logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: ჩემზე თავდასხმის მთავარი დამკვეთი სააკაშვილია!
- +

25 ივლისი. 2016. 10:43


კობა დავითაშვილზე 9 წლის წინათ მომხდარი თავდასხმის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ელიავას ბაზრობაზე ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი გაუსწორდა, რომელსაც ვინმე ედიშერ კობახიძე ხელმძღვანელობდა. კობა დავითაშვილის ცემისა და მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურად ადეიშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ქარსელაძემ და კობახიძემ გამოძიებასთან ითანამშრომლეს და ადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს.


სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ვესტუმრეთ პარლამენტის წევრ კობა დავითაშვილს, რომელიც 3 წელია, ქართული პოლიტიკიდან გაუჩინარდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდა. აღმოჩნდა, რომ ერთ დროს ჰიპერაქტიური პოლიტიკოსი, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობისას ფათერაკები არ დაჰკლებია, დღეს ქართველ ხალხზე ყოფილა გაბრაზებული და პოლიტიკისთვისაც ამიტომ დაუნებებია თავი. ის კი არა, კობა დავითაშვილი ქართველ ამომრჩეველზე ისეა განაწყენებული და განრისხებული, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხის არსებობის საკითხსაც კი ეჭვქვეშ აყენებს.


ალბათ, ბევრს აქვს ნანახი გენიალური ჩეხი რეჟისორის მილოშ ფორმანის გახმაურებული ფილმი „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ", წინამდებარე ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ კი შესაძლოა, ასეთი ფორმულირება გაჩნდეს - „კობა დავითაშვილი ხალხის წინააღმდეგ!" თუმცა, სანამ იმას გაგვიმხელდა, რატომ არის გაბრაზებული ხალხზე, კობა დავითაშვილმა 9 წლის წინანდელი თავდასხმის დეტალები გაიხსენა:


- ადამიანები, რომლებიც თავს დამესხნენ, ნამდვილი ბანდიტებივით და ტერორისტებივით იქცეოდნენ. ფორმა არ ეცვათ, არანაირი საბუთი არ წარმოუდგენიათ და პირდაპირ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ; ცივსისხლიანად გამისწორდნენ, ლითონის გასაშლელ ხელკეტებს მიზანმიმართულად მირტყამდნენ კისრისა და თავის არეში.


- თქვენი დაინვალიდება ჰქონდათ განზრახული?

 

- ისინი მკვლელობაზეც წამსვლელები იყვნენ. გორისკენ რომ მივყავდი, გზაში მსჯელობდნენ, რა ვუყოთო? იგოეთთან სხვა ჯგუფს გადამცეს და მათ გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რომელიც დახურული ტიპის დაწესებულებაა. იქ ნამდვილად არ გამოირიცხებოდა ჩემი მოკვლა და დარწმუნებული ვარ, მედპერსონალს შორის აუცილებლად ეყოლებოდათ მათთვის სანდო პიროვნება, რომელიც ჩემს მკვლელობაზე ხელს მოაწერდა.


გორის ჰოსპიტალში ცდილობდნენ კიდეც, რომ რაღაც ოპერაცია გაეკეთებინათ, რომელიც არანაირად არ მჭირდებოდა და წინააღმდეგობას ვუწევდი. საზოგადოების რეაქციამ გადამარჩინა, თორემ შეიძლებოდა, იქიდან ცოცხალი ვერც გამოვსულიყავი.


- თქვენ ყოველთვის სააკაშვილს ადებდით ხელს და აცხადებდით, რომ მისი უშუალო ბრძანებით დაგესხნენ თავს. დღესაც ასე ფიქრობთ?

 

- დიახ, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე თავდასხმის მთავარი დამკვეთი სააკაშვილია. ადეიშვილი კი, უბრალოდ, შუალედური რგოლი გახლავთ!


საქართველოში აბსოლუტური დიქტატურა მძვინვარებდა და სააკაშვილი ერთპიროვნულად წყვეტდა იმასაც კი, ქუჩაში საზოგადოებრივ ტუალეტს როგორი დიზაინი უნდა ჰქონოდა, ანდა რომელიმე მიყრუებულ სოფელში ვინ დანიშნულიყო გამგებლის მოადგილედ. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ ჩემზე თავდასხმა სააკაშვილის გარეშე მოხდა.


პირდაპირ გეტყვით - არ ვიქნები წინააღმდეგი, ადეიშვილს საპროცესო გარიგება გაუფორმდეს, თუკი იგი სააკაშვილზე ჩვენებას მისცემს!


- თუმცა, სააკაშვილიც და ადეიშვილიც საქართველოდან გაქცეულები არიან და ქართული მართლმსაჯულება მათ მოხელთებას ვერ ახერხებს!

 

- სააკაშვილს გაქცეულს ვერ ვუწოდებთ, რადგან უკრაინაში აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას  და ოდესის გუბერნატორის სავარძელშია ჩაბრძანებული, რაც მისი მფარველების - მაკ-კეინის, კარლ ბილდტის, ევროპის სახალხო პარტიისა და სხვათა დამსახურება გახლავთ!


დღევანდელ ხელისუფლებას ბევრ რამეს ვედავებით, მათ შორის იმას, რომ რეჟიმის გასამართლება და მთავარი დამნაშავეების დასჯა ვერ შეძლო, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას - სააკაშვილის უკან ისეთი ძალები დგანან, მისი დაჭერა და გასამართლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია!


- ამ თემას ოდნავ ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით, ახლა კი ის მითხარით, პოლიტიკური ასპარეზიდან რატომ გაუჩინარდით?

 

- 2013 წელს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად ვიყრიდი კენჭს, განვაცხადე, რომ ხმების 3 პროცენტს თუ ვერ ავიღებდი, აქტიური პოლიტიკიდან წავიდოდი. სიტყვა შევასრულე და ასეც მოვიქეცი.


მე პოლიტიკა მესმის როგორც ხალხის სამსახურში ყოფნა, მაგრამ როცა ხალხს თავად არ სურს, რომ მას ემსახურო, ანდა უარესი - როცა ხალხი, როგორც  მოცემულობა, ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს, პოლიტიკაში ყოფნასაც აზრი ეკარგება. ეს იგივეა, იყო ადვოკატი, როცა არ გყავს კლიენტი, ვისი ინტერესებიც უნდა დაიცვა სასამართლოში.


სწორედ ასეთ იდიოტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი - აქტიურად ვიცავდი ხალხის ინტერესებს, მაგრამ უკან მოვიხედე და დავინახე, რომ ხალხი აღარსად იყო!


- გამოდის, რომ ქართველ ხალხზე ხართ გაბრაზებული?

 

- გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ საქართველოში ხალხი აღარ არსებობს!


დიახ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სოლიდარობა არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც რელიგიური, არც კულტურული, არც კლასობრივი და არც რაიმე სხვა ნიშნით!


საქართველოში სოლიდარობა აქვთ მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობელ-მეგობრების მიმართ, ასეთი ადამიანების კრებულს კი ხალხს და, მითუმეტეს, ერს ვერ დავარქმევთ!


ჩვენში ხშირად გაიგონებთ ფრაზას - „ქვეყანას პატრონი არ ჰყავს!" - თუმცა, ვერასოდეს გაიგონებთ - „ქვეყანას მსახური არ ჰყავს!" ასეა, საქართველოში ადამიანები ყოველთვის ეძებენ არა მსახურს, არამედ ბატონსა და პატრონს!


- „ქართულმა ოცნებამ", რომელთან ერთადაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოხვედით, იმედები ხომ არ გაგიცრუათ?

 

- ყოველთვის მქონდა იმის პრივილეგია და შესაძლებლობა, რომ ბიძინა ივანიშვილთან გულახდილად მესაუბრა და არაერთხელ პირში მაქვს ნათქვამი, მის ნაკლოვანებებზე რასაც ვფიქრობდი!


დღეს ვიღაც მაგარი ბიჭები იძახიან, სუსტი მთავრობა გვყავს, რომელმაც სამართლიანობა ვერ აღადგინაო. ვეკითხები ამ მაგარ ბიჭებს - ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, რას შვრებოდით?! სამართლიანობის აღდგენის საქმე ბოლომდე გყავდათ მიყვანილი და ბიძინამ შეგიშალათ ხელი?!


არ დაგავიწყდეთ, რომ ოპოზიცია დაშლილი და განადგურებული იყო, ივანიშვილმა კი იმდენი მოახერხა, რომ სააკაშვილის რეჟიმი უსისხლოდ შეცვალა და ამით შეაჩერა კიდევ უამრავი უსამართლობა, რომელსაც ნაციონალები აუცილებლად ჩაიდენდნენ, ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყვნენ.


საერთოდ, ძნელია, რომ ბიძინა ივანიშვილისგან სამართლიანობისთვის ბრძოლას მოელოდე, რადგან ბიზნესმენი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის კომპრომისზე მიდის და არსებულ რეალობას ეგუება! ამიტომაც იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს სამართლიანობის აღდგენას არც დაჰპირებია! „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში სამართლიანობის აღდგენის დაპირება მე არ მახსოვს!


გარდა ამისა, როგორც ზემოთ გითხარით, სააკაშვილის დაჭერა და პასუხისგებაში მიცემა სულაც არ არის მარტივი საქმე, რადგან იგი ამერიკისა და ევროპის საკმაოდ გავლენიანი ძალების წარმომადგენელია და მათი მფარველობით სარგებლობს!


- მარტო სააკაშვილის დაჭერაზე არ არის ლაპარაკი, უამრავ ადამიანს ქონება წაართვეს, უდანაშაულო ხალხი ციხეში აწამეს და ა.შ.

 

- ყველაფრის თავი და თავი არის სააკაშვილი, რომლის დაჭერისა და გასამართლების გარეშეც სამართლიანობა ვერ აღდგება! ამასთან, რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, სამართლიანობის აღდგენის კუთხით პრინციპულ გარდატეხას ვერ მოახდენს, თუკი ღიად არ დაუპირისპირდება იმ გავლენიან ძალებს, რომლებიც დღეს სააკაშვილის უკან დგანან და სხვადასხვა დროს სხვადასხვა კაციჭამია დიქტატორის უკან იდგნენ!


ისიც საკითხავია, ამ ძალიან გავლენიან ძალებთან დაპირისპირება ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო ხომ არ დააზიანებს?


კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სამართლიანობის აღდგენა თითქმის დაუძლეველი ამოცანაა, ხოლო ხელისულფების ლანძღვა იმის გამო, რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა, უბრალოდ, პოპულიზმია! მე პოლიტიკოსი აღარა ვარ, პოპულისტობაც არაფერში მჭირდება და რასაც ვამბობ, ამაში სრულიად გულწრფელი ვარ!


- აცხადებთ - პოლიტიკოსი აღარ ვარო, თუმცა, დღემდე პარლამენტის წევრად რჩებით!

 

- დიახ, სამწუხაროდ, პარლამენტის წევრად დავრჩი, რადგან სხვა სამსახური არა მაქვს, ოჯახს კი რჩენა სჭირდება.


- ე.ი. ხელისუფლებაზე გაბრაზებული არა ხართ?

 

- არა ვარ გაბრაზებული, იმიტომ, რომ დიდი მოლოდინები თავიდანვე არ მქონია!


ხალხს, იცით, რა ეგონა? ბიძინა ივანიშვილი დაურიგებდა ფულს, საჭმელ-სასმელს და კარგად აცხოვრებდა! საერთოდ, მოსახლეობის დღევანდელ მდგომარეობას რომ ვუყურებ, ეს მთავრობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენი ხალხი! ხომ არის გამოთქმა, ყველა ხალხი იმსახურებს ისეთ მთავრობას, როგორიც ჰყავსო? ქართველი ხალხი ასეთი მთავრობასაც არ იმსახურებს, როგორიც დღეს ჰყავს!


მოდით, პირდაპირ ვთქვათ - ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი რომ არ ყოფილიყო, ხალხი იმ საშინელ ციხის კადრებსაც „გადაყლაპავდა", რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა!


დიახ, თავისუფლება და ღირსება მსხვერპლს და თავდადებას მოითხოვს, თავდადებისა და მსხვერპლის გაღების უნარი კი ჩვენს ხალხში ვერ დავინახე!


- საპარლამენტო არჩევნები გვიახლოვდება და თქვენი პროგნოზი როგორია - დარჩება თუ არა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" და შეინარჩუნებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" „მთავარი ოპოზიციის" სტატუსს?

 

- დიახ „ქართული ოცნება" არჩევნებს მოიგებს, „ნაციონალური მოძრაობა" კი კვლავ მეორე ადგილზე გავა!


ბევრი ასეთ შეკითხვასაც სვამს - ნაციონალები ხელისუფლებაში ხომ არ დაბრუნდებიან? ჩემი პასუხი ასეთია - სანამ ადამიანებს გაუპატიურების შიში აქვთ, ნაციონალები ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ხოლო თუ ადამიანებში გაუპატიურების სურვილი გაჩნდება, შესაძლოა, სააკაშვილიც ჩამოვიდეს და ნაცებმაც ძალაუფლება დაიბრუნონ! მოკლედ, სანამ მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას ინარჩუნებს და ადამიანები არ ამჟღავნებენ სურვილს, რომ ისინი ვინმემ გააუპატიუროს, მანამდე „ქართულ ოცნებას" გამარჯვება უწერია!

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×