა, რომ კაპიკებს უხდიდნენ. თუ ცოტა ისეთი ადამიანი ხარ, შეგიძლია „მიაწვე“, ეკამათო, მაშინ კარგად მთავრდებოდა ხოლმე ეგ საქმე და ჰონორარი ორმაგდებოდა. ერთხელ მეც მომიწია კამათი კობალაძესთან, ვუთხარი, რა სასაცილო თანხებს რიცხავ, ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ-თქო? და უმნიშვნელოდ გამოასწორა. სად ვეჭიდაო მე მაგას?

 

­- გამოსავალს რაში ხედავთ?

 

- წლები ვიყავით ასე, კობალაძის ხელის შემყურე, ზოგი აფიქსირებდა თავის პოზიციას და პრეტენზიას, ზოგიც - არა. ბაზარზე ალტერნატიული კომპანიის გამოჩენა ძალიან კარგია. მე წინააღმდეგი ვარ ყველანაირი მონოპოლიზაციის, კონკურენცია რაც უფრო მეტია, საქმე უკეთესად კეთდება. მოხდა ისე, რომ როგორც სჩვევიათ, ატეხეს ერთი ამბავი, რუსული კომპანიააო და გადაწყვიტეს, ჩირქი მოეცხოთ. „РАО“ არის კომპანია, რომელიც ქართველი ავტორების და შემსრულებლების გაჟღერებულ სიმღერებს ითვლის რუსულ ბაზარზე და შემდეგ ურიცხავს ქართულ კომპანიას, რათა ავტორებს გაუნაწილდეს ეს თანხა. რახან რუსეთი ოკუპანტია, იქ გაჟღერებული სიმღერების შემოსავალი არ უნდა ჩაგვერიცხოს? ეს რა აბსურდია? ყველაზე იოლია, რუსეთს გადააბრალო და ყველაზე მომგებიანი თემაა ამით აპელირება. მე რა ვიცი, ეგებ კობალაძის ორგანიზაციაა რუსული ინტერესის გამტარებელი? სიმართლე გითხრათ, ჩემი საქმე არც არის და არც მაინტერესებს, მე ვიცი - ჩემი უფლებები უნდა იყოს დაცული და ამით უნდა მივიღო შემოსავალი. „GWP“-ს ნაწილსაც ფლობენ რუსები და ენერგოკომპანიებშიც აქვთ წილი და ამიტომ არ მითხრას კობალაძემ, რომ წყალს არ სვამს და დენს არა ანთებს სახლში.

 

- ახალი კომპანიიდან რა შემოთავაზება გაქვთ?

 

- მე დღეს ვარ კომპანია „GERA“-ს სრულუფლებიანი წევრი, მაქვს ჩემი გვერდი ამ კომპანიაში და ზუსტად ვიცი, საიდან რას ჩარიცხავენ და რატომ. არის გამჭვირვალე კომპანია. კიდევ ერთს დავამატებ, მე არ ვიცი, რა პრინციპით მუშაობდა კობალაძის ორგანიზაცია, მაგრამ როცა ახალ კომპანიასთან გავაფორმე ხელშეკრულება, ჩამერიცხა წლების განმავლობაში დაგროვილი თანხა, სხვადასხვა ქვეყნებში გაჟღერებული ჩემი სიმღერების ჰონორარი. ერთი კითხვა მაქვს - რატომ გვაკარგვინებენ ამ ჩვენს შემოსავალს? თუ ამ ახალმა კომპანიამ მოახერხა ამ თანხის მოძიება, შენ წლები რომ ამ საქმეს აკეთებ და პრეტენზია გაქვს თან, რომ თურმე კარგად აკეთებ, სად იყავი? ჩვენ ძალიან დიდ ენერგიას და ფინანსებს ვდებთ ჩვენს საქმეში და ეს უნდა იყოს დაფასებული და ანაზღაურებული სათანადოდ! ვის აქვს უფლება, ჩვენს კისერზე მოჯდეს? ან ჩვენი ფულები „შეიტყაპუნოს“?

 

­- რახან ამბობთ,  რომ ვინმე თქვენს ფულს ითვისებდა, ამის საფუძველიც გექნებათ...

 

- ასეთი რამის დაბრალება და პირდაპირ ხელის დადება ძალიან ძნელია, თუმცა, დიდი შანსია იმისა, რომ ეგრე იყო. აბა, სად მიდიოდა ეს თანხები, როგორ ქრებოდა? საქმეს თუ აკეთებ, უნდა გააკეთო ხარისხიანად, ეჭვები რომ არ გააჩინო. მგონია და ამის თქმის საფუძველიც მაქვს, რომ ჩვენი თანხის დიდი ნაწილი ვიღაცამ მიითვისა, ფაქტია, რომ მე ჩემი შემოსავლის მიზერულ ნაწილსაც ვერ ვიღებდი. ვინც „სპექტაკლი“ დადგა, იკივლა და იწივლა, ერთი-ორი ვიცი ასეთი, მათი თანხები გაიზარდა, დანარჩენებთან  ძირითადად რა თანხაც დააწესეს, იმას რიცხავდნენ. გეუბნებით, ნინიას ბაღი იყო.

 

- როდესაც გაწყვიტეთ ხელშეკრულება, რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?

 

- იურისტმა დამირეკა, პასუხს მთხოვდა გადასვლაზე და აი, ნახავთო და მსგავსი ტექსტები. რომ ვკითხე, შვილო, რაშია საქმე, შენ თვითონ თუ იცი-თქო, აღმოჩნდა, რომ არ იყო საქმის კურში. იმ თანხის ოდენობაც კი არ იცოდა, რასაც მისი კომპანია რიცხავდა, კონფიდენციალურიაო. შენივე კომპანიაში შენთვის თუ არის კონფიდენციალური, აბა, მე რას მედავები, ჩემს უფლებებს ვისაც მინდა, იმას მივანდობ დასაცავად. ბავშვი იყო, შევეშვი, აღარ ავყევი. ასაკთან ერთად გამოცდილებაც მოემატება და სხვასთან მაინც გაითვალისწინებს, ასე ლაპარაკი და მუქარა რომ არ შეიძლება.

 

- პირდაპირი მუქარა იყო? ეგ ხომ დასჯადია?

 

- რაღაც ბავშვობაა, ეს მოგივა, ის მოგივა... არ შეიძლება მსგავსი ლაპარაკი, არაფერში არ წერია.

 

- „GERA“-სთან თანამშრომლობით კმაყოფილი ხართ?

 

 

- ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ, ცოტა დრო რომ გავა და შედარების საშუალება იქნება, მერე უფრო ვრცლად ვისაუბროთ ამ თემაზე. ის, რომ ალტერნატიული კომპანია გამოჩნდა ბაზარზე და კონკურენცია გაიზრდება, ამას მივესალმები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×