logo_geo
eng_logo
მამუკა კვარაცხელია: გამოდის, რომ სააკაშვილის დედა კვლავ ხელშეუხებელია!
- +

13 ივლისი. 2016. 12:34


„საქართველოს უნივერსიტეტის" დამფუძნებელი და მფლობელი გიული ალასანია, რომელიც მისმა შვილმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას თავზე დაასვა და მილიონერად აქცია, ახალი 7-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს, რის გამოც საფეხბურთო მოედნის დანგრევა და მოსპობა აქვს განზრახული. აღსანიშნავია, რომ სტადიონი, რომლის იავარქმნასა და გაქრობასაც სააკაშვილის დედა გეგმავს, ადრე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, თუმცა, გიული ალასანიამ იგი, „გეპეის" ორ კორპუსთან ერთად, ჩალის ფასად შეისყიდა. ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, უეფა-ს მედიაოფიცერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია, რომელიც თბილისში სპორტული მოედნების მასობრივი განადგურების წინააღმდეგ თავგანწირვით იბრძვის, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილის დედის მიერ კიდევ ერთი სტადიონის დანგრევა ქართულ ფეხბურთს მორიგ მძიმე დარტყმას მიაყენებს.


მამუკა კვარაცხელია: - 2008 წლის აგვისტოში, როცა ცხინვალში ომი იყო გაჩაღებული და ჩვენი ჯარისკაცები მტერთან ბრძოლაში ეცემოდნენ, სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ორი კორპუსი და სტადიონი ჩაიგდო ხელში.


გასულ კვირას პრესაში წავიკითხე, „ტოიოტა ცენტრის" უფროსის ირაკლი გურჩიანის ინტერვიუ, რომელშიც ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას გიული ალასანიას უნივერსიტეტისათვის თანხების გადარიცხვას აიძულებდნენ. გურჩიანი პირდაპირ ამბობს, სააკაშვილის დედას ფულს თუ არ გადავურიცხავდი, გამაკოტრებდნენ და შეიძლებოდა, ჯანმრთელობა, თავისუფლება და სიცოცხლეც კი დამეკარგაო.


ალბათ, ყველას ახსოვს სააკაშვილის სიტყვები - ისე გვიჭირდა, რომ დედაჩემი სამ ადგილას მუშაობდაო, ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი გიული ალასანია განათლების სფეროს „დედა-დედოფლად" იქცა და უნივერსიტეტების მფლობელი გახდა.


- ახალი ხელისუფლების პირობებში კი საკუთარი ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს?

 

- დიახ, გიული ალასანიას სტადიონის დანგრევა და „საქართველოს უნივერსიტეტისათვის" დამატებით 7-სართულიანი კორპუსის აშენება აქვს განზრახული.


აღსანიშნავია, რომ სტადიონთან ერთად საფრთხე ემუქრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შახტ-ლაბორატორიასაც, რომლის ანალოგი მთელ მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში არსებობს.


„გეპეის" ეს უნიკალური შახტი-ლაბორატორია სწორედ იმ სტადიონის ქვეშ მდებარეობს, რომლის ადგილზეც „საქართველოს უნივერსიტეტის" ახალი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.


- მერედა, გიული ალასანიას კანონიერი უფლება აქვს, რომ სტადიონი დაანგრიოს და 7-სართულიანი კორპუსი შახტ-ლაბორატორიას ზედ დააშენოს?

 

- არაერთი შეხვედრა მქონდა როგორც თბილისის მერიის, ისე საკრებულოს წარმომადგენლებთან, რომლებმაც ჩვენთან პირად საუბარში დააფიქსირეს, რომ კორპუსის აშენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რადგან სტადიონი იკარგება და უნიკალური შახტი ნადგურდება.


„საქართველოს უნივერსიტეტის" სტადიონზე საფეხბურთო სკოლის დაახლოებით 200-250 აღსაზრდელი ვარჯიშობდა - სულ 7 ასაკობრივი ჯგუფი. ჩემი ინფორმაციით, თითო ბავშვი თვეში იხდიდა 60 ლარს, რაც წელიწადში დაახლოებით 145 ათასი ლარია.


როგორც ჩანს, გიული ალასანიასა და „საქართველოს უნივერსიტეტის" მესვეურებს ეს თანხა ეცოტავათ და სტადიონის დანგრევის ხარჯზე გაცილებით დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტეს. დიახ, 7-სართულიან სასწავლო კორპუსში, რომლის ასაშენებლადაც საფეხბურთო მოედანს ანგრევენ, ალბათ, დამატებით ათასამდე სტუდენტის მიღებას შეძლებენ და თუ გავითვალისწინებთ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტში" სწავლის წლიური ქირა 4-5 ათასი ლარია, სააკაშვილის დედა და მისი პარტნიორები მილიონებს ჩაიჯიბავენ.


ჯანსაღი ცხოვრების წესი, მომავალი თაობის ბედი და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე კი მათ, რა თქმა უნდა, არ ანაღვლებთ.


- თქვენ კარგა ხანია, განგაში ატეხეთ იმის გამო, რომ თბილისში სპორტულ მოედნებს მასობრივად ანგრევენ და მათ ადგილას საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ. გამოდის, რომ ამ მხრივ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა?

 

- დიახ, საუბედუროდ, არაფერი იცვლება და მას შემდეგ, რაც გიული ალასანია „საქართველოს უნივერსიტეტის" სტადიონსაც დაანგრევს, საბურთალოს რაიონში, ფაქტობრივად, საფეხბურთო მოედანი აღარ დარჩება, სადაც შეიძლება, ბავშვებმა ივარჯიშონ და ბურთი გააგორონ.


პირდაპირ ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დედის მიერ სტადიონის დანგრევა ისედაც მძიმე დღეში მყოფი ქართული ფეხბურთისათვის კიდევ ერთი საშინელი დარტყმა იქნება!


კუნძულოვანი ქვეყანა ისლანდია საბურთალოს რაიონის ხელაც არ არის, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც მოახერხა, მერვედფინალიდან ინგლისის ნაკრებიც გააგდო და ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ისლანდიაში, რომლის მოსახლეობაც სულ 330 ათასია, ფეხბურთში 24 ათასი ახალგაზრდა ვარჯიშობს, საქართველოში კი - მხოლოდ 12 ათასი.


ქართული საფეხბურთო კლუბები უკვე აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდებთან მარცხდებიან და ევროტურნირების შესარჩევ ციკლს პირველივე წრიდან ეთიშებიან.


თქვენთან ინტერვიუში ადრეც აღვნიშნე, რომ ბოლო წლებში ბაქოსა და ერევანში 25 ახალი საფეხბურთო მოედანი აშენდა, თბილისში კი სტადიონებს ანგრევენ და ანგრევენ!


- გამოდის, რომ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას ამ ქვეყანაში კვლავინდებურად ყველაფრის უფლება აქვს?

 

- დიახ, თუ გიული ალასანიას კორპუსის მშენებლობის უფლება მისცეს და სტადიონი დაანგრევინეს, მაშინ გამოდის, რომ სააკაშვილის დედა კვლავ ხელშეუხებელია და ქვეყანას ისევ ნაციონალები განაგებენ!

 

 

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×