logo_geo
eng_logo
ალი ბაბაევი: არსებობს ჯგუფი სპეციალურად იმისათვის, რომ...
- +

26 მარტი. 2020. 22:35

 

 

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმიანება, რაც საზოგადოების გარკვეული ფენის მხრიდან, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება და აცხადებს, რომ არსებული პრობლემა გლობალურია და არა ერთი რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიერ გამოწვეული.

                        

როგორც ალი ბაბაევმა „რეპორტიორთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალები ორ ერს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ. სწორედ იგივე ძალები, მას უკერავენ და სთხოვენ, რომ მართლმადიდებელი მოძღვრების მიერ მარნეულის ქუჩების კურთხევა უარყოფითად შეაფასოს:

 

- ახალი კორონავირუსი არის გლობალური პრობლემა, რომელმაც კონტინენტები დაიპყრო და სამწუხაროა, რომ ერთი 62 წლის აზერბაიჯანელი ქალის გამო ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, რომელიც ისე დაავადდა, რომ თვითონაც არ იცოდა. საქართველოს მთავრობის ოპეტარიული ჩარევის შედეგად, მოხდა მარნეულისა და ბოლნისის სრულიად იზოლირება და აღრიცხვაზე აიყვანეს 1700 ადამიანი, ვისაც ამ ქალთან სავარაუდო კონტაქტი ჰქონდა. ყველაფერი კეთდება სიტუაციის დასარეგულირებლად ხელისუფლების მხრიდან, ექიმები სახლებში აკითხავენ თითოეულ ოჯახს, რომ ამ ორ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ადამიანი შეამოწმონ.

 

ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალბატონი განათლებული იყო თუ გაუნათლებელი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ამით მანიპულირება, რომ ის იყო აზერბაიჯანელი, გაუნათლებელი, რომელმაც ამდენი ადამიანი დააავადა - არის სირცხვილი! ხომ ხედავთ, სოციალურ ქსელში რას წერენ, როგორ შეურაცხყოფენ აზრბაიჯანელ ერს და ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას!

 

საქმე კი ცოტა სხვაგვარად არის, სამწუხაროდ, საქართველოში არიან დესტრუქციული ძალები, რომლებიც სპეკულირებენ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებით, ხან ისტორიულ საზღვრებს უტევენ, ხან ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიაქვთ შეტევა, ხან ენაზე, ხანაც რწმენაზე... ეს ძალები იღებენ სერიოზულ დაფინანსებას იმის გამო, რომ ორ ერს შორის შუღლი ჩამოაგდონ, მაგრამ მე ვამაყობ ჩვენი, ქართველი საზოგადოების კეთილგონიერებით და ბედნიერი ვარ, რომ მათი უმრავლესობა ამ პროვოკაციებს არ ჰყვება.

 

- ძალიან კარგად მესმის თქვენი გულისტკივილი, ბატონო ალი, სრულიად გეთანხმებით და ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ თუკი ეს რამეს ნიშნავს, მაინც გაგახსენებთ, რომ არც იმ ქართველი ექიმისთვის დაუკლია ჩვენს საზოგადოებას ლანძღვა-გინება, ვინც თავისი უპასუხისმგებლობით რამდენიმე ადამიანი დააავადა...

 

- გასაგებია, რასაც ამბობთ, მაგრამ მე ვხედავ როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. უამრავი ქართველი მეგობარი მყავს, უამრავი ჭკვიანი ადამიანი, რომლებიც ამ ლანძღვა-შეურაცხყოფების წინააღმდეგი არიან, მაგრამ არსებობს ჯგუფი სპეციალურად იმისათვის, რომ გააღიზიანოს მოსახლეობა და შეეხოს ყველაფერ წმინდას, რაც კი ადამიანს გააჩნია. 

 

დღეს ჩვენს ქვეყანაში დაინფიცირებულთა 90 პროცენტი დაავადების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან არის ჩამოსული. იმ ადამიანებს უნდოდათ, რომ ეს უბედურება დამართნოდათ? მივიდა ეს აზერბაიჯანელიც თავის ნათესავთან, რა იცოდა, რომ ეს დაემართებოდა!

 

ჩვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ყოველთვის ვიყავით კანონმორჩილი ადამიანები, ყოველთვის ვიდექით ქართველი ხალხის გვერდით, ვართ მშრომელი, პატიოსანი ხალხი, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, მაგრამ შეურაცხყოფის უფლებას ვერავის მივცემთ, ისევე როგორც, თქვენ ვერ მისცემთ ვინმეს ამის უფლებას. პროვოკატორებმა კი უნდა შეიგნონ, რომ საქართველოში უმცირესობაში არიან...

 

გუშინ დამირეკეს და მითხრეს, გაიგე, რომ მღვდლებმა მარნეულში ცენტრალური ქუჩები აკურთხესო? - რატომაც არა, მერე რა არის ამაში გასაკვირი-მეთქი, ვუპასუხე! მე მცხეთაში, ეკლესია-მონასტრების გარემოცვაში გაზრდილი კაცი ვარ, შევდივარ ეკლესიაში, სანთლებს ვანთებ... ან ქართველი რომ შევიდეს თუნდაც, მეჩეთში, რა მოხდა მერე! მაგრამ ეს ადამიანები ამითაც მანიპულირებენ!

 

- ვინ დაგირეკათ, ბატონო ალი?

 

- ვინც დამირეკა, მე მას საკადრისი პასუხი გავეცი. შევახსენე, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, სადაც ქართველ მართლმადიდებლებთან ერთად, სხვა ეროვნების და აღმსარებლობის ადამიანებიც ცხოვრობენ, სადაც მოღვაწეობს მეუფე, რომელიც ეპარქიას მართავს. შენ მეჩეთი გწამს? - წადი და მეჩეთში ილოცე!

 

ამ ადამიანებს უნდათ, როგორმე უარყოფითად შევაფასო მართლმადიდებელი მოძღვრების საქციელი, რომ ამით, დაინფიცირებული აზერბაიჯანელი ქალის გარდა, კიდევ ახალი პროტესტის ტალღა ააგორონ და ამისთვის მუსლიმი მრევლი გამოიყენონ.

 

ამიტომ, მინდა ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროთ ჩემი პოზიცია: ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, რომელიც მართლმადიდებელი ქვეყანაა. მარნეულში ცხოვრობს ძალიან ბევრი ქრისტიანი მართლმადიდებელი, ამიტომ არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს მათ ეს რიტუალები და შეზღუდოს ის ნება, რაც ქვეყანას კანონით აქვს მინიჭებული. ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის უკან დგანან და მარნეულის ქუჩების კურთხევას აპროტესტებენ, არიან დესტრუქციული ძალები, რომლებსაც ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანა უნდათ. საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და ყველამ თავის რელიგიას და ტრადიციებს უნდა სცეს პატივი. მე ვგმობ პროტესტს, რომელიც მათ გამოხატეს. ეს არის სუფთა პროვოკაცია, ამ ადამიანების უკან ვინც დგას, უნდა დაისაჯოს. არავის აქვს უფლება აზერბაიჯანელი მუსლიმი მრევლის სახელით ასეთი განცხადებები აკეთოს.

 

- ბატონო ალი, წლების განმავლობაში იყო პრობლემა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენა არ იცოდნენ, რაც ვერა და ვერ მოგვარდა. ამ კონკრეტულ სიტუაციაზეც ამბობენ, რომ თითქოს ყველაფერი არაქართულენოვანი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობის გამო მოხდა. რას იტყოდით ამაზე?

 

- 30 წლის განმავლობაში ვლაპარაკობ ამაზე, რომ პატივი უნდა ვცეთ ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო ენას და საქართველოში მცხოვრებმა ყველა ერის წარმომადგენელმა უნდა ისწავლოს ქართული. ხელისუფლებები იცვლება და სამწუხაროდ, ეს პრობლემა რჩება, მაგრამ ბოლო დროს სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. 3000-ზე მეტი აზერბაიჯანელი სტუდენტი სწავლობს დღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს  სასწავლებელში, ქართულ ფაკულტეტებზე. ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ კი, ისეთი სოფლებიდან, სადაც ადრე ერთი სიტყვა ქართულიც არ იცოდნენ, უკვე დაამთავრა საქართველოს უმაღლესი სასწავლებელი და მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. აზერბაიჯანულ სკოლებში ქართული ენის სწავლება გამკაცრდა, ჰყავთ პროფესიონალი მასწავლებლები, უკვე მშობლებიც დაინტერესენ ამით და შედგა კომუნიკაცია მშობლებსა და მასწავლებლებს შორის. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ ბავშვებს შეუყვარდათ თავიანთი სამშობლოს ენა, ქართული ენა.

 

40 წლის ზემოთ მყოფი აზერბაიჯანელი მოსახლეობა, ძირითადად, არ ფლობს სახელმწიფო ენას, მაგრამ დიდი წლილი მიუძღვით საინფორმაციო საშუალებებს მოსახლეობის ინფორმირებულობაში, მაგალითად, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, სადაც საინფორმაციო გამოშვებები აზერბაიჯანულ ენაზეც გადის, ადგილობრივ ტელევიზიებს, ადგილობრივ რადიოებს და ადგილობრივ აზერბაიჯანელ ახალგაზრდობას, რომლებმაც იციან ქართული ენა, რომლებიც სწავლობენ თბილისის უნივერსიტეტებში...

 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ეს საშინელი ეპიდემია შეაჩეროს. მადლობა საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და სრულიად სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დღედაღამ ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ზრუნავენ. ჩვენს ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს კი მოვუწოდებ, ამ ძნელბედობის ჟამს ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ჩვენი სამშობლო ერთია და ერთად ვიბრძოლოთ მისი კეთილდღეობისთვის.

 

 

right_banner
არქივი
right_banner