logo_geo
eng_logo
ბაკურ ბურდული: ჩემი გადასაწყვეტია, ვის მივანდობ ჩემი საავტორო უფლებების დაცვას
- +

6 ივნისი. 2019. 00:34

 

 

ბაკურ ბურდული საქართველოში ალტერნატიული მუსიკის პიონერად ითვლება. ისეთ დროს ისეთი მუსიკის შექმნა დაიწყო, რაც ქართველი საზოგადოებისთვის ახალი ხილი იყო. ბევრი სკეპტიკურად უდგებოდა ამ ყველაფერს, თუმცა, თაყვანისმცემლების მთელი არმია შეიძინეს და დღემდე გამოირჩევიან ორიგინალურობითა და ხელოვნებასთან ღრმა დამოკიდებულით.

 

პოპულარობა მათ ოჯახს არასდროს მოკლებია, თუმცა ყოველთვის უბრალო და თავმდაბალია. ეს ის ადამიანია, რომელიც მუსიკით გამოხატავს თავის სათქმელს. ბაკურ ბურდულის  შემოქმედებას და პერსონას არასდროს დაუკარგავს აქტუალობა. მუსიკოსს თავისი დამოკიდებულება აქვს საავტორო ულებების დაცვასთან და თვლის, რომ მისი საავტორო უფლებები საქართველოში მეტ-ნაკლებად დაცულია.

 

ბაკურ ბურდული:  ვთვლი, რომ საქართველოში საავტორო უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია. მე არ მიცხოვრია არცერთ სხვა ქვეყანაში და არ მითანამშრომლია მსგავსი ტიპის ორგანიზაციასთან, ამიტომ რა გამოცდილებაც მაქვს, იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ. დაახლოებით 5-6 წელი ვთანამშრომლობდი საავტორო უფლებების ასოციაციასთან -  „GCA“-სთან, რომელსაც ხელმძღვანელობს გიგა კობალაძე. მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია. დღეს კი ვარ ასოციაცია „GERA“-ს წევრი. ვიმეორებ, „GCA“-სთან პრობლემა არ მქონია, უბრალოდ ვთვლი, რომ ჩემი გადასაწყვეტია, ვის მივანდობ ჩემი საავტორო უფლებების დაცვას.

 

- როდესაც „GCA“-სთან ხელშეკრულება შეწყვიტეთ, პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?

 

-  არა, რა პრობლემა უნდა შემქმნოდა? მე გიგასთან ძალიან მეგობრული და კარგი ურთიერთობა მაქვს. იგი პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებას და გაგებით ეკიდება ჩემს არჩევანს. არ ვარ კონფლიქტური  ადამიანი, ძალიან ვერიდები გაუგებრობას. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, მივედი და ვუთხარი, გიგა, ძმაო, ასეა, ასეა საქმე და მანაც გაიგო. ზოგადად, როდესაც რაღაც ახალი კეთდება და იქმნება, მე ყოველთვის მივესალმები.

 

- რა მოლოდინები გაქვთ ახალი კომპანიისგან?

 

- მე ვარ მათ გვერდით, მოხარული ვიქნები, რომ ყველაფერი კარგად აეწყოს, ნელ-ნელა წავიდეთ წინ და ცოტა განვვითარდეთ. ქვეყანაში, სადაც საუკეთესო ათეულიც კი არ გვაქვს, ცოტა ძნელია, ისაუბრო შოუზე, მითუმეტეს ბიზნესზე და ავტორთა უფლებების დაცვაზე. ალბათ გამოსწორდება ყველაფერი, დრო სჭირდება.

 

- გიგა კობალაძის ორგანიზაცია ბაზარზე ალტერნატიული ორგანიზაციის შემოსვლას საკმაოდ აგრესიულად დაუპირისპირდა, თუ შემოგთავაზეს  ვიდეორგოლში „არა ინტელექტის ოკუპაციას“ მონაწილეობა?

 

- არავის კონფლიქტში არ მსურს ჩარევა, ხომ გეუბნებით, არ ვარ ბუნებით ასეთი ადამიანი და არც ვერევი. რაც შეეხება ვიდეორგოლს, მონაწილეობა არ მიმიღია, არც არავის შემოთავაზებია, არ ვიცი, რატომ, ეტყობა, გამოვრჩი ვინმეს. რაც შეეხება ოკუპაციას, ძალიან ცუდი რამ არის, მაგრამ ინტელექტის ოკუპაცია როგორ უნდა მოახდინონ, აი, ეგ არ ვიცი. პრინციპში, ოცდაჩვიდმეტ წელს, კი იცით, რაც მოხდა და გაწყვიტეს ინტელიგენცია, არა მგონია, დღეს ამის საშიშროება იყოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×