logo_geo
eng_logo
მამა ბასილ მკალავიშვილი: მინდა, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს...
- +

12 ივლისი. 2016. 10:56



მამა ბასილ მკალავიშვილი უშუალო თვითმხილველია იმისა, რაც სააკაშვილის პირსისხლიანმა რეჟიმმა სულხან მოლაშვილს დამართა. გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვითსმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, რომელიც სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააპატიმრა, ამბობს, რომ კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს ციხეში აბებს ასმევდნენ, რის შემდეგაც სულხან მოლაშვილს გონება ებინდებოდა:


- გმადლობთ, რომ მომეცა საშუალება, თქვენი გაზეთის საშუალებითაც მივუსამძიმრო სულხანის ოჯახს. ჩვენს ქვეყანას პროფესიონალი, ღირსეული ახალგაზრდა გამოაკლდა, რომელსაც ბევრი სიკეთის გაკეთება შეეძლო ერისთვის.


ჩემს და სულხანის საკნებს ერთი მეტრი აშორებდა. ორი წლის განმავლობაში დღე და ღამე ერთად ვიყავით, ძალიან დავახლოვდით, ერთმანეთს ლუკმას ვუყოფდით, გულისტკივილს ვუზიარებდით. როგორც სულიერ მოძღვარს, არაფერს მიმალავდა, მოსვლისთანავე მაჩვენა ელექტროშოკისგან დამწვარი ფეხები, ზურგი. რაც დრო გადიოდა, ამომწვარი ადგილები ურთულდებოდა და გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯებოდა. მითხრა, როგორ დაემუქრა ჯალათი სააკაშვილი - მალე პრეზიდენტი გავხდები და ციხეში ამოგალპობო.


სულხანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ახორციელებდნენ. საკანში პერიოდულად შემოდიოდა ქალაქის მაშინდელი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი და მწყობრიდან გამოჰყავდა სულხანი, სისხლს უშრობდა.


- რას ითხოვდა გრიგალაშვილი სულხან მოლაშვილისგან?

 

- მისი წასვლის შემდეგ სულხანი ჩემთან მოდიოდა და მიყვებოდა, რომ ვალერი გრიგალაშვილი მასთან სააკაშვილის დავალებით იმყოფებოდა და ყოველ შესვლაზე თანხის რაოდენობას უმატებდა. პირდაპირ ეუბნებოდა - თუ ფულს არ გადაიხდი, ან შენ მოგკლავენ, ან ერთ-ერთ შვილს მოგიკლავენო. მახსოვს, ცრემლიანი თვალებით მეკითხებოდა სულხანი - მამაო, როგორ მოვიქცე, საიდან მოვიტანო ის თანხა, რასაც სააკაშვილი ითხოვს. ჩემს რომელიმე შვილს რაიმე რომ შეემთხვეს, ნამდვილად ვეღარ გადავიტანო. სხვა გზა არ ჰქონდა, ახლობლებს თანხის შეგროვება სთხოვა. შეთანხმების შემდეგ კიდევ მოვიდა გრიგალაშვილი - მიშამ თქვა, წავკისის აგარაკიც დამიმატოსო. მეორე დღეს სასამართლოზე გრიგალაშვილმა მოლაშვილს ჩასჩურჩულა - მიშა არ გიშვებსო! გეკითხებით, ეს არ არის ფსიქოლოგიური განადგურება და წამება?! რა აქვს საერთოდ გრიგალაშვილს სათქმელი?! როგორ ბედავს და იმართლებს თავს?!


იცით, რას უკეთებდნენ ეს სადისტები? პროკურატურა ექიმებთან იყო შეკრული, თითქოს დამამშვიდებელ აბებს აძლევდნენ, ნემსებს უკეთებდნენ, სინამდვილეში კი კაცს ცოცხლად კლავდნენ.


- თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად გვიამბეთ, რა წამლებს უკეთებდნენ? საიდან გაგიჩნდათ ეს ეჭვი?

 

- ციხეში პროკურატურას, უშიშროებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოგზავნილი ჰყავდათ როგორც უბრალო პატიმრები, ასევე ექიმები. რადგანაც სულხანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მკურნალობა ესაჭიროებოდა, ამით სარგებლობდნენ, თითქოს დამამშვიდებელ საშუალებას აძლევდნენ, სინამდვილეში კი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სულხანის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებები შეეყვანათ. ჩვეულებრივ წამლებთან ერთად სხვადასხვა მედიკამენტს აძლევდნენ, ნემსებს ძალით უკეთებდნენ. რაც დრო გადიოდა, სულხანი უარესად ხდებოდა, გონება ებინდებოდა. ერთხელ შემომჩივლა კიდეც: როცა ნემსებს მიკეთებენ, ვითიშებიო.


როდესაც სულხანის 9-თვიანი წინასწარი პატიმრობა იწურებოდა, გამოტვინებული მოსამართლე ვერ მიხვდა და რამდენიმე საათით ადრე დაურეკეს ციხიდან - ღამის სამ საათზე მოლაშვილი ციხის დატოვებას აპირებსო. პროკურატურაში აჟიოტაჟი ატყდა. სულხანის საქმის მოსამართლე სასწრაფოდ მოიყვანეს ციხეში და შეშინებული საპირფარეშოს კარიდან ცარიელ კედლებს უკითხავდა გადაწყვეტილებას. ამის გამო ეს მოსამართლე სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მოლაშვილის საქმე სააკაშვილის ფეხის მწმენდავ ლევან მურუსიძეს ჩააბარეს, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანი ჰყავდა გამწარებული. სწორედ ამ გარეწარმა მიუსაჯა სულხანს 9-წლიანი პატიმრობა. 


- სულხან მოლაშვილი მის წამებაში გიგა ბოკერიასა და ზურაბ ადეიშვილსაც ადანაშაულებდა. თქვენ რას იტყვით, შეგიძლიათ თუ არა რაიმე კონკრეტული დეტალის გახსენება?

 

- მინდა, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს: სააკაშვილს თავისი მზაკვრული გეგმის შესასრულებლად ორი ჯგუფი ჰყავდა, რომლებიც შუაღამისას შავნაბადას რეზიდენციაში იკრიბებოდნენ. ერთ ჯგუფს გიგა ბოკერია და მერაბიშვილი მართავდნენ, მეორეს - ძმები ახალაიები და ე.წ. მასტერა. იქ წყდებოდა, ვისთვის უნდა გამოეძალათ ფული, ვინ მოეკლათ, ვინ ეცემათ და ა.შ.


- საინტერესოა, თქვენ საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას?

 

- ციხე ისეთი აკადემიაა, სადაც ყველაფერი იციან. ჯალათ სააკაშვილს გამორჩა, რომ მის საუბრებს იქ მყოფი დარაჯებიც უსმენდნენ და ინფორმაციას კანონიერ ქურდებს აწვდიდნენ. ციხეში ყველა პატივისცემით მექცეოდა, როგორც ღვთისმსახურს, მენდობოდნენ და ყველაფერს მიყვებოდნენ. ორი კვირით ადრე ვიცოდი ისიც, რომ ციხის ბუნტი მზადდებოდა, რომლის უშუალო დამგეგმავი გიგა ბოკერია იყო. როდესაც სააკაშვილის მთავრობა შეიცვალა, ჩემთან ატირებული სპეცრაზმელი მოვიდა - მიშველე, მამაო, ექვსი წელიწადია, ნორმალურად არ მძინავს, სულ თქვენ მიდგახართ თვალწინო. როგორც მან მიამბო, გიგა ბოკერიას გამოგზავნილმა პიროვნებამ ბუნტის დროს რკინის ხელკეტი მისცა ხელში, რომელიც არეულობის დროს სულხან მოლაშვილისთვის და ჩემთვის კეფაში უნდა ჩაერტყა და მოვეკალით. ეს ყველაფერი კი ისევე შერჩებოდათ, როგორც 8 კაცის სიკვდილი შერჩა ბოკერიას.


დღეს გიგა ბოკერია ქუჩაში თავისუფლად რომ დადის, ეს არის სამართალი? დროზე მოაცილეთ ეს სადისტი საზოგადოებას. თუ არ შეგიძლიათ და ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა, ბარემ გადააბარეთ ნაცსექტას ხელისუფლება, ისევე, როგორც შევარდნაძემ გააკეთა 2003 წელს.


მოვუწოდებ პროკურატურას, სასწრაფოდ აღძრას საქმე გიგა ბოკერიას წინააღმდეგ, თორემ თუ მათ ეს ყველაფერი შერჩათ, უარეს დღეში აღმოვჩნდებით. მე გამოვალ მოწმედ ბოკერიას პროცესზე. მისი სადიზმის უშუალო თვითმხილველი ვარ. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პირობას ვიძლევი, ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე სულხან მოლაშვილის, გურამ შარაძისა და ზვარაკად შეწირულ ქართველთა მკვლელებს სამაგიერო არ მიეზღვებათ. გარწმუნებთ, ეს აუცილებლად მოხდება!




ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×