logo_geo
eng_logo
ოჯახი დიდი ისტორიით
- +

8 ივნისი. 2019. 19:37

 

ვერაზე, ზანდუკელის ქუჩაზე, პალმებიან და კიპარისებიან ეზოში, ძველი სახლი დგას, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს შენდებოდა. ასეთ უბნებში თითქმის ყველა სახლს საკუთარი ისტორია აქვს. თუმცა, ეს მაინც გამორჩეულია. ქუჩიდან რომ უყურებ, თითქოს ვერაფერს ატყობ განსაკუთრებულს: არც ძალიან მდიდრულია, არც მოჩუქურთმებული. სადა, თეთრი ხის ფანჯრები დახვეწილ იერს აძლევს და ხვდები, რომ ამ სახლს თავისი ხასიათი აქვს, თბილისური ხასიათი.

აქ გვარიშვილების ოჯახი ცხოვრობს. ოჯახი დიდი ისტორიით.

 

70 წლის წინ, ამ უბანში (მაშინდელ ჯავახიშვილის ქუჩაზე), ილიას გვარიშვილმა სახლი ააშენა. შემდეგ მისმა შვილმა, კუკურიმ ერთი სართული დაამატა. კუკურის შვილმა, მამუკამ, მესამე და დღეს, სამი თაობის აშენებულ სამსართულიან სახლში ცხოვრობს ალექსანდრე გვარიშვილი მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად. აქ დაიბადა და გაიზარდა ალექსანდრეს დაც, თათო და მისი ოთხი შვილი. სულ ორი თვეა, რაც და-ძმა ქართველი ხელოვანებისთვის ძალიან საინტერესო საქმეს ჩაუდგა სათავეში. ამაზე ქვემოთ უფრო დეტალურად მოგიყვებით. ახლა ისევ სახლს დავუბრუნდეთ.

 

 

თათო გვარიშვილი, ერეკლე, გიგი, დანი და ალექსანდრე ანთაძეები

 

იყო დრო, როცა ამ სახლში ოთხივე თაობა ერთად ცხოვრობდა. თან ისე, რომ ყოველთვის ჰყავდათ მინიმუმ ერთი სტუმარი მაინც. მაგალითად, ნათესავები გურიიდან, რომლებიც უმაღლესში მოწყობის შემდეგ, 5-6 წლით თბილისში რჩებოდნენ. აქ, წლების მანძილზე, ძალიან საინტერესო ადამიანები იკრიბებოდნენ: ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი, გია ყანჩელი, სერგო ფარაჯანოვი, ჯანსუღ კახიძე, მერაბ მერაბიშვილი, ნოდარ დუმბაძე... ამ ოჯახის წევრი იყო თბილისის ყოფილი მერი ოთარ ლითანიშვილი და მისი პირველი მეუღლე, მსახიობი სალომე ყანჩელი. 90-იანების დასაწყისში, მაშინ, როცა თბილისში ერთი სასტუმროც კი არ ფუნქციონირებდა, გვარიშვილებთან ფილადელფიის და ჩიკაგოს შერიფებიც კი ცხოვრობდნენ, რომლებიც საქართველოს ოფიცილური ვიზიტით სტუმრობდნენ. აქ გადაიღო პოეტმა პაკო სვიმონიშვილმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "კენტი რიცხვები".

 

აი, ამას ვგულისხმობდი ზემოთ - ეს არის სახლი თბილისური ხასიათით.

 

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: ვინ იყვნენ ამ სახლის მასპინძლები ასეთი დიდი სამეგობრო წრით? მამუკა გვარიშვილი, თბილისის კოლორიტი, წლების მანძილზე მინისტრთა კაბინეტში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება მის მეუღლეს, თათოს და ალექსანდრეს დედას, დარწმუნებული ვარ, სახელს რომ წაიკითხავთ, იფიქრებთ, მის შვილებზე აქამდე როგორ არაფერი გვსმენიაო. ისე მოხდა, რომ ცნობილი ტელე და რადიო წამყვანის, ნანა ჯაფარიძის შვილებმა ეკრანის მიღმა არჩიეს ცხოვრება და მედიასთან საერთოდ არ ჰქონიათ შეხება. თუმცა, ბოლო ერთი წელია, თათო თავის უფროს შვილთან, გიგი ანთაძესთან ერთად, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, როცა 15 წლის გიგის თბილისის მერიამ "მზიურის" პარკში გარე ვაჭრობისთვის ადგილი გამოუყო და წვენსაწური აპარატიც აჩუქა. დიახ, დიახ, ეს ის გიგია, "გიგის წვენები"-ს გიგი.

 

 

თუ ჩემი მკითხველი 30 წელს ქვემოთ არის და არ ახსოვს 80-იანების თბილისი, გეტყვით, რომ ნანა ჯაფარიძემ ჟურნალისტური საქმიანობა რადიოში დაიწყო გადაცემით "პიკის საათი". შემდეგ გადაცემა "საღამო მშვიდობისა" მიჰყავდა მამუკა არეშიძესთან ერთად. ნანა ჯაფარიძის სახელი მაშინდელ ჟურნალისტიკაში ახალ სიტყვასთან ასოცირდებოდა. გადაცემის წაყვანის სტილი, არა "დიქტორული", არამედ უფრო თოქ-შოუს ფორმატის, 80-იანებში ნამდვილი ინოვაცია იყო. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული შვილიშვილების აღზრდაში. ალექსანდრეს უფროსი გოგო, ნანკა, 21 წლისაა და უკვე კარგად აქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბებიის მიდგომა სწავლის და, ზოგადად, ცხოვრების სტილის მიმართ.

 

„ბებიაჩემისგან ვისწავლე დღის გეგმის შედგენა. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება დეტალურად გაწერილი კვირის გეგმის გარეშე. ნანას დამსახურებაა, რომ გამართულად ვსაუბრობ. გრამატიკა, ლიტერატურა და ისტორია ყოველთვის მისი პრიორიტეტი იყო და მეც ამ საგნებში განსაკუთრებით ვემზადებოდი. ნანკას შეიძლება ბევრი არ იცნობთ, მაგრამ ცხოველების უფლებადამცველებში მას და მის 3 ძაღლს სახელი დიდი ხანია განთქმული აქვთ. უკვე სტაჟიანი აქტივისტები არიან და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში დიდი წვლილიც მიუძღვით“.

 

 

ნანკა გვარიშვილი, ელიჩკა ნადარეიშვილი, კირა გვარიშვილი და ალექსანდრე გვარიშვილი

 

ნანა ჯაფარიძის აღზრდილია კიდევ ერთი შვილიშვილი, თათოს უფროსი ბიჭი, გიგი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე. გიგი 13 წლის ასაკში უკვე თავის შემოსავალზე ფიქრობდა. და არა მარტო ფიქრობდა, მიზანი დაისახა და დღემდე მიჰყვება არჩეულ გზას. დედამისი ხუმრობით ასე ამბობს, - „გიგის რომ ჰკითხოთ 30+40 რამდენია, შეიძლება დაიბნეს, მაგრამ კითხვას თუ ასე დაუსვამთ: რამდენია 30 ლარს + 40 ლარი? მაშინვე გიპასუხებთ“. გიგი ფიქრობს, რომ დედამისის და ბებიამისის გარეშე წარმატებული ვერ იქნებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი იყვნენ პირველები, ვინც უთხრეს - შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მისცეს სრული თავისუფლება.

 

ამ დიდ ოჯახში ყველა წევრს თავისი ხასიათი აქვს. ერთმანეთს არ ჰგვანან. თითოეული მათგანი განსხვავებული პერსონაა. ყველაზე პატარებს, 4 წლის კირას და ერეკლეს და 7 წლის ალექსანდრესაც კი ეტყობათ, რომ არავის გავლენის ქვეშ არ ექცევიან. იგივეს ვიტყოდი 14 წლის დანიზეც. აშკარაა, რომ გვარიშვილებმა ერთმანეთის პირადი სივრცის და თავისუფლების ფასი იციან. მაგალითად, როგორც ნანკა ამბობს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მამამისი 14 ტატუს გაკეთების უფლებას მისცემდა. არ გაინტერესებთ დედამისი, ელიჩკა ამ ფაქტს როგორ შეხვდა? თვითონაც გაიკეთა ტატუ ხელზე. ასე აარიდა თავის შვილს უფროსი და კონსერვატორი თაობის რისხვა.

 

 

ნანკა და ემა

 

ელიჩკა ნადარეიშვილი, ალექსანდრეს მეუღლე, სოხუმიდანაა. 14 წლის იყო, როცა ოჯახი იძულებული გახდა თბილისში გადმოსახლებულიყო. ზუსტად 2 წლის შემდეგ კი, ალექსანდრე გაიცნო და 10 დღეში ცოლადაც გაჰყვა. დიახ, ასეთებიც ხდებოდა 90-იანებში. მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახს 27 წლის შემდეგაც ინარჩუნებენ. სახლში ყველა თანხმდება, რომ გვარიშვილების ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი სწორედ ელიჩკაა.

 

სხვათა შორის, დაკვირვებული ვარ, რომ ბევრ, ასეთი დიდი ტრადიციების მქონე ოჯახის წევრს, საქმის კეთებაც ერთად ურჩევნია. არიან ადამიანები, ვისაც პრინციპულად არ უნდა ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად მუშაობა, მაგრამ ალექსანდრეს შემთხვევაში სწორედ ოჯახის წევრებს ენიჭებათ პრიორიტეტი. ზემოთ ვახსენე და-ძმის სულ ახალი წამოწყება, რომელიც ქართველი ხელოვანების კეთილდღეობას ეხება. 2 თვის წინ, ალექსანდრეს ინიციატივით დაარსდა „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“, სადაც გენერალური დირექტორი თათოა, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე - თავად არის. როგორც გითხარით, ამ ოჯახის მეგობრების წრეში ძალიან ბევრი ხელოვანია. სწორედ მათი სათანადო დონეზე დაუფასებლობა გახდა ალექსანდრესთვის „საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის“ დაარსების მიზეზი.

 

„ჩვენ საქართველოში დავნერგეთ ახალი, ციფრული ტექნოლოგია Rozum B2B ფლეიერის სახით, რომელიც მუსიკალური გაფორმების მიზნით, ნებისმიერ ობიექტში შესაძლოა განთავსდეს. დანადგარში ჩატვირთულია როგორც უცხოელი, ისე ქართველი მუსიკოსების კატალოგები. ფლეიერი საშუალებას იძლევა მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების იდენტიფიცირება და შემოქმედი ადამიანის შრომის სათანადოდ, ობიექტურად და მაქსმალურად სწრაფად ანაზღაურება. დროა საქართველოშიც ამუშავდეს თანამედროვე მიდგომა საავტორო უფლებების დაცვის მიმართ. ჩვენ უკვე მივიღეთ ცნობილი ხმის ჩამწერი ბრენდების Warner Music-ის და Sony-ს პროდუქციის გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლება. ჩვენი ასოციაციის უახლოესი გეგმაა დიდი პრეზენტაცია თბილისში“, - ამბობს ალექსანდრე გვარიშვილი.

 

 

ალექსანდრე გვარიშვილი, თათო გვარიშვილი

 

კიდევ ერთი სიახლე, რასაც ახალი ასოციაცია სთავაზობს საზოგადოებას, ეს არის ვებგვერდი www.allart.ge

 

რომელიც საქართველოს მსოფლიო კულტურის სიახლეებს გააცნობს. თათოს დიდი სურვილი იყო ისეთი პლატფორმის ამუშავება, სადაც გამოქვეყნდება ყველა საინტერესო ამბავი ქართველ ხელოვანებზე.

 

ასე აგრძელებს და-ძმა დედის გზას, რომელიც სულ სიახლეების ძიებაში იყო. ახლა უკვე შვილები ამბობენ ახალ სიტყვას საკუთარ საქმეში.

 

 

 

ტექსტი: ნატალია ყიფიანი

ფოტო: LIG Studio

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×