logo_geo
eng_logo
მირიან მირიანაშვილი: სააკაშვილის მიერ მიტაცებული თანხის რაოდენობა 15-დან 20 მილიარდ დოლარამდე მერყეობს!
- +

12 ივლისი. 2016. 13:04

 

 

საქართველოს ეროვნული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის" თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი, რომელსაც სააკაშვილმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წაართვა, იმ დანაშაულებრივ სქემას შიფრავს, რომლის მეოხებითაც სააკაშვილმა და ნაცისტურმა ხროვამ საქართველოდან დაახლოებით 20 მილიარდი ამერიკული დოლარი გაიტაცეს!


მირიან მირიანაშვილი ამ აურაცხელი თანხის დასაბრუნებლად ხელისუფლებას კონკრეტულ გზებზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ სანამ ფინანსური საფუძველი არ მოესპობათ, სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური სექტის განადგურება არ მოხდება!


მირიან მირიანაშვილი, „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის" თავმჯდომარე: - ქართველი ხალხის სურვილი სამართლიანობის აღდგენისა იმდენად ძლიერია, რომ ამ სურვილმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალა. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვაცხადებ: „ნაცმოძრაობის", როგორც დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმისა და სისტემის დემონტაჟი ყოვლად შეუძლებელია, თუ არ მოხდება ამ სადისტური კარტელის ფინანსური საფუძვლის მორყევა და მოსპობა.


დასავლეთი მსგავს სისტემებსა და დანაშაულებრივ ფინანსურ და პოლიტიკურ პირამიდებს, უპირველეს ყოვლისა, გადარიცხვების ანგარიშების გასაჯაროებით ებრძვის! თუ ხელისუფლება თითოეული ამ საქმის სამართლებრივ განხილვას დაიწყებს, მაშინ ქვეყანა ჩიხში შევა, რადგან საქმეები უსაშველოდ გაიწელება და მათ განხილვას არათუ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის მოსამართლეთა და გამომძიებელთა რესურსიც არ ეყოფა. რადგან ყველა ასეთი დანაშაულებრივი შეთანხმება, გარიგება თუ მიტაცება საბოლოო ჯამში მაინც გადარიცხვებამდე მივიდა. ხელისუფლებამ სწორედ ამ გადარიცხვების ანგარიშებს უნდა სტაცოს კუდში ხელი და ძალიან მარტივად გავიდეს შედეგზე!


- ბატონო მირიან, მერედა, რამდენი ასეთი ანგარიში ექნებოდა ნაცისტურ სექტას გახსნილი, სადაც დაყაჩაღებულ ბიზნესმენებსა თუ სხვა კატეგორიის ადამიანებს ფულებს არიცხვინებდნენ? ამ ანგარიშებს ვინ დათვლის და მოძებნის? ესეც რომ არ იყოს, ეს ანგარიშები ახლაც არსებობს?

 

- დავიწყოთ იმით, რომ ანგარიშის ნომერი და მონაცემები ბანკთაშორის ელექტრონულ სისტემაში მთელი 25 წლის განმავლობაში ინახება და, აქედან გამომდინარე, სააკაშვილისა და მისი ხროვის მიერ გახსნილი ანგარიშები, სადაც დაყაჩაღებულ ხალხს ფულებს არიცხვინებდნენ, დღემდე ხელუხლებლად იქნება დაცული! მეორე - დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ საქმე არ გვექნება იმდენ საბანკო ანგარიშთან, რამდენი ადამიანიც ამათ გაატყავეს და დააყაჩაღეს!


ჩემი პროგნოზით, მაქსიმუმ, 100 საბანკო ანგარიშის ამოღება იქნება საჭირო და თავიდან ბოლომდე გაიშიფრება, თუ სად წაიღეს სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ქართველი ხალხის მილიარდები!


- გარდა ფულის „შეწერისა", ნაცისტური სექტა ხალხს ქონებებსაც ართმევდა!

 

- ამის გამოსარკვევად ის ე.წ. ღამის ნოტარიუსები უნდა დაიკითხონ, რომლებიც ღამის ორ და სამ საათზე ქონებებს ამა თუ იმ პირის სახელზე აფორმებდნენ! ჩემი გამოთვლით, სააკაშვილის ხროვამ 9 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასამდე წვრილი, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესობიექტი და მაღაზია წაართვა კანონიერ მფლობელებს, რომელთა ნაწილიც მოიტაცეს, ხოლო ნაწილი - დახარკეს! ის მაღაზიები და ბიზნესობიექტები, რომლებიც დაყაჩაღებასა და დახარკვას გადაურჩნენ, დღემდე ნაცისტური ხროვის ლიდერებისა და მათი ოჯახის წევრების ან უახლოესი ნათესავების საკუთრებაშია; ამიტომაც არ შეეხო მათ სააკაშვილის ტერორის მსახვრალი ხელი. საერთოდ, სააკაშვილი ფულისა და ქონების მიტაცების დანაშაულებრივ საქმიანობაში სამ ფინანსურ პირამიდას ეყრდნობოდა! ესენი იყვნენ: მერაბიშვილი, ახალაიები და გიგი უგულავა, რომელიც უშუალოდ ქალაქში არსებულ ქონებაზე იყო ორიენტირებული!


- უკაცრავად, მაგრამ ზურაბ ადეიშვილი რაღას აკეთებდა?

 

- ზურაბ ადეიშვილს სამივე ამ დანაშაულებრივი პირამიდის კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდა! ხელისუფლებამ მთელი ეს დაზარალებული ხალხი ან უნდა დაიბაროს და გამოჰკითხოს, ან ონლაინ რეჟიმში სთხოვოს იმ ანგარიშების ნომრების გაგზავნა, სადაც ფული იძულებით შეატანინეს. მერწმუნეთ, ეს ნომრები ყველას აქვს და ყველას ახსოვს.


ჩემს მოძრაობაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც წინასწარ მითითებულ ანგარიშებზე თანხა გადაარიცხვინეს და მათგან არაერთგზის მსმენია - როგორც საყვარელი შვილის სახელი არ დაგავიწყდება, ისე წარმოუდგენელია იმ ანგარიშის ნომრის დავიწყება, რომელზეც თანხა შემატანინესო! ორი-სამი საგამოძიებო ბრიგადის მიერ დღეში ასობით ადამიანი შეიძლება გამოიკითხოს, რომლებიც თავიანთ რეკვიზიტებსა და ანგარიშის ნომრებს 10-15 წუთში დეტალურად მიუთითებენ. ერთ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით შედგება სრულიად საკმარისი ინფორმაციული ბაზა, თუ რომელ ანგარიშებზეა გადარიცხული ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ძალით ამოღებული ფული. ამის შემდეგ სახელმწიფომ უნდა მიმართოს შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებს, რათა მოხდეს ამ ანგარიშების მეპატრონეთა იდენტიფიცირება. მერწმუნეთ, პოლიტიკური ნებისა და შესაბამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლება უმოკლეს დროში მიადგება სააკაშვილსა და მისი ხროვის წევრთა კონკრეტულ გვარ-სახელებს, რომლებმაც ეს ფული მიიტაცეს!


- ფიზიკური პირების დაყაჩაღების გარდა, კიდევ ვისი და რისი მილიარდები მიიტაცა სააკაშვილმა?

 

- ჩემს მოძრაობაში არის ადამიანი - ხუთი შვილის მამა, რომელსაც წაართვეს ორი წისქვილკომბინატი, წაართვეს სახლი, აჰკიდეს სახელმწიფოს ვალი და აიძულეს, არსად იმუშაოს, რადგან სისტემა ისეა მოწყობილი, ხელფასიდან ისედაც ყველაფერი ჩამოეჭრება! სააკაშვილმა შექმნა სისტემა, რომელიც საქართველოდან ერეკებოდა ამ ქვეყნის მესაკუთრეებს - ქართველებს, რათა თვითონ დარჩენოდა და განეკარგა ყველაფერი!


სააკაშვილის მმართველობის დროს ნავთობსადენში დაახლოებით 350 მილიონმა ტონა ნავთობმა გაიარა. 2004-2013 წლებში ნავთობის საშუალო შეწონილი ფასი დაახლოებით 100 დოლარი იყო. აქ ლაპარაკია ერთ ბარელ ნავთობზე... თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთ ტონაში დაახლოებით 6 ბარელია, მაშინ ერთი ტონა ნავთობის ფასი დაახლოებით 600-700 დოლარი გამოდის. საერთო ჯამში, მივალთ იქამდე, რომ სააკაშვილის დროს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენში 200-230 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობმა გაიარა. აქედან ტრანზიტის საფასურის სახით ჩვენ, მინიმუმ, 17-18 მილიარდი დოლარი მაინც უნდა მიგვეღო, მაგრამ ამის მეათედი და მეოცედი თანხაც არ მიგვიღია.


- რატომ?

 

- იმიტომ, რომ სააკაშვილი საერთაშორისო ნავთობკომპანიას გაურიგდა და სატრანზიტო მოსაკრებლის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენა! მიზეზი მარტივი გახლდათ - ის ნავთობის მაგნატებს შეუთანხმდა და „ქეში" ფულით თავის ჯიბესთან მიიბა! ამ გარიგების  შედეგად სააკაშვილი ყოველწლიურად დაახლოებით 250 მილიონ დოლარს „ქეშად" იღებდა!.. ნავთობის ტრანზიტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას გრიფი „საიდუმლო" დაადეს. იმის გამო, რომ საოპერაციო კომპანიები „ბიკი" და „შევრონი" სააკაშვილთან მსგავს ურთიერთობაში შესვლას თაკილობდნენ, სააკაშვილთან შუამავლისა და დელიკატური ურთიერთობის მომგვარებლის როლი იკისრა ილჰამ  ალიევმა. სწორედ ალიევების ოჯახი ახდენდა სააკაშვილის იმ ყოველწლიური 250 მილიონის ინვესტირებას აზერბაიჯანის ეკონომიკაში ისე, რომ მის ფარულ მეპატორნედ ისევ სააკაშვილი რჩებოდა. ანალოგიური რამ ხდებოდა თურქეთშიც და კომპანია „სოკარი", რომელიც ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს თურქეთში, მიხეილ სააკაშვილის საკუთრება გახლავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სააკაშვილის ფული ძირითადად სამ ქვეყანაშია დაბანდებული - აზერბაიჯანში, თურქეთსა და უკრაინაში!


- ბატონო მირიან, ზემოთ დაახლოებით 10 ათასი ჩამორთმეული მაღაზიის შესახებ ბრძანეთ! ეს ქონება რა თანხას შეადგენდა?

 

- დიახ, ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი სააკაშვილის რეჟიმმა მიიტაცა და კანონიერ მფლობელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წაართვა დაახლოებით 10 ათასი მაღაზია და საზკვების ობიექტი. მილაპარაკია სპეციალისტებთან და აბსოლუტურად ყველა თანხმდება იმაში, რომ მაღაზიებისა და საზკვების ობიექტების 85 პროცენტის მიტაცებით სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ხელთ იგდეს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება. ამას უნდა დავუმატოთ 160 ათასი ერთეული ბინა, ანუ ნახევარი მილიონი ადამიანის სამოსახლო, რომელთა უდიდესი ნაწილი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ნაწილობრივ, რუსთავში მდებარეობს. მევახშეები, რომლებმაც 160 ათასი ერთეული ბინა მიითვისეს და 500 ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დატოვეს, სააკაშვილის პარლამენტარებისა და პარტიული ბოსების მიერ იყვნენ „დაკრიშული". საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 100 კაცი, რომელთაგან თითოეულს 100 ბინა მაინც აქვს, ხოლო მერაბიშვილის სანათესაოში შესაძლოა, ისეთებიც მოვძებნოთ, რომლებსაც ათასზე მეტი ბინა აქვთ. სპეციალისტები დაახლოებით 6,5 მილიარდ დოლარად აფასებენ 160 ათასი ბინის საერთო ღირებულებას, საიდანაც თანხის მესამედი სააკაშვილისა და მისი ხროვის ჯიბეში დაილექა.


- საერთო ჯამში რა ოდენობის თანხა მიიტაცეს სააკაშვილმა და მისმა ხროვამ?

 

- სააკაშვილს წამოაყივლა და თქვა - 19 მილიარდის მოპარვას მაბრალებენო! იმის გათვალისწინებით, რომ 10 წლის განმავლობაში მთელი რესპუბლიკის შემოსავალ-გასავალი მაგათ ხელში იყო, ყველაზე უფრო მოკრძალებული გათვლებითაც კი, სააკაშვილის მიერ მიტაცებული თანხის რაოდენობა 15-დან 20 მილიარდ დოლარამდე მერყეობს!

 

- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის მიერ შექმნილი ეს ფინანსური პირამიდა დღესაც მუშაობს?

 

- რაკი დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობა არ აღადგინა, ე.ი. ხელუხლებლად დატოვა ის დანაშაულებრივი ფინანსური კარტელი, რომელიც სააკაშვილმა შექმნა!


მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სააკაშვილისა და მისი ხროვის ბიზნესები საქართველოში ერთი ლარითაც კი არ დაზარალებულა!


- მაინც როგორ მართავს სააკაშვილი საქართველოში თავის ბიზნესს?  ხომ შეიძლება, მას უღალატონ და გაექცნენ ადამიანები, რომელთა სახელზეც ეს ბიზნესებია გაფორმებული?

 

- იმისათვის, რომ 50 და 100-მილიონიანი ფირმის ფიქტიური მეპატრონე სადმე არ გაიქცეს, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება! ფირმის ფიქტიური მეპატრონე მიჰყავთ კაიმანის კუნძულებზე, ბაჰამის კუნძულებზე ან ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც ოფშორული ზონებია და ფორმის რეალური მეპატრონის ან მისი უახლოესი ნათესავისგან აღებინებენ ვალს! ასე, მაგალითად, თუ კომპანია 50 მილიონს ფლობს, ფირმის ფიქტიურ მფლობელს გააფორმებინებენ 60 მილიონის ან მეტის ღირებულების სასესხო ვალდებულებას და ეს ტიპი ვერსად გაიქცევა! ამიტომაც არის, რომ სააკაშვილი თავის ბიზნესს ოდესიდანაც ეფექტიანად უძღვება და წარმატებით მართავს!

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×