logo_geo
eng_logo
„პიონერფილმი“ 60 წლისაა! - ინტერვიუ „გრიშა მასწ“-თან
- +

6 ივნისი. 2019. 16:15

 

2 ივნისს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში „პიონერფილმის“ 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. გამომსვლელებმა გაწეული სამსახურისათვის   მადლობა გადაუხადეს „პიონერფილმის“ ხელმძღვანელს, ბატონ გრიგოლ ჩიგოგიძეს და ის არაერთი სიურპრიზითაც გაახარეს.

 

ღონისძიების დასასრულს დრო ვიხელთე და „გრიშა მასწ“-ს უფრო დაწვრილებით ვესაუბრე „პიონერფილმისა“ და მისი ცხოვრებისეული ისტორიების შესახებ.

 

- როდის დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება „პიონერფილმს“?

 

-1956 წელი იყო, როდესაც „პიონერფილმი“ დაარსდა. მეც კინომექანიკოსთა წრიდან ვისკუპე და ჩავხტი ამ ჯგუფში. ძალიან კარგი ჯგუფი იყო, ჩვენი პირველი ფილმი გახლდათ  „ჩვენ მეგობრები ვართ“. ამ ჯგუფში შემდეგ გაერთიანდნენ ისეთი წარმატებული ადამიანები, როგორებიც იყვნენ: ჯემალ ნინუა, ვარლამ ნიკოლაძე, ზეზვა ღუღუნიშვილი, თინა ყალიჩავა, თამაზ ხუციშვილი, მერაბ ოდიშარია... მოკლედ,  კარგი იყო, კარგად ვხალისობდით, ვერთობოდით და მე მგონი, ფილმიც ძალიან კარგი გამოვიდა. ფილმში გადაღებული გვყავს გალაკტიონ ტაბიძე, სერგო ზაქარიაძე, აკაკი ხორავა... ამ კადრებით ისტორიას ძალიან ბევრი კარგი ადამიანი შემორჩა. გადაღების პროცესი მაშინ ძალიან სასაცილო იყო, აი, თუ თქვენი კამერა იწონის ნახევარ კილოს, ჩვენი კამერა ოც კილოს იწონიდა. 

 

- „პიონერფილმის“ გადაღებული ფილმებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული?

 

-ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ფილმი, რომელმაც დიდი წარმატებაც მოგვიტანა, არის „ქილა“. ეს კინოფილმი ძალიან მოსწონდათ ბავშვებს. მოსკოვში კი „ქილამ“ მთავარი პრიზიც მოიპოვა.

 

-როგორც ვიცი, ტელევიზიაშიც მუშაობდით. რა გასწავლათ ამ პერიოდმა?

 

-ტელევიზია ჩემი მეორე სახლი კი არაა, არამედ მთელი ჩემი წარმატება ტელევიზიას უკავშირდება. თუკი „პიონერფილმს“ რაიმე წარმატება აქვს, ეს „პირველ არხს“ უკავშირდება. მე რომ მივედი, მაშინ ტელევიზია იყო ფუნიკულიორზე, ფეხით დავდიოდი და დამქონდა ფირები. ფოტოებსაც ვიღებდი.

 

- დღემდე შემოქმედებითად აქტიური ადამიანი ხართ. როგორ ახერხებთ ამას?

 

-მე ვფიქრობ, რომ მიხარია სამსახური, სადაც ვმუშაობ. მიხარია, რომ ყოველდღე თუ მოვდივარ, ამით ბავშვებს ვახარებ და ერთად რაღაცა საინტერესოს ვაკეთებთ.

 

- რთულია, იყო „გრიშა მასწი“?

 

-პრინციპში რთულია, რომ უყვარდე ბავშვებს. ახლა ერთი ბავშვი არის ჩვენთან, მამა არ ჰყავს და ჩემს ტელეფონის ნომერზე „მამა“ უწერია. ამაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს?! გულის ოპერაცია გავიკეთე ჩაფიძის კლინიკაში და ექთანმა მითხრა, ბავშვები დგანან ბუშტებით, ალბათ, შენ გეძახიანო. მართლაც გავიხედე და ბავშვები იდგნენ და ბუშტებს აქანავებდნენ.

 

- როგორ ახერხებთ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას?

 

-ბავშვებთან რომ მიდიხარ, იმათ არ აინტერესებთ შენი პრობლემები - დედა გყავს ავად, კუჭი გაქვს აშლილი, წნევა გაქვს... მათ უნდათ, რომ მასწავლებელი დახვდეთ მხიარული, იყოს ფორმაში, კარგად ჩაცმული და აუცილებლად, სუფთა გულით და თბილად უნდა შეხვდე ბავშვებს.

 

-რთულია სხვადასხვა თაობის  ბავშვებთან ურთიერთობა?

 

-რასაკვირველია, სულ სხვანაირი ბავშვები არიან ახლა, სულ სხვანაირი ბავშვები იყვნენ ადრე. მაგრამ ყველას ერთი სურვილი აქვს - აქ იყოს მხიარული განწყობა. შენ თუ აქ შეხვდი ბავშვს დამწუხრებული და ცუდ ხასიათზე, ის მოვა ერთი-ორჯერ და მერე საერთოდ აღარ დაბრუნდება.

 

-რომელიმე აღსაზრდელი თუ დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?

 

-ზოგი ბავშვი უკვე ლიდერად იბადება. აი, ახლა მაგალითად, იყო ასეთი ნინო შუბლაძე. იყო ლაშა ჟვანია... იყვნენ ბავშვები, რომლებიც ლიდერები აქ ხდებიან - ქეთევან ბალარჯიშვილი, თუთა ბალარჯიშვილი, თამუნა კვერნაძე. ერთი საშინლად ცელქი ბავშვი გვყავდა, გია კერესელიძე. მოსკოვში გავაგზავნეთ პიონერთა საკავშირო ყრილობაზე, ეს იყო რაღაც უმაღლესი დონე ბავშვებისთვის და იქაც ისე აურია, მაგრამ იქაურმა ცეკას მდივანმა მომწერა: ის ძალიან ცელქი, მაგრამ ჭკვიანი და კარგი ბიჭიაო. დღეს გია ამერიკაში მუშაობს, ჰოლივუდში და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.

 

- პიონერფილმელები ყელსახვევებით არ დადიოდნენ?

 

-ვცდილობდი, რომ არ ეარათ. საკავშირო ბანაკში ვიყავით რამდენჯერმე და იქაც ვცდილობდი, რომ არ გადამეტვირთა ჩვენი ბავშვები. ერთხელ მივიღე რაღაც გაფრთხილებასავით, მეორედ და მერე მითხრეს, რაც გინდათ, ის ქენითო. ყოველთვის გამორჩეულები იყვნენ ჩვენი ბავშვები თავისი სიცელქითაც, სიმხიარულითაც, ცეკვითაც, თამაშითაც და ყოველთვის ნორმალურად იქცეოდნენ.

 

-რაიმე ცხოვრებისეულ თავგადასავალს თუ გაიხსენებდით?

 

-„ნიჭიერი“ რომ დაიწყო, „რუსთავი 2“-მა მთხოვა, 10 კარგი ბავშვი გამოუშვი, რომლებიც კოორდინატორებად იმუშავებენო და გავუშვი ეს ბავშვები. მეორე დღეა, სტუმრებთან არიან, ანაწილებენ არტისტებს. დავურეკე ერთ-ერთ ბავშვს და ვუთხარი, ხვალ ყველამ მოიტანეთ საცერი, სენაკიდან ჩამოდის ჯგუფი და იმათ სჭირდებათ-მეთქი.  ბავშვებმა მეორე დღეს 10 საცერი მიიტანეს. ჯგუფის ხელმძღვანელს ეკითხებიან, ელისო, მოვიტანეთ საცრებიო.  ელისოს გაუკვირდა, რად გინდოდათო? აბა, ხომ დაგვირეკეთო... მერე მიხვდნენ ჩემს ხუმრობას.

 

-რა არის „პიონერფილმის“ მთავრი დამსახურება საზოგადოების წინაშე?

 

- ჩვენ მარტო ფილმები რომ გვქონოდა, ეს არაფერი არ იქნებოდა. გარდა ამ ფილმებისა, მნიშვნელოვანი ის  არის, რომ ბავშვებმა დრო უნდა გაატარონ. ამიტომ ხშირად ვაწყობთ შეხვედრებს, სხვადასხვა საღამოებს, გასვლებს. აი, კინოქალაქი „სინემა“ დღეს ბევრჯერ ახსენეს. ჩაგვყავს 15 ბავშვი, ადგილობრივი 15 ბავშვი ხვდება და ერთად იღებენ სხვადასხვა ფილმებს. ახლა თუ გამოგვივიდა, ბავშვები უნდა წავიყვანო ნინოწმინდაში. ნინოწმინდაში ძირითადად სომხური მოსახლეობაა, ჩვენ ჩავიტანთ ქართულ სიმღერებს, ქართულ ცეკვებს, ქართულ ფილმებს და ვნახოთ, რა გამოვა.

 

-შემდგარი ადამიანი ხართ?

 

-აბა რა, 100 %-ით. კარგი შვილები მყავს, ულამაზესი ცოლი, მე ასე ვთვლი. სამსახურში კარგად ვარ. ერთადერთი - ხელფასი მაქვს დაბალი, თორემ დანარჩენი ყველაფერი მაქვს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×