logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ნუთუ ასე ძნელია გამოძიებისთვის დადგენა, ვინ მამყოფებდა ასეთ ჯოჯოხეთში?!
- +

3 ივლისი. 2016. 12:13


ყოფილი პოლიტპატიმარი სულხან მოლაშვილი საფრანგეთიდან აპროტესტებს ლევან მურუსიძის შესაძლო დაწინაურებას და პირველად პასუხობს კულტურის ყოფილ მინისტრს ნიკა რურუას, რომელმაც ორიოდე თვის წინათ მის წამებას მითი უწოდა:


- ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, დღეს ლევან მურუსიძის კანდიდატურა რომ განიხილება უვადო მოსამართლის პოსტზე. ადამიანი, რომელიც საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა სააკაშვილის რეჟიმის სისხლისმსმელ პოლიტიკას, როგორ შეიძლება, საერთოდ, სასამართლო სისტემაში იყოს?! მის სინდისზეა ჩემი საქმეც, რომელმაც სტრასბურგში ჰპოვა სამართალი. ევროპული სასამართლო გახდა საჭირო, მურუსიძისნაირი უცოდინარებისთვის მიეთითებინათ, რომ ჩემს მიმართ არაადამიანურ წამებას ჰქონდა ადგილი!


- ბატონო სულხან, სხვა ქვეყნებიდანაც მიდის სტრასბურგის სასამართლოში ისეთი საქმეები, რომლებიც შენიშვნებს იმსახურებს...


- სტრასბურგის სასამართლო ასეთი დონის შენიშვნებს არ აძლევს განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების სასამართლოებს.  და კიდევ, იმ მოსამართლეებს, რომელთაც ასეთი წარსული აქვთ, სასამართლო სისტემას აღარ აკარებენ. იმ სასამართლო პრაქტიკის შემდეგ, რაც მურუსიძემ თავისი ახალგარდული კარიერის მანძილზე დააგროვა, ადამიანების ბედის გადაწყვეტა კი არა, ორი ბატი არ შეიძლება მიანდო. უბრალოდ, სირცხვილია, ლევან მურუსიძის და ზაზა მეიშვილისნაირ ჯალათებს დღესაც რომ პრეტენზიები აქვთ. წინასწარ ვაცხადებ, ვინც იუსტიციის საბჭოში მურუსიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე გახდება!

 

- თქვენი საქმის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით რა ხდება?


- როგორც მათიას იორშმა აღნიშნა - ღორებსაც კი არ ექცეოდნენ ჩემსავით და ნუთუ ასე ძნელია გამოძიებისთვის იმის დადგენა, ვინ მამყოფებდა ასეთ ჯოჯოხეთში?! პროკურატურამ მარტივი რამ უნდა დაადგინოს - ღამის სამ საათზე, სპეცრაზმის თანამშრომლებმა, ვისი ბრძანებით გადაიყვანეს სულხან მოლაშვილი ორთაჭალის იმ საკანში, სადაც წამება დადასტურდა? თუ ამ ძაფს გაჰყვებიან, ბრძანების გამცემ პირს მიადგებიან, მაგრამ ვერ გავაგებინე ეს პროკურატურის ზოგიერთ თანმშრომელს.

 

- დღეს საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს - ირაკლი შოთაძე. რა მოლოდინები გაქვთ მასთან დაკავშირებით?


- იმედი მაქვს, ირაკლი შოთაძე საზოგადოების წინაშე დადებულ პირობას შეასრულებს და, ბოლოს და ბოლოს, ქვეყანა სამართლიანობის აღდგენის რეალურ გზას დაადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში წინ მძიმე დღეები გველის. თუ ხელისუფლება მურუსიძისნაირ კადრებს დაეყრდნობა, ქვეყანას მომავალი არ ექნება!

 

- ბატონო სულხან, ორიოდე თვის წინათ კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა - მოლაშვილი ნაწამები არ ყოფილა, ეს მხოლოდ მითია და ნუ იჯერებთო... დღემდე არ გიპასუხიათ ნიკა რურუას ამ განცხადებისთვის, ნუთუ არაფერი გაქვთ მისთვის სათქმელი?


- ნიკა რურუამ ისიც თქვა, როგორ შეიძლება, იგი პოლიტიკურ პატიმრად აღიაროთო. მართალია, თავს ვიკავებდი პასუხის გაცემისგან, მაგრამ... აი, ახლა, თქვენი გაზეთის საშუალებით ვეკითხები მას - სხვის პოლიტიკოსობაზე რომ ლაპარკობს, თავი რა ჰგონია?! თვითონ როდის დაიწყო პოლიტიკოსობა, როცა „ვარდების რევოლუციის" ავტორებმა თავის მეგობრებთან ერთად ავტომატებით შეიარაღებული პარლამენტისწინა დარბაზში შეიყვანეს თუ მაშინ, როცა ამერიკაში არალეგალურად შედიოდა?! ან იქნებ მაშინ, როცა საძმოებში და სხვადასხვა საძველბიჭო დაჯგუფებებში იყო გაერთიანებული და თბილისში ავტომატგადაკიდებული დარბოდა?!


რურუავ, რატომ იმასხარავებ თავს?! ორი წიგნი თუ მაინც გაქვს წაკითხული, როგორ აკეთებ ასეთ კომიკურ განცხადებას?! აკი, შენივე საყვარელი სააკაშვილის მთავრობა აღიარებს მოლაშვილის წამების ფაქტს!


აქვე მინდა, საპატრიარქოს ინიციატივას გამოვეხმაურო, რომელიც პატიმრების შეწყალების თაობაზე გამოითქვა.

 

- ეს თემა საპატრიარქოს ინიციატივით მალევე დაიხურა...


- საპატრიარქო არასდროს შედის  პოლიტიკურ კამათში, ეს თემაც ამიტომ დაიხურა. თეა თუთბერიძე და რამდენიმე რესპუბლიკელი რომ პატრიარქს ებრძვიან, დიდი ხანია, ვიცი, მაგრამ ძალიან გამაკვირვა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ - თურმე, მსოფლიოში ანალოგი არ მოიძებნება, რომ პატრიარქი მსჯავრდებულების შეწყალების საკითხებში ერეოდეს. რომ გავიძახით, ევროპას უნდა მივბაძოთო, შეგახსენებთ - როდესაც თურქეთის მოქალაქემ რომის პაპ იოანე პავლე მეორეზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა და დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე წლის შემდეგ რომის პაპმა თურქი ტერორისტი პირადად მოინახულა, მეტიც, ხელისუფლებას თხოვნით მიმართა და შეიწყალეს. დაინგრა ამით ევროპული მართლმსაჯულების სისტემა?! შორეული საფრანგეთიდან შეგახსენებთ - იცით, უწმინდესმა რამდენი პატიმრის სიცოცხლე გადაარჩინა?! ყველა რელიგიურ დღესასწაულს პატიმრების მონახულებით იწყებდა. მახსოვს, სააღდგომოდ ახალაიამ ე.წ. „პერედაჩი" აკრძალა, რათა პასკა და კვერცხი არ შეეტანათ ციხეში. არ ვიცი, რა გზებითა და საშუალებებით, მაგრამ როცა ხალხი უიმედოდ, ულუკმაპუროდ იყო მიგდებული, ჭიშკარი გაიღო და მისი უწმინდესობა შემობრძანდა ორი დატვირთული მიკროავტობუსის თანხლებით. ამ ემოციების გადმოცემა შეუძლებელია. ეს შეწყალებაზე მეტიც იყო! თქვე უბედურებო, რამდენიც უნდა აუკრძალოთ პატრიარქს შეწყალებაში მონაწილეობა, მაინც გააკეთებს თავის გასაკეთებელს. იქნებ ჯერ საკუთარ თვალში დაინახოთ დირე? როცა პარლამენტის თავმჯდომარე ხარ და თავდაცვის მინისტრად გამწესებული შენი ცოლი ანგარიშს გაბარებს, ნეპოტიზმთან ხომ არ გვაქვს საქმე?! გგონიათ, საზოგადოება დაბრმავდა და ვერაფერს ვხედავთ?




ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×