logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: მოგვწონს თუ არა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთში წყდება!
- +

20 ივლისი. 2016. 00:01


პარტია „თამაზ მეჭიაური- ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური რუსეთში უმაღლესი დუმის დეპუტატების მიწვევით მიემგზავრება.


ამის შესახებ მეჭიაური რეპორტიორთან" საუბრობს და მის კოლეგებთან მოლაპარაკებების შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გვიზიარებს.



უფრო დეტალურადრომ ჩამოვალ, მერე ვისაუბროთ. მივდივარ ხვალ. მიწვეული ვარ ჩემი კოლეგების მიერ რუსეთის დუმიდან."- თამაზ მეჭიაურის განცხადებით, რუსეთის უმაღლეს დუმაში მსჯელობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართება, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტის ზონებში არსებული მდგომარეობა და რუსეთ- საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება.


- ბატონო თამაზ, რა თემების განხილვას გეგმავთ რუს დეპუტატებთან?


- შეხვედრა დაიგეგმა  მათი ინიციატივით. აინტერესებთ ჩვენი ხედვები, ჩვენი ახალი პოლიტიკური მიმართულება. მთხოვეს, რომ ჩავიდე და შემდგომ, როდესაც დავბრუნდები, უფრო დეტალურად ვისაუბრებ შეხვედრის მიზანზე და შედეგებზე.


ასევე შევხვდებით საქართველოს დიასპორის რუსეთში  მყოფ წამომადგენლებს. 



- რა შედეგს ელით შეხვედრიდან გამომდინარე? შესაძლებელია თუ არა რუსეთ-საქართველოს უერთიერთობების ნორმალიზება ამ ფორმით?


- ჩვენ ხელისუფლებაში არ ვართ, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენი პარტია არ არის ხელისუფლებაში, თუმცა მე გავაცანი მათ, რომ ჩვენი საბოლოო და მთავარი მიზანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლანობის აღდგენა. სწორედ უდიდესი როლი ამ საკითხში გააჩნია რუსეთს.


რა თქმა უნდა, მომენტალურად ვერ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჯერ გრძელი გზა არის გასავლელი. პირველ რიგში, ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით, ასევე კონფლიქტის რეგიონებში დამატებითი პრობლემების მოხსნაზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ მოსაგვარებელია.


სამწუხაროდ, დღეს ისევ აქვს ადგილი კონფლიქტის ზონებიდან ადამიანთა გატაცებებს. ოთხოზორიას მკვლელობა ამის ნათელი დადასტურებაა... მეტიც: დამნაშავე ჯერ კიდევ არ არის დასჯილი! რა თქმა უნდა, ამ თემაზეც გვექნება საუბარი. ნაბიჯები ბევრი მიმართულებით გადასადგმელია, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას და მოლაპარაკებების პროცესების განვითარებას.




- ახლოვდება საპარლამენტო არჩევნებიც. რა ხედვები აქვს თქვენს პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?


- ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში  უარს ვიტყვით NATO- ზე, ჯარისა და სხვა ქვეყნის ბაზების განთავსებაზე ჩვენს ტერიტორიაზე.



- გულწრფელად გვიპასუხეთ - გჯერათ, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მოგვარდეს?


- სხვათაშორის, ვერ გეტყვით, რომ ყველაფერში გვეთანხმებიან. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების გარეშე მათ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ კავკასიაში და არა მარტო კავკასიაში. NATO -ს შემოსვლა გამოიწვევს საქართველოს გავლით კავკასიის მოწყვეტას რუსეთისგან და გაართულებს კომუნიკაციას ახლო აღმოსავლეთზე. ასევე დიდ პრობლემებს შეუქმნის ჩრდილოეთ კავკასიაში და ფაქტობრივად, რუსეთის დაშლის პროცესს შეუწყობს ხელს.


 ერთიცაა: იმ ფონზე, რაც ხდება მსოფლიოში, როცა NATO -ს ქვეყნებში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია და თვითონვე ვერ მოუვლიათ საკუთარი თავისთვის, საქართველოს NATO - ში გაწევრიანება კატასტროფის ტოლფასი იქნება.


ეს გააჩენს საქართველოს ტერიტორიაზე დაპირისპირების ახალ კერას ამერიკასა და რუსეთს შორის. ასე რომ, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი იქნება საქართველოს დაღუპვის ტოლფასი და რუსეთისთვის სერიოზული პრობლემების მომტანი.


რა თქმა უნდა, რუსეთი ძალიან დიდია, მაგრამ ეს პროცესები გამოიწვევს იმას, რომ რუსეთის გავლენა მსოფლიოზე სერიოზულად შემცირდება. ამის გამო რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ინტერესები.


- დღეს ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც სტრატეგიულ მოკავშირეს. ქვეყნის საგარეო კურსიც ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვის. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ შემთხვევაში, საქართველომ რუსეთთანაც შეძლოს ურთიერთობების დალაგება, პრობლემების ცივილური ფორმით მოგვარება და ამავე დროს პროდასავლური კურსის შენარჩუნება, NATO -ში გაწევრიანება?


- ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, მისი გაძლიერებისკენ და ყველა ჩვენი სწრაფვა უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს საბოლოო მიზანი NATO -ში გაწევრიანება არანაირად არ უნდა იყოს!


ვიმეორებ - მოგვწონს თუ არა, მიმაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძირითადად მაინც წყდება რუსეთში! რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების ინტერესებიც, მაგრამ არა ისე, რომ დააზიანოს უპირველესი და მთავარი - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა!


დიახ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ უპირველესად რუსეთთან, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ეს თემა ფაქტობრივად იყო დახურული, თუ არ ჩავთვლით აბაშიძე- კარასინის ფორმატს, რომელიც ძალიან შეზღუდულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×