logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: ასეთი თითიდან გამოწოვილი ბრალდება წამიყენეს! ეს იყო პოლიტიკური საქმე!
- +

21 ივლისი. 2016. 02:59



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატებს შორისაა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელმაც შეთავაზება პირადად გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო. „ახალი თაობა" კობა ნარჩემაშვილს ესაუბრა.


- ბატონო კობა, რატომ გადაწყვიტეთ აქტიურ პოლიტიკაში მობრუნება?

- ის სფერო, სადაც მე ვმოღვაწეობდი, სხვა სფეროა, საჯარო პოლიტიკა სხვა სფეროა. 2009 წლიდან მე ვარ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში და გადავწყვიტე, ახლა აქეთ მეცადა ბედი.


- რამდენად გაქვთ წარმატების იმედი?

- იმედი რომ არ მქონოდა, ამ მარათონში არც ჩავერთვებოდი.


- ბევრი შეფასება გაკეთდა უკვე. ბევრი აკრიტიკებსოცნებას", რომ ძველი სახეები, შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნები წამოწია წინა პლანზე. რით უპასუხებდით თქვენ?

- პირველი ტალღა მაინც ძალიან ემოციურია. შეიძლება ეს საკითხი მეორე მხრივ შევაფასოთ, რომ ეს განიხილებოდეს იმ ადამიანების გარკვეულ გამოყენებად, რომლებიც 2003 წლის შემდეგ სრულიად დაუმსახურებლად ჩამოცილებულ იქნენ ყველანაირი საქმიანობის სფეროს. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიზანმიმართული გადაწყვეტილება, რომ ერთიანი ტალღის ქვეშ მოექციათ ყველა ადამიანი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც აბსოლუტურად უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობდნენ, მაგრამ მათთვის არასაიმედონი იყვნენ ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით.


- დღეს გადაწყვიტეს, ბედი თავიდან სცადონ?

- ჩემი აზრით, ეს იქნება სტიმული, რომ არ დაიკარგოს გამოცდილება, რომელიც მათ აქვთ და მათ, ვინც პატიოსნად ემსახურებოდა ქვეყანას, კვლავაც გააგრძელონ სამსახური. ნაციონალურმა მოძრაობამ შემოგვთავაზა ეს დისკურსი _ ყველაფერი, რაც ადრე იყო, ცუდია, ჩვენ დავიწყეთ საქართველოს ისტორია, ვინც ადრე მუშაობდნენ, ყველა ცუდები და კორუმპირებულები იყვნენ. ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს. ის გადასმული ხაზი, რომელიც 40 წელს ზემოთ ადამიანებს დაესვა, ვალდებულია ჩვენი საზოგადოება, რომ გამოასწოროს. ამიტომ ამ ადამიანების კუთხით თუ შევხედავთ, მათი განწყობები სხვანაირი იქნება და ასეთები ცოტანი არ არიან.


- ცოტანი არ არიან და ნაციონალებზე შურისძიებასაც აპირებენო. ამაზე რას იტყვით? გინდათ მათზე შურისძიება?

- დღეს თუ რაიმე არ არის საჭირო, საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზება ნამდვილად არ არის საჭირო. შურისძიება `ქართულ ოცნებას~ რომ სდომოდა, ამისთვის ოთხი წელი ჰქონდა და ამის გაკეთება მას ჩვენ გარეშე შეეძლო. მით უმეტეს, ამდენი ხნის გასვლის შემდეგ, კიდევ პოლარიზების და დაპირისპირების დრო არ არის. პირიქით, მეტი ბერკეტი უნდა მოიძებნოს და მეტი შეხების წერტილები. თუ ვინმეს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს მიუტევებელი ჩადენილი, ამ შემთხვევაში კანონი უნდა მოქმედებდეს და არა - ვინმეს ინტერესი.


- თქვენზე ითქვა, რომ ძალიან ბევრს ეცადნენ ნაციონალები, მაგრამ ვერ მოუძებნეს მიზეზი ციხეში ჩასასმელადო. თქვენ მაინც დაგაპატიმრეს, მაგრამ მალე გაგათავისუფლეს. მაინც რას გედავებოდნენ?

- მედავებოდნენ მომწამვლელი გაზის შეტანას ქვეყანაში. ასეთი თითიდან გამოწოვილი ბრალდება წამიყენეს. რასაკვირველია, ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე!


- ანუ არა გაქვთ პირადი ბოღმა ნაციონალების მიმართ?

- (იცინის) არა, რასაკვირველია, არა!


- ბატონო კობა, თქვენ აგიყვანეს ნანული შევარდნაძის დაკრძალვიდან. ითქვა, რომ თქვენ იცოდით ამის თაობაზე და დაკრძალვაზე მაინც მიხვედით. მართლაც ასე იყო?

- დიახ, ნამდვილად ვიცოდი. ერთი დღით ადრე ჩემ შესახებ საზღვარზე იყო უკვე გაფრთხილებები, რომ აპირებდნენ ჩემს დაკავებას. ამის თაობაზე მომაწოდეს ინფორმაცია, მაგრამ მიუსვლელობაც არ შეიძლებოდა. ამას ხელზეც დაიხვევდნენ, რომ აი, მიიმალა და ასე შემდეგ. თანაც ამით ძალიან დაზარალდებოდა ჩემი გარემოცვა. ამიტომ ჩემ მიერ ეს გადაწყვეტილება სრულიად გააზრებულად იქნა მიღებული.


- სწორედ ამიტომ ითქვა, რომ ერთადერთი მინისტრი, ვინც არ უღალატა შევარდნაძეს, ნარჩემაშვილი იყოო.

- არა, ერთადერთი ნამდვილად არ ვიყავი. უბრალოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოქმედებები უფრო ჩანს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თანაც ასეთ ვითარებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა და ფიგურა არის შინაგან საქმეთა მინისტრი. სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სხვა პერსპექტივები ესახებოდათ, მათი აზრით, 2003 წლის შემდეგ.



- თუ შემოგთავაზეს იმ პერიოდში, როდესაც მინისტრი იყავით, თანამშრომლობა ნაციონალებმა?

 - რა თქმა უნდა! ისინი ამას ყველას სთავაზობდნენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×