logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი: თურქეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა!
- +

19 ივლისი. 2016. 19:00


„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში არშემდგარი გადატრიალების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ერდოღანი, რომელიც, ფაქტობრივად, დამხობილი იყო, ამერიკის ხელისუფლებამ გადაარჩინა! მისივე თქმით, თურქეთი ანტიდასავლური კურსისა და რუსეთთან ამერიკის ზურგსუკან წარმოებული მოლაპარაკების გამო დაისაჯა:


- თურქეთში მოსალოდნელი არეულობის შესახებ ჩვენ კარგა ხნის წინათ ვლაპარაკობდით. როდესაც ერდოღანმა ბოდიში მოუხადა პუტინსა და რუსეთს, სწორედ მაშინ „ასავალ-დასავალში" აღვნიშნე, რომ ეს იყო ბოლო წვეთი, რომელიც ერდოღანის მოწინააღმდეგეთა მოთმინების ფიალას აავსებდა! თუ გავიხსენებთ ერდოღანის ანტიდასავლურ განცხადებებს; თუ გავიხსენებთ ერდოღანის თავდაპირველ პოზიციას, როცა NATO-ს წევრმა თურქეთმა ალანიას ინჯირლიყის სამხედრო ბაზის გადაცემაზე უარი უთხრა; თუ გავიხსენებთ იმას, რომ ერდოღანმა სირიაში თავისი თამაში დაიწყო და ამით კოალიციას ხელი შეუშალა; თუ გავიხსენებთ იმას, რომ ერდოღანმა, როგორც ჩანს, დასავლეთის ზურგსუკან მოლაპარაკება დაიწყო რუსეთთან, მაშინ მივხვდებით, რომ, რაც 15 ივლისს თურქეთში მოხდა, ეს იყო მოვლენათა განვითარების ლოგიკური შედეგი! გარდა ამისა, ერდოღანმა „გადააგდო" „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები და რადიკალური ისლამის მიმდევარი კავკასიელი მოჯაჰედები, რომელთა წინაშეც, როგორც ჩანს, ბევრი ვალდებულება აქვს... მოგეხსენებათ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რადიკალური ისლამის მიმდევარ კავკასიელებს თურქეთის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ იყენებს, ერდოღანმაც კი პუტინთან საიდუმლო თათაბირები დაიწყო... ამ ფაქტს მოჰყვა სტამბოლის ტერაქტი. ჩვენმა ორგანიზაციამ მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ ახლა უკვე თურქეთის შიდა ოპოზიციის აქტიურობის ჯერი იყო და, როგორც ვხედავთ, შედეგმაც არ დააყოვნა. მოკლედ, თურქეთში აწი ხან შიდა ოპოზიცია გააქტიურდება, ხან - დასავლეთი, ხან - ქურთისტანის პრობლემა და ხანაც - განაწყენებული და ერდოღანის მიერ „გადაგდებული" კავკასიელები!


- ე.ი. თურქეთში ეს ამბები არ დამთავრდება?

 

- თურქეთში არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება!


- ბატონო ზაალ, 15 ივლისს ანკარასა და სტამბოლში განვითარებული პროცესების თქვენეული ახსნა როგორია?

 

- 15 ივლისს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი თურქული არმია მათემატიკური სიზუსტით გამოვიდა, ანკარასა და სტამბოლში სტრატეგიული ობიექტები დაიკავა და დადგა, გაჩერდა... არმია შეტევაზე არ გადასულა და პოლიტიკური ლიდერების დაკავება არ დაუწყია. მცირე ხნით ისადგურებს გაუგებრობა, ბარაქ ობამა და ჯონ კერი თურქეთში შექმნილ ვითარებაზე ერთმანეთს ესაუბრებიან და ეს საუბარი მაშინვე მთელი მსოფლიოსთვის საჯარო ხდება. ობამა და კერი აცხადებენ, რომ მათ არ იციან, რა ხდება თურქეთში და მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ინჯირლიყის სამხედრო ბაზას დაიცავენ. ამის შემდეგ ერდოღანი, რომელიც დამალული იყო, ტელეკამერების წინ ჩნდება და ამბობს, რომ ეს არის სამხედრო გადატრიალება, რომელსაც სათავეში უდგას მისი მთავარი მტერი, ამერიკაში მცხოვრები ფეთჰულაჰ გიულენი. მოგეხსენებათ, გიულენი გიული ალასანიას მეგობარი, ბიზნესპარტნიორი და საქართველოში „შავი ზღვის უნივერსიტეტისა" და „დემირელის კოლეჯის" მეპატრონეა. ამის შემდეგ განცხადებას აკეთებს რუსეთი, რომელიც გმობს გადატრიალებას და მზადყოფნას გამოთქვამს, ერდოღანს რუსეთის ტერიტორიაზე პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. ამ ამბიდან ცოტა ხანში ობამა და კერი ისევ ელაპარაკებიან ერთმანეთს და ეს საუბარიც რატომღაც ისევ საჯარო ხდება. კერი აცხადებს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია გადატრიალება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების იარაღით შეცვლა. ამას მოჰყვა თურქეთის სახმელეთო და საზღვაო ჯარების სარდლების გამოსვლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ამბოხებას!.. შემდეგ მოვისმინეთ ერდოღანის გამოსვლა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოწოდება, მაგრამ ხალხი ერდოღანის დაძახილზე არ გამოსულა და გააქტიურდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო სამხედრო გადატრიალება და თურქეთის ცაზე გამოჩნდა „F-16"-ები, რომლებმაც ამბოხებულების პოზიციებს შეუტიეს; ჩვენეული დასკვნა ასეთია - 15 ივლისს ერდოღანი დამხობილი იყო, მაგრამ თურქეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა!


- მაინც რა იყო არშემდგარი გადატრიალების მთავარი მიზეზი?

 

- ბევრი მიზეზი ჩამოვთვალეთ, მაგრამ, ჩვენი აზრით, არშემდგარი გადატრიალების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, იყო რუსეთ-თურქეთს შორის დაწყებული საიდუმლო მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ ამ ორ ქვეყანას შავი ზღვის სივრცე ჩაეკეტა და არ შემოეშვა არცერთი სხვა ქვეყნის, მათ შორის ამერიკის სამხედრო ფლოტი! აი, ამას მოჰყვა ყველაფერი...


- თუ თურქეთმა ამერიკას რუსეთთან უღალატა, ამერიკამ ერდოღანი რატომ გადაარჩინა?

 

- როგორც ჩანს, ეს გადატრიალება ამერიკაში მაინც არ იყო დაგეგმილი და ერდოღანიც იმიტომ გადაარჩინეს, თუმცა, თურქეთის ხელისუფლება მომხდარით მკაცრად გააფრთხილეს! გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაში იყო დიდი საფრთხე, რუსეთს ესარგებლა თურქეთში არსებული არეულობით და აზერბაიჯანსა და საქართველოში შემოჭრილიყო! ეს ამერიკისთვის კატასტროფა იქნებოდა... კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რომ არა ობამასა და კერის განცხადებები, თურქეთში აჯანყებულების გამარჯვებას წინ აღარაფერი ედგა! ერდოღანი შეშინებული და დამალული იყო და გასაქცევად ემზადებოდა... ამ აქციით ამერიკამ და დასავლეთმა ერდოღანი მიახვედრეს, რომ, თუ ის დასავლეთის კრიტიკას კვლავ გააგრძელებს, მაშინ არა სამხედრო და პოლიტიკური გზით, არამედ უფრო საშინელი მეთოდებით ჩამოაშორებენ ხელისუფლებას!


- სააკაშვილმა გააკეთა საინტერესო კომენტარი ოდესიდან - ერდოღანს ეს ამბავი პუტინმა მოუწყოო!

 

- ძალიან მრცხვენია, რომ ეს კაცი საქართველოს 9 წელი თავზე აჯდა და ძალიან მიკვირს, რა ნიშნით აირჩიეს ეს ადამიანი დასავლეთში ჩვენს დირექტორად?! სამეურნეო საქმიანობისა არაფერი გაეგება, კაცობაში ნულია, განათლებაში ნულია და ისეთ ბრიყვულ განცხადებებს აკეთებს, პოლიტიკაშიც ნულია მისი ფასი. მოკლედ, სააკაშვილი არის პუტინის იმიჯმეიკერი და პიარშჩიკი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ავტორიტეტს ამაღლებს! ნამდვილად არა აქვს პუტინს იმის ძალა, რომ უძლიერესი არმიისა და სპეცსამსახურების პატრონ NATO-ს წევრ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებები მოაწყოს! პუტინს შეუძლია, ქურთები გააძლიეროს, თურქეთის მემარცხენე ტიპის ოპოზიცია გააძლიეროს, მაგრამ რაც მოხდა, იმას პუტინი ვერ გააკეთებდა! ამდენად, სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ერდოღანს გადატრიალება, თურმე, პუტინმა მოუწყო, არის გონებაშეზღუდული და ბრიყვი კაცის ნალაყბევი და სხვა არაფერი. ასეთ კრეტინსა და უმეცარს რომ თავზე დაისვამ, ამის შემდეგ ჩვენ ერი ვართ და ხალხი გვქვია? მოკლედ, თურქეთს ქარიშხალმა გადაუარა და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ტიპის ქარიშხალმა რუსეთსაც გადაუაროს, მაგრამ ეს არ იქნება სამხედრო გადატრიალება!

- ბატონო ზაალ, თარხან ბათირაშვილი მართლა მოკლეს?

 

- ოჯახმა მიღო სამძიმრები და სპეცსამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია ალ-შიშანის დაღუპვის შესახებ... ამ ინფორმაციას დავჯერდები და ვიტყვი, რომ ალ-შიშანი ცოცხალი აღარ არის!


- ორაზროვნად ლაპარაკობთ, თარხან ბათირაშვილი ცოცხალია?

 

- ალ-შიშანი მოკვდა. რაც შეეხება ბათირაშვილს, თარხანი ცოცხალია თუ მკვდარი, ამას დრო გვიჩვენებს.




ესაუბრა დიტო ჩუბინიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×