logo_geo
eng_logo
„კორონავირუსმა ეროვნება არ იცის, არც უმეცრებამ იცის ეროვნება“- გოგა ხაინდრავას მიმართვა აზერბაიჯანელებს
- +

25 მარტი. 2020. 17:24

 

 

„კორონავირუსმა ეროვნება არ იცის, არც უმეცრებამ იცის ეროვნება. განსაცდელი ადამიანებს აკეთილშობილებს, ურწმუნოებს აბოროტებს! ზოგიერთი კომენტარები, რასაც სოციალურ ქსელში ვკითხულობთ, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების და დების მიმართ, არის სირცხვილი და უკადრისი საქციელი“- ამის შესახებ კინორეჟისორმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან“ განაცხადა.

 

კინორეჟისორი აზერბაიჯანელ ერს და კონკრეტულად აზერბაიჯენელ მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს მიმართავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი თავიანთი მოძმე აზერბაიჯანელი ერის მიმართ სიყვარულით და პატივისცემით არის განმსჭვალული. ხოლო გაბოროტებულები არავის ინდობენ.  

 

„კორონავირუსმა ეროვნება არ იცის, არც უმეცრებამ იცის ეროვნება. ის კომენტარები, რასაც სოციალურ ქსელში ვკითხულობთ, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების და დების მისამართით, არის დიდი სირცხვილი. მე არა ვარ „ფეისბუქის“ მომხმარებელი, მაგრამ ის შეურაცხმყოფელი კომენტარები მაინც ყველგან მხვდება. ვკითხულობ და ვადევნებ თვალს ასევე, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების კომენტარებს, სადაც ისინი ამ ფაქტის გამო გულისტკივილს გამოთქვამენ და სრულიად ვიზიარებ და ვიღებ ამ საყვედურს. სირცხვილია! არ გვეკადრება, ხალხო, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი ჭირი და ერთი ლხინი!

 

მინდა, აზერბაიჯანელ მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს მივმართო, რომელიც  ნაძირლების მიერ გამოთქმული გამონათქვამებით შეურაცხყოფილია და ვუთხრა, რომ ასე არ ფიქრობს ჩვენი ერი. ამას გაბოროტებულები აკეთებენ და როგორც კორონავირუსს და უმეცრებას არა აქვს ეროვნება, არც ნაძირლობას აქვს ეროვნება.

 

მინდა, მივმართო არა მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მრავალეროვან მოსახლეობას, არამედ ყველა აზერბაიჯანელს, რომ ჩვენ, ქართველებს და პირადად მე, არასდროს დამავიწყდება, რომ აზერბაიჯანელები, არასდროს, ძალიან დიდი განსაცდელის ჟამს,  ქართველ ძმებს არ დაპირისპირებიან. მე მინდა, აფხაზეთი გავიხსენო, სადაც ისინი ჩვენს მხარდამხარ იდგნენ, ყველგან, სადაც გვიჭირდა!  ეს ჩვენ არ დაგვავიწყდება. აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები არიან! ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი დღეს მარნეულს და ბოლნისს გულშემატკივრობს. ვლოცულობთ მათთვის, ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მათი ჯანმრთელობისა და მშვიდობისთვის. ასე რომ, იმ გაბოროტებული ნაძირლებისგან  ნუ ეწყინებათ, რადგან მათ ქართული სახელმწიფოც სძულთ. გული ნუ ეტკინებათ, ჩვენ ყველანი მათ გვერდით ვართ, გვიყვარს და ვგულშემატკივრობთ ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ისევე, როგორც რეგიონის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა!“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ, რისი მიზეზიც ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული აზერბაიჯანელი ქალი გახდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner