logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: „ქართული ოცნება“ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის დემონტაჟის ავტორია
- +

5 დეკემბერი. 2019. 14:41

 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პერფორმანსს, რომლითაც მათ მართლმადიდებელი ეკლესიის ხატები გააშარჟეს, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. „გირჩის“ აქტივისტებმა ქუჩის მსვლელობა მოაწყვეს პლაკატებით, სადაც ქართული ეკლესიის მიერ წმინდანებად გამოცხადებული ადამიანების ხატებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახე ჰქონდათ.  

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, „გირჩის“ პერფორმანსი არ ყოფილა შემთხვევითი, უნიჭო პოლიტიკური პროტესტი. მართლმადიდებლური საეკლესიო ხატების შეურაცხყოფამ მას, კომკავშირელი ბორის ძნელაძე გაახსენა.

„გირჩის“ აქციაზე, ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებზე და ამ პროცესებში რუსულ ინტერესზე „რეპორტიორს“ ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია ესაუბრა. 

 

- „გირჩის“ ამ ე.წ. პერფორმანსმა კომკავშირელი ბორის ძნელაძე და მისი პერფორმანსი გამახსენა, რომელიც მან ჩაიდინა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის პერიოდში. ალბათ, ბევრმა არ იცის მისი ტრაგიკული ბედის შესახებ. ვიცით, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ის დააპატიმრა ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის და ციხიდან ამნისტიის შედეგად გამოვიდა. მან იმით გაითქვა სახელი, რომ იყო კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული კავშირის - კომკავშირის დამფუძნებელი და პირველი მდივანი. ის იყო სერგო ორჯონიკიძის პირადი კადრი და ტროცკის მიმდევარი, მას სტალინი არ ენდობოდა და არასდროს ჰქონიათ კარგი ურთიერთობა. ბორის ძნელაძემ თბილისის ქაშვეთის ეკლესიიდან ჯვრის ჩამოხსნაში პირადად მიიღო მონაწილეობა. როცა მან გაბედა და ჯვარი პირადად ჩამოანგრია ქაშვეთის ეკლესიიდან, ჩამოვარდა და იქვე განუტევა სული. 

საბჭოთა კომკავშირის ლოგიკურმა გამგრძელებლებმა გაიმეორეს ის, რაც გააკეთა ბორის ძნელაძემ გასული საუკუნის 20-იან წლებში. დასკვნა საზოგადოებამ თავად გამოიტანოს, რა ჯიშისა და ჯილაგის არიან „გირჩელები“.

 

- რამდენად პოპულარულია „გირჩი“ თანამედროვე ახალგაზრდებში?

 

- ამ ორგანიზაციასთან ქართველ ახალგაზრდობას არავითარი კავშირი არ აქვს, ახალგაზრდობას მე მათ ვერ დავუკავშირებ. ესენი არიან ბოლშევიკური და კომკავშირული გზის გამკვალავები. პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობა საერთოდ არ ჩანს გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით. ჩვენ ვნახეთ ეს ამ აქციებზე, სადაც გაუჭირდათ ხალხის შეკრება და პარლამენტის პიკეტირება. „გირჩი“ არის იგივე ნეოკომკავშირი. მაშინაც, ბორის ძნელაძის კომკავშირის მთავარი იდეა იყო საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ გამალებული ბრძოლა, კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის და საკათოლიკოსო საბჭოს წევრების დიდი ნაწილის საბჭოთა ხელისუფლებისადმი შეურიგებელი პოზიციის გამო.

 

- „გირჩის“ მასშტაბების კომკავშირთან შედარება ღირს? ამ ორგანიზაციის რიგების გაზრდის შესაძლებლობას ხედავთ?

 

- სხვათა შორის, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს კომკავშირს შეექმნა პრობლემები და 1928 წლამდე კომკავშირის რიგებში მაშინ შევიდა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5 %. ისიც კარიერისტები. სანამ საბჭოთა ხელისუფლებამ არ მოიმაგრა ფესვები, საქართველოს მოსახლეობაში რეპრესიების შედეგად არ შეიტანა გარდატეხა და ცეცხლითა და მახვილით არ დაამკვიდრა საბჭოთა ხელისუფლება, საქართველოში კომკავშირი უმცირესობაში იყო. კომკავშირის რიგებს, სხვათა შორის, რუსეთიდან და სხვა რესპუბლიკებიდან ჩამოყვანილი ახალგაზრდების ხარჯზე ავსებდნენ.

 

საზოგადოება არ აჰყვება ექსტრემისტებსა და პოლიტიკურ დივერსანტებს, რევანშისტებს, რომლებსაც სურთ, საქართველოში თავიანთი სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ. არავინ აპირებს სააკაშვილის საკონცენტრაციო ბანაკებში თავის ამოყოფას. „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან არაადამიანები, არაადამიანებს კი, არაადამიანურად უნდა მოეპყრო. 

 

გვინდა თუ არა, „ქართული ოცნება“ წარმოადგენს იმ 9-წლიანი სისხლიანი ხელისუფლების დემონტაჟის ავტორს. ამ ხელისუფლების პირობებში გახდა საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი, NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო შორს წავიდა და საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მხრივ. ახლა, ნაციონალებს სურთ, ყველა ეს მონაპოვარი უკან ჩამოვიტოვოთ და საქართველო ისევ ჯურღმულებში ჩააგდონ.

 

- ოპოზიციის აქციებში გარეშე ძალების ინტერესს ხედავთ? 

 

- ძალიან გამაკვირვეს რუსეთის, კერძოდ პრეზიდენტ პუტინის პროპაგანდისტულმა საინფორმაციო არხებმა, რომლებიც აშკარად არიან ოპოზიციის მხარეს. იგივე პროპაგანდისტული არხები „რაშა თუდეი“, „ერ ტე ერი“, „ენ ტე ვე“ და სხვა, მხარს უჭერენ საქართველოში ვითარების არევას და გადატრიალებას. მეტსაც გეტყვით, „ეხო მოსკვის“ ეთერში, რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა, იური კობალაძემ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ მხარს უჭერს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ის მისთვის არის პოლიტიკური ლიდერის იდეალი, რომ სააკაშვილი აბსოლუტურად სწორად იქცევა საქართველოსთან მიმართებაში. როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი, არ აქვს მნიშვნელობა თადარიგშია თუ არა, ასეთ განცხადებას აკეთებს „ეხო მოსკვის“ პირდაპირ ეთერში, საზოგადოებისთვის მიმინდვია იმის განსჯა, რა დონის შეთქმულებასთან გვაქვს საქმე.

 

ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული პროვოკაცია, მცოცავი ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო შეიარაღებული ძალების და სამხედრო ტექნიკის მობილიზაცია ოკუპაციის გამყოფი ხაზის მიმართულებით, ეს ერთი ჯაჭვია. არჩევნების დროს, ქვეყანაში ყოველთვის არის დუღილის მაღალი ტემპერატურა, თუმცა ჯერ არჩევნებამდე საქმე არ არის მისული.

 

 

right_banner
არქივი
right_banner