logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე: 13 კონგრესმენის შეფასება ჩემს შეშფოთებას სულ სხვა რამის გამო იწვევს
- +

16 ივნისი. 2020. 23:11

 

 

"ალოგიკურად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი დესტაბილიზაციას ცდილობს. არც ერთ მმართველს არ სურს ქაოსი და დესტაბილიზაცია იმ სივრცეში, რომელსაც მართავს, რადგან ეს, უპირველესად, მის მმართველობას უქმნის საფრთხეს"

 

ახლახან გამოვიდა პოეტ დათო მაღრაძის მორიგი წიგნი "ბარაქიანი მიწა", რომელიც სტამბა "ფავორიტმა" გამოსცა და მასში პოეტის ბოლო 2 წელიწადში დაწერილი ლექსები შევიდა. მკითხველისთვის წიგნი ხელმისაწვდომი ""ბიბლუსის" ქსელში უკვე ამ კვირის ბოლოდან იქნება. გთავაზობთ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე დათო მაღრაძის ინტერვიუს.

 

- მსოფლიო ისევკორონავირუსულ პანდემიას ებრძვის, საქართველოში ჯერჯერობით ვითარება კონტროლირებადია, თუმცა დაინფიცირების შემთხვევები ჩვენთანაც იზრდება. ერთხელ უკვე ვისაუბრეთ ამ საკითხზე, მაშინ გამოთქვით იმედი, იქნებ პანდემიამ ადამიანი და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოსო.

- ჩვენი ცხოვრება და ლამის მთელი სამყაროც პოლიტიკამ მოიცვა. შესაბამისად, არაერთხელ მითქვამს, თანამედროვეობა რენესანსის ეპოქას არ ჰგავს, ეს უფრო დაცემის ხანაა-მეთქი, როდესაც სულიერებისა და მშვენიერებისთვის ნაკლებად იცლის ადამიანი. ვფიქრობდი და კვლავაც ვფიქრობ, რომ პანდემია სწორედ ამას შეცვლის. ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ ჩანს, მაგრამ ეს პანდემია რომ უკვალოდ არ ჩაივლის, ამას თქმა არ უნდა. გავიმეორებ ჩემსავე ნათქვამს -  რაც პოლიტიკამ სახე დაგვაკარგვინა, იქნებ პანდემიამ დაგვიბრუნოს. ადამიანმა, ასე თუ ისე, მოიცალა საკუთარ თავზე, წუთისოფელზე, სამყაროს იდუმალებაზე დაფიქრებისთვის.

ამ ყველაფრისთვის მოაცლევინა განსაცდელმა. სამყარო უფრო მეტად დაფიქრდება სულიერ მდგომარეობაზე. ჩემი ხედვით, ამ განსაცდელისას ადამიანი საკუთარმა სულიერმა სიცარიელემ შეაწუხა...

 

ქართულ ყოფაზეც იგივე ითქმის - ბევრად მშვენიერი და საინტერესოა სამყარო, ვიდრე ქართული პოლიტიკა და ორ პოლუსს შორის მოქცეული სივრცე, რადგან ეს არის ცილისწამების, დაბრალების, ტროლების, ბოტების, უზნეობისა და ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილის სივრცე, თან ამ ორ პოლუსს შორისაა დიდწილად განაწილებული მატერიალური მხარეც და მედიასივრცეც, იმ უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, რასაც, მაგალითად, გაზეთი "კვირის პალიტრა" და მთელი თქვენი მედიაჰოლდინგი წარმოადგენს. ეს არის კუნძული, სადაც თავისუფალ ადამიანს შეუძლია სულის მოთქმა.

 

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, პოლიტიკური პროცესი კი საარჩევნო რეჟიმში შედის. ფაქტობრივად, ისევ ძველი სცენარის მომსწრენი ვართ - ანუ ორი მთავარი პოლიტიკური მოთამაშის დაპირისპირების. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა მესამე ანგარიშგასაწევი ძალა?

- ალბათ, იმიტომ, რომ ერთნი იყვნენ ხელისუფლებაში და მოახერხეს ყველა რესურსის ხელში ჩაგდება, მეორენი კი ახლა არიან. მეც ვცადე რაიმე შემეცვალა და ვერ ვიტყვი, რომ ეს წარმატებით გაგრძელდა, რადგან ოფისის შესანახი თანხაც კი არავინ გაიღო, მაგრამ ამაზეც არ მწყდება გული, რადგან მოახლოებული საფრთხის შესახებ სწორი გზავნილი გავუგზავნეთ საქართველოს მოსახლეობას.

ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი.

აღარ ეტევა ეს სამყარო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადანაწილებული გავლენებისა და პასუხისმგებლობების ჩარჩოებში. ახალი რეალობა ამ მხრივაც დგება, გარდა იმისა, რომ ეს უხილავი ვირუსი მძვინვარებს.

მთავარი გზავნილი ამ პანდემიაში ის არის, რომ ერთხელ კიდევ გაგვახსენა სამყარომ, რა უმწეონი ვართ ადამიანები ღმერთის წინაშე. ჩვენს უმწეობას სამყარო ყოველთვის გვანახებს, როდესაც კი ამპარტავნება ზღვარს გადადის.

 

დარწმუნებული ვარ, გადარჩება ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ, ძალიან დიდია დანაკლისი, მსხვერპლი და თან ამას ჯერ ბოლო არ უჩანს, მაგრამ რაც უფრო ღრმა ფიქრით და განცდით მოვეკიდებით განსაცდელს, მით უფრო ვიპოვით გზას თავდასაცავად.

ისევ ქართულ პოლიტიკას რომ დავუბრუნდეთ - ერთ მხარეს არის ხელისუფლება, მეორე მხარეს კი ოპოზიციური მაგიდა, ოღონდ მოსახლეობა არ არის განაწილებული ასე ორად - ხელისუფლებასა, ოპოზიციურ მაგიდას შორის, მოსახლეობას თავისი ფიქრი და ცხოვრების წესი აქვს. ვინაიდან დღევანდელ ოპოზიციაზე, რომელიც ერთ დროს ხელისუფლებაში იყო, ბევრი მაქვს ნასაუბრები, დღეს მასზე აღარაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ხელისუფლებას, აღმასრულებელი ხელისუფლება, ერთი-ორი ჩავარდნილი კლავიშის გარდა, ბევრად ეფექტიანია, ვიდრე პოლიტიკური საპარლამენტო ხელმძღვანელობა. ის ძალიან ეფექტიანად შეებრძოლა პანდემიას.

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შრომისა და საქმის ორგანიზების მაღალი კულტურა აჩვენა. მისასალმებელია, რომ კომპეტენტურ ხალხში ეჭვი არ შეიტანა და სწორედ მათ რეკომენდაციებზე ააწყო საკუთარი მოქმედების მექანიზმი.

 

სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავისუფალ საზოგადოებასთან ურთიერთობის შეეშინდა და მლიქვნელების გარემოცვა აირჩია. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაზე მძიმე რეპუტაციის სასამართლოს ემემკვიდრა, თან უვადოდ. მერე თავის ფინტებში გაიხლართა და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ლამის წააგო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიცემულ სიტყვას დიდი ფასი არა აქვს, ვგულისხმობ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების ყბადაღებულ თემას - როდესაც იმემკვიდრებ პოლიტიზებულ სასამართლოს, როდესაც ამ სისტემაში კვლავაც პოლიტიკური ნება დომინირებს, რაც ""ქართული ოცნების" არჩევანი იყო, მაშინ აღარ უნდა გიკვირდეს, რომ პოლიტიკურ სასამართლოში, პოლიტიკური პატიმარიც იყოს.

 

- აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. 180-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია ის საკითხები, რასაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელობის მქონედ თუ საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. სწორედ ამ კონტექსტშია ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ნახსენები. "საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული", - ვკითხულობთ დოკუმენტში...

- აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ეს არ არის უბრალო სიტყვები. ამაში ძევს ჩვენი გადარჩენის, განვითარების კოდი. ჩვენი რეგიონი არ გამოირჩევა საერთაშორისო ნორმების თანამიმდევრული, მტკიცე ერთგულებით. ამდენად, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპის მხარდაჭერა რომ არა, ჩვენ შეიძლება წამში ისევ ერეკლეს არჩევნის წინაშე აღმოვჩნდეთ. ეს სტრატეგიული პარტნიორობა განსაზღვრავს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარისხს. მე ვარ ის პოეტი, რომლის წიგნიც ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკულმა გამომცემლობამ ლოს-ანჯელესში გამოსცა, შემდეგ კი ნიუ-იორკში, ბროდვეის 828-ში, ყველაზე ცნობილ წიგნის სახლში მისი პრეზენტაცია გამართა. ასე რომ, ეს ქვეყანა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემს ბიოგრაფიაში, ჩემს თავგადასავალში ეს ქვეყანა შემოვიდა თავისი დიდებული სამყაროთი - უიტმენით, ელიოტით, ჩაპლინით, ორსონ უელსით, რომელმაც "მოქალაქე კეინი" გადაიღო, ბალანჩინით, ლუი არმსტრონგის მიერ ბიბლიური მოსეს აღქმით... ყოველივე ეს უძვირფასესი რამაა, რასთანაც შორი ემოცია მაკავშირებდა, დღეს კი უკვე ძალიან ახლოს მოვიდა...

რაც შეეხება ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებების ერთ ნაწილს, ჩემი აზრით, მას ინფორმირებულობა და ლოგიკა აკლია. როდესაც ბოლო დროს ამერიკელი პოლიტიკოსებისგან მუდმივად გვესმის და, ფაქტობრივად, ამ დოკუმენტშიც ვკითხულობთ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა ისეთ ფაზაშია და ისეთი მჭიდროა, როგორიც დღემდე არ ყოფილა, მაშინ ისმის კითხვა - ეს როგორ მოხერხდა პუტინთან დაკავშირებული ივანიშვილის მმართველობის პირობებში?! ალოგიკურად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი დესტაბილიზაციას ცდილობს. არც ერთ მმართველს არ სურს ქაოსი და დესტაბილიზაცია იმ სივრცეში, რომელსაც მართავს, რადგან ეს, უპირველესად, მის მმართველობას უქმნის საფრთხეს.

 

ამ ყველაფრის მიზეზი მგონია ის საპარლამენტო ხელმძღვანელობაც, რომელიც ჩამორჩება აღმასრულებელს და აქაც უუნარობას ამჟღავნებს, ვერაფერს აკეთებს ჩვენს პარტნიორებთან სწორი ურთიერთობისთვის. და საერთოდ, როცა გაკრიტიკებენ, უმჯობესია, სხვაზე კი არ გაბრაზდე, დაფიქრდე და შენს თავში ეძებო ნაკლი, გაარკვიო, რა ვერ ან არ გააკეთე სათანადოდ...

ამ 13 კონგრესმენის შეფასება ჩემს შეშფოთებას სულ სხვა რამის გამო იწვევს - საქმე ის არის, რომ მე არ ვიცი, ამან რისკენ შეიძლება უბიძგოს ჩვენს ოპოზიციას. არ დაგვავიწყდეს, რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე... ესაა ოპოზიცია, რომელმაც ერთი წლის წინ შტურმით შეუტია პარლამენტის შენობას. ჰოდა, ეს ხალხი შეიძლება ამგვარი შეფასებებით უარესის გასაკეთებლად გაქეზდეს.

 

ეს ის ოპოზიცია არ არის, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ჩვენი სახით ჰყავდა ქვეყანას. შარშან პარლამენტს შეუტიეს, თუმცა ესეც პარლამენტის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სავალალო შეცდომების ბრალი იყო. 20 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობასთან" მორალურ უპირატესობაზე თქვა უარი, როდესაც თვალდაკარგული გოგონა გაჩნდა ამ ქვეყანაში, რაზეც პასუხისმგებელი არიან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომლის შეტევა პოლიციის კორდონზე ქართულ სახელმწიფოებრიობაზე შეტევა იყო.

 

- "არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

- ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და მის მშენებლობაში განსაზღვრული პოზიციაც მისცეს, შესაბამისად, მისი განცხადებების შეფასებისგან თავს შევიკავებ. სააკაშვილის დრო ამ ქვეყანაში დასრულებულია.

დასასრულ, ერთს ვიტყვი, როდის წავა ხელისუფლებიდან "ქართული ოცნება" და ვინ მოვა ხელისუფლებაში, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, რომელსაც აქვს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ზედმეტი მითითებების გარეშე. ეს უფლება მოიპოვა მრავალწლიანი ბრძოლით თავისუფლებისთვის!

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner