logo_geo
eng_logo
თამაზ გალუაშვილი: სულხან მოლაშვილი მოკლულია! მე ვიცი, როგორ მოკლეს იგი!
- +

25 ივლისი. 2016. 13:13


იგი საკანში სულხან მოლაშვილთან ერთად იჯდა და უნებურად, მის თავს დატრიალებული ტრაგედიის მოწმე შეიქნა. საკუთარი თვალით ხედავდა, ღამღამობით როგორ გაჰყავდათ თანასაკნელი, შემდეგ კი ნაიარევი და დაუძლურებული შემოჰყავდათ უკან. ყოფილი უკანონო პატიმარი თამაზ გალუაშვილი, „მეტსახელად „სპილო", სულხან მოლაშვილის წამებაზე და მის ჯალათებზე ალაპარაკდა:


- 2004 წელს სააკაშვილის რეჟიმმა სრულიად უდანაშაულოდ დამაპატიმრა. ჩემი სახლიდან 5 გაფორმებული იარაღი ამოიღეს და, დამატებით, 1906 წელს გამოშვებული „ნაგანი" ჩამიდეს. 6 თვის განმავლობაში ჯერ - მე-7 საპყრობილეში, შემდეგ კი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი გამოკეტილი. რეჟიმი ჩემგანაც ფულს ითხოვდა, იმის მიუხედავად, რომ ხაზინიდან 1 ლარიც კი არასოდეს ამიღია და არც სხვა უკანონობა ჩამიდენია; ჩვეულებრივი ბიზნესმენი გახლდით და რეჟიმს თვალში იმით მოვხვდი, რომ ხშირად ქველმოქმედებას ვეწეოდი. სხვათაშორის, წყნეთში მაია წყნეთელის ძეგლიც ჩემი დადგმულია.


მე-7 საპყრობილეში რეჟიმს კანონიერი ქურდები ჰყავდა დამწყვდეული. პატიმრობა სულხანთან ერთად გავატარე. ქურდებთან პრობლემა არ შეგვქმნია, პირიქით, სულხანს პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგან კარგად იციან პატიოსანი კაცის ფასი.


- დაპატიმრებამდე თუ იცნობდით სულხან მოლაშვილს?

 

- გამარჯობით ვიცნობდი, მასთან შეხების წერტილი თითქმის არ მქონია. ჩემი დაპატიმრებიდან მალევე, ერთ ღამეს სულხანიც მოიყვანეს და საკანში შემოასახლეს, სადაც ჩემთან ერთად აჭარის ფინანსთა მინისტრი დათო აბაშიძეც იმყოფებოდა.


ღამის 3 საათზე საკნის მძიმე, რკინის კარი ღრჭიალით გაიღო. თავი გაღიზიანებულმა წამოვწიე - ღამით მაინც მოგვასვენეთ-მეთქი, - უკმაყოფილოდ წამოვიძახე, ნამძინარევმა. ბადრაგმა ჯერ ჩანთა შემოაგდო, მერე სულხანი გამოუშვა და რკინის კარი ხმაურითვე მიიკეტა. კედელზე მიყრდნობილი სულხან მოლაშვილი ჩვენს თვალწინ ჩაიკეცა თავისსავე ჩანთაზე... უმალ წამოვხტით და შევეცადეთ, ეს 130-კილოგრამიანი კაცი როგორმე წამოგვეყენებინა. ამოიკვნესა, ზურგზე არ დამადოთ ხელიო.


- რატომ?

 

- შავი მაისური ავუწიეთ და საკუთარი თვალით დავინახე მის ბეჭზე, ოდნავ იღლიისკენ, ცოტათი შეხორცებული, საშინელი დამწვრობის 5 იარა, რომლებიც განლაგებებით კამათელის „ბეშს" წააგავდა. ეს რა არის, რა გიყვეს-მეთქი? - უილაჯოდ ხელი ჩაიქნია. მეორე დილით გამომიტყდა - სიგარეტის ტანზე ჩაქრობით მაწვალესო. - არ გტკიოდა-მეთქი? - არაო, ტკივილს უკვე ვეღარ ვგრძნობდი, მაგრამ ყველაზე მტანჯველი ცეცხლზე შეტრუსული ხორცის თუ ქონის სუნი იყო, როცა ვიცოდი, რომ ეს სუნი ჩემს სხეულს ასდიოდაო.


- მთელი პატიმრობა მასთან ერთად გაატარეთ?

 

- მხოლოდ რამდენიმე დღით დავშორდით ერთმანეთს, როცა სულხანი განცალკევებულ, მე-12 საკანში გადაიყვანეს, რათა ღამღამობით დაკითხვებზე შეუმჩნევლად ეტარებინათ. მე-7 ციხე ხომ შს სამინისტროს სარდაფშია განთავსებული... ამ საკანში ჩამოდიოდა უზარმაზარი კანალიზაციის მილი, რომელშიც მთელი სამინისტროს თანამშრომლების ფეკალიები მოძრაობდა. რამდენიმე წუთში ერთხელ საკანში ჩარეცხვის საშინელი, მონოტონური ხმა ისმოდა, რომელიც იქ მყოფებზე დამთრგუნველად მოქმედებდა. ფაქტობრივად, დაძინებაც შეუძლებელი იყო! რამდენიმე დღეში ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო და სულხანთან შემასახლა. საკანში ტუალეტიც კი არ არსებობდა. მის ნაცვლად მე-19 საუკუნის მსგავსი „პარაშა" იყო მოწყობილი. გადაყვანის დღიდან საკნის „კეთილმოწყობაზე" დავიწყე ზრუნვა. საკუთარი ხარჯით კანალიზაციის მილი სულ ტყავებში შევფუთეთ, რათა წყლის ჩარეცხვის ხმა ჩაგვეხშო. „პარაშაც" ტყავებით გადავტიხრეთ და „ზმეიკა" დავუყენეთ. ამგვარად სუნი უკვე ნაკლებად გვაწუხებდა. აი, ასეთ პირობებში ვცხოვრობდით, როცა თბილისის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი საჯაროდ აცხადებდა, სულხან მოლაშვილი ევრორემონტიან საკანში იმყოფებაო! რამდენჯერ შეგვიკურთხებია, საკუთარი ოჯახი აცხოვრე ასეთ ევრორემონტში-თქო!


- რა რეჟიმში ცხოვრობდა სულხანი?

 

-მუდმივად აწამებდნენ! შუაღამისას მიჰყავდათ და დილით გაუბედურებული, დენით ნაწამები მოჰყავდათ. მოწყობილობას, თურმე, ხელის და ფეხის თითებზე უერთებდნენ და ნაწამებს ისე ჰქონდა თითები დაბუჟებული, ხელიდან ნივთები უვარდებოდა! პერიოდულად საკანში ბადრაგი ტელეფონს შემოიტანდა: გირეკავენ და დაელაპარაკეო, ყურმილიდან მხიარული ხმა ისმოდა - გაემზადე, ამაღამ მოგაკითხავთ და გაგასეირნებთო. ეს ზარი საწამებლად მისი მორიგი გაყვანის მაუწყებელი იყო. იმ ღამით რაღა დაგვაძინებდა! მეც სულხანის ტრაგედიის განცდით ვცხოვრობდი!


- ვინ ურეკავდა?

 

- გამომძიებელი! რამდენჯერმე შევესწარი, როცა სულხანს თავად ვალერი გრიგალაშვილი ელაპარაკა! მოკლედ, დაღამების გვეშინოდა ხოლმე ასეთი ზარის მოლოდინში! რაღაც საბუთებს ედავებოდნენ. სულხანი, ზოგადად, არ იყო ენაწყლიანი და მოლაპარაკე კაცი. ორი სიტყვა ძლივს წამოცდებოდა და ამგვარად ვიგებდი მის მდგომარეობას. ნათლად მახსოვს ის დღე, როცა მე-7 საპყრობილეში თბილისის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი და ზურაბ ადეიშვილის მოადგილე კახა კობერიძე მოვიდნენ, ჩვენს საკანში შემოვიდნენ და სულხანს უტიფრად მიმართეს, წავკისში ერთი სახლი უნდა იყიდო, 60 ათასს გადაიხდი და ხვალ, 12 საათზე სახლში იქნებიო. საკანში ტელეფონი დაუტოვეს - დაფაცურდი და ფული იშოვეო. სულხანმა არ დაიჯერა - მატყუებენ, ვინ გამიშვებსო... მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. 10 ათასი მე შევუგროვე. დანარჩენი მისმა ოჯახმა მოკრიბა ნათესავე-ახლობლებში და გადაიხადეს. მაგრამ ამის მერე სახლში კი არ გაუშვეს, კიდევ 4 წელი და 2 თვე დატოვეს ციხეში! ეს გრიგალაშვილი ნამდვილი გველის წიწილია! საწამებლად ღამ-ღამობით სულხანის გაყვანა „რეზბალნიცაზე" ჩვენი გადაყვანის მერეც გაგრძელდა. დილით თითქმის უგონოდ აბრუნებდნენ. 5 თვეში 50 კილოგრამი დააკლებინეს წამებით. ხშირად საკანში მობრუნებული  სულხანის სახეზე და ტანზე შეწითლებული ადგილებიც მინახავს, რაც მის ცემაზე მიუთითებდა. თავის ტკივილზე არ ლაპარაკობდა, მაგრამ მე ხომ ვხედავდი, რაც ხდებოდა მის თავს! დარწმუნებული ვარ, ის სპეციალურად დააავადმყოფეს! სულხანი მოკლულია! მე ვიცი, როგორ მოკლეს იგი!


- როგორ?

 

- პერიოდულად რაღაც ნემსებს უკეთებდნენ. დაჭერამდე სავსებით ჯანმრთელ, ჯან-ღონით სავსე კაცს რამდენიმე თვეში ღვიძლი დაუავადეს, რამაც ბოლოს მისი სიცოცხლე შეიწირა. ფაქტობრივად, ეს იყო მკვლელობა და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სულხანს ნელი სიკვდილით კლავდნენ. აკი ნაძირალა სააკაშვილი მის სიკვდილს ნატრობდა და ამას არც მალავდა!


- თქვენ 6 თვეში გათავისუფლდით... ამის მერე თუ გქონდათ სულხანთან კონტაქტი?

 

- რა თქმა უნდა! მის სანახავად ციხეში შესვლასაც კი ვახერხებდი, მაგრამ ყველა მისვლაზე სულ უფრო და უფრო უარესად მხვდებოდა! კვირაში ერთხელ აწამებდნენ, მაგრამ ორ დღეში ერთხელ ეუბნებოდნენ, გასასეირნებლად ამაღამ გაგიყვანთო, რითაც ფსიქოლოგიურად მოქმედებდნენ. სულხანს ჩემს თვალწინ ყოველდღე ნელ-ნელა კლავდნენ!


- წავკისში იმ სახლს რა ბედი ეწია, რომელიც სულხანს აყიდვინეს?

 

- სააკაშვილმა დიდი პიარით ეს სახლი უპატრონოებს გადასცა, მაგრამ ის კი არ თქვა, ახლახან ვაყიდვინეთ მოლაშვილსო... ისე გამოიყვანა, თითქოს სულხანს ეს სახლი დიდი ხნის წინათ ჰქონდა შეძენილი და ჩამოართვეს! ასე ატყუებდნენ ხალხს ყალბი პიარებით!


- თქვენთვის მოულოდნელი იყო სულხან მოლაშვილის სიკვდილი?

 

- არა! მას რომ ძლიერი ორგანიზმი არ ჰქონოდა, აქამდეც ვერ იცოცხლებდა! გიმეორებთ, რომ სულხან მოლაშვილი თეთრხალათიანი ჯალათების ხელით მოკლეს.  თვალი რომ გადაავლოთ, სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი პატიმრები დღეს  ერთმანეთის მიყოლებით, ღვიძლისა და გულის უკმარისობით, თითქმის ერთნაირი სიკვდილით იხოცებიან, რაც მოწმობს, რომ მათზე პირდაპირ სამედიცინო ექსპერიმენტები ტარდებოდა!


სულხანის მთელი საქმე, მისი წამების ქრონიკა ხელისგულზე დევს. მისი ჯალათები, პირველ რიგში კი, ვალერი გრიგალაშვილი - სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ!

 

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×