logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: მე ვაპირებ, ბოლომდე მივყვე ამ საქმეს!
- +

25 თებერვალი. 2016. 17:12


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ადვოკატ კობა კობახიძის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ კობახიძე დეპუტატის სახელს საკუთარი საადვოკატო მომსახურების სარფიანად გასაყიდად იყენებდა. ამის შესახებ კობახიძე „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე პროკურატურას დროული რეაგირებისა და საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე:


- სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, როცა ადამიანები ცდილობენ გარკვეული საერთო გვარით სარგებლობას. არანაირი ნათესაური კავშირი ჩემსა და კობა კობახიძეს შორის არ არის. ეს არის გვარი, რომელიც გვაერთიანებს. ალბათ ყველას გვყავს გვარში ადამიანები, რომლებიც შეიძლება მთლად ღირსეულები არ არიან.


ეს ადამიანი იყო „ქართულ ოცნებაში", შემდეგ გაუჩნდა ამბიცია, რომ რაღაც თანამდებობაზე დანიშნულიყო, იქნებოდა ეს მთავარი პროკურორის პოზიცია თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ" ასეთი თანამდებობა მას ვერ შესთავაზა, ის არის განაწყენებული, რომ რაღაც სამსახური ვერ მიიღო იმ პოლიტიკური, საადვოკატო აქტიურობის გამო, რაც მან „ქართულ ოცნებაში" გასწია. მეტიც:


- გამიმძაფრდა ეჭვი, რომ 2012 წლის შემდეგ კობახიძე, როგორც ჩანს, აქტიურად იყენებს ჩემს სახელსა და გვარს თავის კლიენტებთან ურთიერთობაში, რათა სარფიანად გაყიდოს თავისი საადვოკატო მომსახურება. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ მისი მხრიდან. რამდენიმე მათგანი დამიკავშირდა და პირდაპირ მითხრეს, რომ კობა კობახიძე იყენებდა ჩემს სახელს. ამიტომ, მინდა მივმართო პროკურატურას, ზედმიწევნით გამოიკვლიონ, ბატონი კობა კობახიძე ხომ არ იყენებდა ჩემს სახელს ბოროტად, რათა გარკვეული სარგებელი მიეღო კლიენტებისგან.


იმთავითვე, როდესაც აიწია ელისაშვილის თემა, მაშინვე დავსვი პროკურატურაში ეს საკითხი და არ გამოვრიცხე, რომ შეიძლება იყო ადამიანი, რომელიც სარგებლობდა ჩემი სახელით. ამ კითხვას ახლაც ვსვამ, ხომ არ არის მთელი ეს ბინძური კამპანია აგორებული იმ საფუძველზე, რომ ვიღაც უზნეო ადამიანები სარგებლობდნენ ჩემი თანამდებობით და რაღაცეებს ჰპირდებოდნენ კლიენტებს, რათა სარგებელი მიეღოთ? დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაირკვევა.


- თუ გაქვთ ვინმეზე ეჭვი, ვინ შეიძლება ცდილობდეს თქვენი მისამართით ასეთი კამპანიის აგორებას?


- რატომღაც ყველას ყველაფერი გაახსენდა საარჩევნო წელს. ბატონმა კობახიძემ ეს საქმე 2014 წელს აიღო და ახლა გაახსენდა რაღაცეები. ელისაშვილს თურმე მესიჯებს ვუგზავნიდი, ზეწოლას ვახდენდი და ვემუქრებოდი წელიწად-ნახევრის წინ და რატომღაც ახლა გაახსენდა. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, რომ არის ბინძური კამპანია და ეტყობა, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ ინტერესი, რომ ტალახი ესროლონ „ქართულ ოცნებას" და პირადად მე. ვიღაცას ძალიან არ უნდა მომავალ პარლამენტში ჩემი ყოფნა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ძალოვანი უწყებების თანამშრომლები. იცით, რომ არც პროკურატურაში, არც შსს-ში და არც სუს-ში არ მომხდარა თავიდან ბოლომდე წმენდა. ესაა სამწუხარო რეალობა, როდესაც ყოფილი პოლიციელები, რომლებიც პრაქტიკულად პირდაპირ იყვნენ დაკავებულები ადამიანის უფლებების დარღვევით და ძალიან მძიმე საქმეებთან ჰქონდათ პირდაპირი შეხება, ჯერაც არიან ამ სისტემაში და ეწინააღმდეგებიან ისეთი საქმეების გამოძიებას, რომელიც შესაძლებელია მათთვის პრობლემური იყოს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი საქმეები არ იყოს გამოძიებული.


- კონკრეტული საქმეების დასახელება თუ შეგიძლიათ?


-  3 წელია ჭიანურდება ე.წ. კოკაინის საქმის გამოძიება. მე ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ მთელ ამ სკანდალში ვინც ზარალდება, ესენი არიან პატიმრები. აქტიურად საუბრობენ ზაუტაშვილზე, თუმცა იქ არის კიდევ 3 ადამიანი დაპატიმრებული, ეს არის გიორგი ჩეჩელაშვილი, მევლუდ სვანიძე და რომან მუსელიანი. ისინი ასევე ითხოვენ, რომ მათი საქმე გადაისინჯოს. ისინი ითხოვენ იმ ძალიან მძიმე საპროცესო დარღვევებზე რეაგირებას, რომელიც არის ამ საქმეში. იმავეს ითხოვს ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც დღეს არ არის საქართველოში, თუმცა მის მიმართაც დღემდე ძალაშია განაჩენი. სამწუხაროდ, გამოძიება იმ ფუნდამენტურ დარღვევებზე, რომელიც იყო ამ საქმეში, ჭიანურდება და რეალური შედეგი არ დგება. როგორც ჩანს, ვიღაცას არ აწყობს ამ და სხვა არაერთი პრობლემური საქმეების გამოძიება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბინძური ჭორის აგორება ყოფილიყო ძალოვნების ან ამ წუთში ძალოვან სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების მიერ მოწყობილი. ამ საქმის პროკურორი დღემდე არის პროკურატურაში. რამდენჯერაც გააქტიურდება ქალბატონი ზაუტაშვილი, იმდენჯერ ჩნდება საეჭვოდ ახალი პერსონაჟი, რომელიც ცდილობს ახალი რაკურსით ტალახის სროლას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მე ვაპირებ, ბოლომდე მივყვე ამ საქმეს და გავარკვიო, ვინ არის დაინტერესებული, რომ ეს ძირითადი საქმე, რის გარშემოც ეს აჟიოტაჟი ტრიალებს, არ იყოს გამოძიებული და რატომ ხდება, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანები გამოდიან და აქტიურობენ ამ საქმეთან დაკავშირებით.


ელისაშვილის საქმეც არ არის ის საქმე, რომ ამდენ ხანს გრძელდებოდეს გამოძიება. მინდა, მივმართო პროკურატურას, დროულად მოხდეს ამ გამოძიების დასრულება, ეს არ არის იმ სირთულის საქმე, რომელსაც რამდენიმე თვე და ერთი წელი სჭირდება. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, სად არის სიმართლე, სხვა შემთხვევაში ზარალდება ხელისუფლება, იმ ცილისწამებებით, რომელიც სპეციალურად კამპანიურად არის აგორებული „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე!


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner