logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: პარლამენტში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით შევა!
- +

13 ივლისი. 2016. 17:28


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მოახლოებულ  საპარლამენტო არჩევნებზე  და პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობებზე საუბრობს.


რომელი პოლიტიკური სუბიექტები გადალახავენ 5%-იან ბარიერს არჩევნებზე და იქნება თუ არა თავად  „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში  - ამის შესახებ არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორთან" ისაუბრა. 

 

- თქვენი აზრით, „ქართული ოცნება" ახალი საარჩევნო სიით რამდენად შეძლებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას?

 

- პროცესი „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე მრავალმხრივ არის დამოკიდებული - როგორი ადამიანები იქნებიან სიაში, როგორ ჩაატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას. არსებობს ხალხის გარკვეული მოლოდინები, თუ ვინ უნდა იყოს სიაში. თუ სუბიექტები, რომლებზეც საზოგადოებას არ აქვს დადებითი ემოცია, აღმოჩნდებიან სიაში, ან დარჩებიან ის ადამიანები, ვისზეც უარყოფითი რეაქცია აქვს მოსახლეობას, შეიძლება „ოცნებამ" ნაკლები ხმა მიიღოს. თუმცა, „ოცნება" რაოდენობრივი უმრავლესობით  პარლამენტში მაინც შევა.


- როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნების"  საარჩევნო სიაში რომელიმე მოქმედი მინისტრი ხომ არ დასახელდება? 

 

- არა არის გამორიცხული, „ქართული ოცნების" სიაში ახლანდელი მინისტრები ვიხილოთ. პირველი ათეული უფრო სარეკლამო ხასიათის არის ხოლმე. ანუ ისეთი სახეები არიან წარმოდგენილები, რომლებიც დადებითი ცნობადობით სარგებლობენ. შესაბამისად, მინისტრები, რომლებიც ამ კომპონენტებს აკმაყოფილებენ, შესაძლოა გადადგნენ, რომ საარჩევნო სიაში აღმოჩნდნენ და ამით  პარტიულ ინტერესებს წარადგნენ.


- უნდა ველოდოთ თქვენს ხილვას „ქართული ოცნების" სიაში?


- იმის გათვალისწინებით, რომ ვარ აგარაკზე, ვისვენებ და მედიასთან მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობ, ამით ყველაფერს პასუხი გავეცი. თუ „ქართული ოცნების" სიაში მოვიაზრები, უნდა ვიყო თბილისში და აქტიურ კონსულტაციებს გავდიოდე. ჩემი მხრიდან, არ მგონია, მსგავსი რამ მოხდეს.

 

- რომელი პარტიები წარმოგიდგენიათ პარლამენტში 8 ოქტომბრის შემდეგ?


- მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან მოვლენები იცვლება. „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო დასუსტდა. საინტერესო პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს „გირჩს", რადგან ისინი საზოგადოების სხვადასხვა ფენაზე  მუშაობენ. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ახალგაზრდებზე, რომელიც აუთვისებელი რესურსია. ასევე აქვთ პერსპექტივა, პარლამენტში შევიდნენ ყოფილი მმართველი გუნდის მიმართ აგრესიულად წინააღმდეგობრივი პარტიები - ბურჯანაძის პარტია და „პატრიოტთა ალიანსი". ამომრჩეველი ჯერ მსჯელობის რეჟიმშია და ისე მარტივად არ არის საქმე, როგორც წინა არჩევნებზე.

 

- ახალ პარტიებს თუ აქვთ შანსი, მე-9 მოწვევის პარლამენტში ვიხილოთ?


- დროთა განმავლობაში პაატა ბურჭულაძეს შანსები ძალიან უმცირდება. მის მიმართ მოლოდინი იყო, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა ვერ შექმნა. მისი ამომრჩეველი ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო, უფრო „თავისუფალ დემოკრატებსა" და „ნაცმოძრაობას" შორის გააკეთებს არჩევანს. ვაშაძეც ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას და თუ „გირჩთან" გაერთიანდება, ამით „გირჩის" რეიტინგიც შემცირდება, იმიტომ რომ ვაშაძეს უფრო მეტად ასდის „ნაციონალების" სურნელი. ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობის" განშტოების სახე აქვს აშკარად.


- დარჩება თუ არა ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალად?


- „ნაციონალური მოძრაობა" არ არის მთავარი ოპოზიციური ძალა. უბრალოდ, მათ აქვთ ყველაზე მეტი ფულადი რესურსები და კონტაქტები, რითაც ინარჩუნებენ განსაკუთრებულის როლს, თორემ ამომრჩევლის რაოდენობრივი კუთხით „ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალა არ არის.


- თქვენი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას" გაუჭირდება 5%-იანი  ბარიერის გადალახვა?


- ჩნდება კითხვის ნიშნები... თუ „ქართულმა ოცნებამ" კარგად იმუშავა ამომრჩეველთან და ასევე იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც „ნაცმოძრაობის" პლატფორმაზე არიან, „ნაციონალები" ბარიერს ვერ გადალახავენ.


- ანუ „ნაციონალურ მოძრაობას" მისი მსგავსი ელექტორატის პარტიები ჩაანაცვლებენ?

 

- „გირჩს", ვაშაძეს, ბურჭულაძეს და „ნაციონალებს" ჰყავთ საერთო ტიპის ამომრჩეველი, მაგრამ ამ პარტიების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის" ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება, თუმცა ამის პერპექტივა არსებობს.


- თქვენი შეფასებით, რამდენად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნებზე დაძაბულობას ადგილი ხომ არ ექნება?


- წინასაარჩევნო პროცესი საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს. ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს ხელს არ უშლის, ამომრჩევლებს თავისუფლად შეხვდნენ. ექსცესები მოხდება ისეთ უბნებზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" შანსები არის თანაბარი, როგორც კორცხელში, სადაც რამდენიმე ხმა იყო გადამწყვეტი. „ნაციონალურ მოძრაობას" უყვარს ექსცესები და იმედი მაქვს, ხელისუფლება გაუმკლავდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×