logo_geo
eng_logo
რეზო ბლიაძე: თუ ჩემთან არ ხარ, მაშინ თავში ქვა გიხლიაო, ესაა უფლებების დაცვა „GCA“- სეულად
- +

24 ივნისი. 2019. 16:18

 

არცთუ ისე  დიდი ხანია, რაც მუსიკალური ჯგუფი, საკამოდ უცნაური სახელწოდებით „რეზო და ბავშვები“ ქართულ მუსიკალურ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა, პოპულარობა მალევე მოიპოვა და მათი სიმღერები აქტიურად ჟღერს ქართულ კარაოკეებსა და ბარებში, აქტუალობას არ კარგავენ ინტერნეტ სივრცეში.

რეზო ბლიაძე ჯგუფის სოლისტი, ტექსტისა და  მუსიკის ავტორია, ლევან ხოტივარი კი - მუსიკას ტექნიკურად მართავს, არანჟირებას უკეთებს და ასევე, ჯგუფის გიტარისტია... მათ გარდა, ჯგუფს კიდევ სამი წევრი ჰყავს... „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში რეზომ და ლევანმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციასთან შეექმნათ:

 

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში ავტორთა უფლებები დაცულია?

 

რეზო ბლიაძე: აქამდე რომელ კომპანიასთანაც გვქონდა საქმიანი ურთიერთობა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვგრძნობდი, რომ დაცული იყო ჩვენი უფლებები.

 

ლევან ხოტივარი: არანაირ ლოგიკაში არ ჯდება GCA“-სთან  მიმართებაში რომ ვახსენო უფლებების დაცვა, სადაც გაიხედავდი, ყველგან ჩვენი სიმღერა ისმოდა, რადიოში, ტელევიზიაში, კონცერტებზე, ისინი კი გვიმტკიცებდნენ, რომ ასე არ იყო.

 

- საიდან გამომდინარე გეუბნებოდნენ, როგორ აკონტროლებდნენ თქვენს რეიტინგს?

 

ლევანი: არ ვიცი, რაღაც თავისი მეთოდები ჰქონდათ, რითიც აკონტროლებდნენ.

 

რეზო: მე, მაგალითად, ვერ გავიგე, როგორ ითვლიდნენ, რა პრინციპით ანაწილებდნენ ჰონორარს. საინფორმაციო ბადეებს აკონტროლებდნენ, რესტორნებს, კლუბებს? რით ითვლიდნენ და შემდეგ ჰონორარი როგორ გამოყავდათ, ჩვენთვის კვლავ უცნობია.

 

- არ გქონიათ ამაზე საუბარი კომპეტენტურ პირთან?

 

ლევანი: პასუხი არ არის.

 

- რას ნიშნავს „პასუხი არ არის“?

 

­რეზო: ამაზე საუბარი გვქონდა ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ „GCA“-ში, მაგრამ დღემდე არ ვიცი, რაზე მუშაობენ. რაც შეეხება ახალ კომპანიას „გერას“, ის გვთავაზობს, რომ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, ტექნიკაც უწყობთ ამაში ხელს და მათემატიკურად მაინც იქნება დათვლილი და არა პირადი სურვილისამებრ, რომ ვიღაც პირობითად დოდო, რომელიც სამოცდაათი წელია სცენაზე დგას, მიიღებს იმაზე მეტ ჰონორარს, ვიდრე ჩვენ, რადგან ჩვენ ვართ დამწყებები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საქმის მიმართ არასწორი მიდგომა.

 

- იურისტთან არ გაგივლიათ კონსულტაცია?

 

რეზო:  ვესაუბრეთ „GCA“-ს იურისტს, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ძალიან დიდი პატივს გვცემს, მაგრამ ვერაფრით დაგვეხმარა.

 

ლევანი: დასახმარებლები რომ ვართ, მაგაზე შევთანხმდით და ის, რომ არასწორია, რაც პირადად ჩვენთან მიმართებაში ხდება, ამას წყალი არ გაუვა. თავიდან, როდესაც დავრეგისტრირდით, რეზო დარეგისტრირდა როგორც სიმღერების და ტექსტის ავტორი, მე - როგორც არანჟირების ავტორი და ცალკე ჯგუფი. ამ ორი წლის განმავლობაში, დამიჯერეთ, ჩემს სახელზე და ჯგუფის სახელზე არ ჩარიცხულა არცერთი თეთრი, რეზოს რაც ჩაერიცხა, ეგ კიდევ სხვა თემაა და არაა სალაპარაკო, უბრალოდ დაცინვაა, მეტი არაფერი. ამ ყველაფრის შემდეგ სირცხვილია, როდესაც გამოდიან და აპელირებენ ოკუპაციის თემით, და დაფინანსებული ნიუსებით ცდილობენ, ხალხს მცდარი აზრი მოახვიონ თავზე. ბოლო ექვსი თვეა საერთოდ კაპიკი არ ჩაურიცხავთ და მითხრან ახლა, ვინაა ოკუპანტი?

 

რეზო: არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ რადგან ლევანმა წამოჭრა, ვიტყვი, რამხელა უსამართლობასთან გვაქვს საქმე. უკვე ექვსი თვეა თეთრი არ ჩარიცხულა ჩემს ანგარიშზე, თორემ ჯგუფს რომ არაფერი ერიცხებოდა და ლევანს, მაგას უკვე ნაწილობრივ შევეგუეთ.

 

ლევანი: მანამდე რასაც რიცხავდნენ, ხომ სამართლიანი იყო და სწორი...

 

რეზო: პირადად მქონდა საუბარი ამ თემაზე და არ ვაპირებდი გასაჯაროვებას, მაგრამ რახან პასუხი არ ჩანს, ვიტყვი. ხელშეკრულებაში დევს ასეთი პუნქტი - თუ ჩვენ შევწყვეტდით მათთან ურთიერთობას, სამი თვის განმავლობაში მათ ექნებოდათ ჩვენი კუთვნილი ჰონორარის შეგროვების უფლება. ვინაიდან ჩვენ მიწერილი გვაქვს ხელშეკრულების შეწყვეტაზე წერილი, ველოდებით პასუხს მათგან. მოცემულ სიტუაციაში აღარც თვითონ გვიგროვებენ ჰონორარს და არც ახალ საავტორო უფლებადამცველ კომპანია „GERA“-ს აძლევენ საშუალებას, ჩვენი ჰონორარი შეაგროვოს. დაგვტოვეს ასე ჰაერში გამოკიდებული, კიდევ ეგენი საუბრობენ საერთოდ რამის ოკუპაციაზე? თუ ჩემთან არ ხარ, მაშინ თავში ქვა გიხლიაო, ესაა უფლებების დაცვა  „GCA“- სეულად.

 

- ამ ეტაპზე არ ხართ არცერთი საავტორო უფლების დაცვის ორგანიზაციის წევრები?

 

რეზო:  ვართ საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“-ს წევრები, იმიტომ რომ უკეთესი პირობები შემოგვთავაზეს, ნაკლები კითხვის ნიშანია, უფრო გამჭვირვალეა, და სად ვიქნები და ვის მივანდობ ჩემი უფლებების დაცვას, ეს ჩემი საქმეა. სადავოც არ უნდა იყოს ამაზე არაფერი, როდესაც ცივილიზებულ ხალხთან და კომპანიასთან გაქვს ურთიერთობა.

 

­- „არა ინტელექტის ოკუპაციას“ - ასე დაუპირისპირდა „GCA“ „GERA“-ს ბაზარზე შემოსვლას. თქვენი აზრით, სამართლიანი ასეთი მიდგომა?

 

რეზო:  ვფიქრობ, სირცხვილია ამ თემაზე საუბარი საერთოდ. ვინ რის ოკუპაციას ახდენს, ესეც ნათლად ჩანს. მაჩვენონ ჯგუფი, ვინც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ასეთი პოპულარობა მოიპოვა, როგორიც „რეზო და ბავშვები“-მა, მაჩვენონ ამდენი გაჰიტებული სიმღერა, ამდენი ნახვა თუნდაც „იუთუბზე“, მერე გადახედონ მათ ჩარიცხვებს და ამის შემდეგ მესაუბრონ, ვინ ვისი ინტელექტის ოკუპაციას ახდენს.

 

ლევანი:  ცოტა უხეში ნათქვამი გამომივა, მაგრამ მგონი, „აეწვათ“ ახალი კომპანიის ბაზარზე შემოსვლა. მიხვდნენ მათ მონოპოლიას ბოლო მოეღებოდა, წლების განმავლობაში არ ჰყავდათ კონკურენტი, შესაბამისად, ვერც პასუხს სთხოვდა ვერავინ ვერაფერზე.

 

- თქვენ თუ შემოგთავაზათ ვინმე ამ ვიდეორგოლში მონაწილეობის მიღება?

 

რეზო: არა, არავის შემოუთავაზებია, ეტყობა, არ ვიყავით მათთვის სათანადოდ პოპულარულები. ისეთი ადამიანები ვნახე ამ ვიდეორგოლში, - ყველაზე არ მაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი, - არა მგონია, მათ რაიმე ინტელექტუალური საკუთრება გააჩნდეთ და მითუმეტეს, მათ საკუთრებას ვინმე ეხებოდეს.

 

­-  რამდენიმე სიტყვა  „GERA“-ზეც გვითხარით... რატომ ეს კომპანია?

 

რეზო:  როდესაც გავეცანი ხელშეკრულების პირობებს, დავინტერესდი და მომეწონა, შესაბამისად, მირჩევნია, გავაფორმო ისეთ კომპანიასთან ხელშეკრულება, რომელიც, ვიცი, ჩემს შექმნილ პროდუქტს დაიცავს და დამეხმარება ღირსეული ჰონორარის მიღებაში. შემიგროვებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამისათვის აქვს შესაბამისი ტექნიკა, არის მოტივირებული გუნდი.

 

ლევანი:  დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს უფლებებს სათანადოდ დაიცავენ, ამასთანავე, მობილური აპლიკაციით მექნება შესაძლებლობა, გავაკონტროლო ჩემი შემოსავალი. სულ რომ არაფერი, იმაზე კარგი ხომ მაინც იქნება, ორი წლის განმავლობაში თეთრი არავის ჩაურიცხავს, იმ ფონზეც კი, როდესაც  ჩემს მუსიკას მილიონობით ნახვა აქვს.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner