logo_geo
eng_logo
სკანდალური ინტერვიუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მერაბ ტურავასთან
- +

1 აგვისტო. 2016. 15:50


გიორგი პაპუაშვილის სკანდალურმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სამართალდამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ, ის ინსტიტუცია დააყენა ეჭვქვეშ, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც საკანონმდებლო სივრცე კონსტიტუციასთან მოდის შესაბამისობაში, ეს კი არათუ ერთი კონკრეტული მოსარჩელის, არამედ თითოეული ჩვენგანის ყოფას შეეხება...


მოვლენების განვითარებამ კი გვაჩვენა, რომ არათუ მომავალში მიღებული საკონსტიტუციო გადაწყვეტილებები შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ, არამედ უკვე მიღებულიც, ვინაიდან მოსამართლეთა ერთმა ჯგუფმა თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილში, პირიქით, პაპუაშვილი დაადანაშაულა სარჩელების სელექციაში ჩვეულებრივი და პოლიტიკური კონტექსტის საქმეებად, სადაც ამ უკანასკნელს დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავდა და წყვეტდა.


ერთი სიტყვით, ამ დაპირისპირებაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრაკაციან შემადგენლობაში ხმები 5/4-ზე გაიყო. თავმჯდომარეს ხუთი მოსამართლე უპირისპირდება და ერთ-ერთი მათგანი ახალი ხელისუფლების პირობებში შერჩეული მოსამართლე, მერაბ ტურავაა.


სწორედ მასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ დღეს „პრაიმტაიმი" და შევეცდებით, მკითხველისთვის უფრო გასაგები გავხადოთ ყველა ის პროცესი, რაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს:


- საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი მოსამართლეობის წელიწად-ნახევრის მანძილზე დავინახე, რომ სასამართლო განსხვავებულად უდგება სხვადასხვა საქმეს. ხდება გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით კი იმ საქმეების, რომლებსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს.


- პოლიტიკური კონტექსტი რომელ საქმეებს აქვს?


- „რუსთავი 2"-ის, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეებს... ყველა ეს საქმე ძალიან ჩქარა იქნა ჩანიშნული და განსახილველად გადაცემული... ამას გარდა, ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ ხდებოდა, რომ პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეები თავს იყრიდა ყოველთვის პირველ კოლეგიაში. ეს ჩემთვის გარკვეული ეჭვების აღმძვრელი იყო.


- თქვენ რისი ეჭვი გაქვთ, რატომ ხდებოდა ასე?


- მე მხოლოდ ეჭვი გამიჩნდა, რადგან ასეთი საქმეები თანაბრად არ ნაწილდებოდა და პირველი კოლეგია იყო ამორჩეული ყველა ასეთი სარჩელის განმხილველად.


- რამდენადაც ვიცი, პირველ კოლეგიაში ხართ თქვენ...


- დიახ, მაგრამ ჩემ გარდა არის ის სამი მოსამართლე, რომელსაც თავმჯდომარისთვის ჩვენ მიერ დაწერილი განცხადებისთვის ხელი არ აქვს მოწერილი.


- გულისხმობთ კოტე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და მაია კოპალეიშვილს?


- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ მხარე ყოველთვის აყენებდა შუამდგომლობას ჩვენს აცილებაზე, ასეთი საქმეები, რატომღაც, ავტომატურ რეჟიმში მაინც პირველ კოლეგიაში ხვდებოდა.


- მხარეში პარლამენტს გულისხმობთ?


- დიახ. ის ეჭვქვეშ აყენებდა ასეთი კონტექსტის საქმეებზე ამ კოლეგიის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას...

 

- თუმცა, თქვენი ზემოჩამოთვლილი კოლეგები სხვა მხრივ აყენებენ პრეტენზიებს და აცხადებენ, რომ „რუსთავი 2"-ის საქმემ პოლიტიკური ელფერი მას შემდეგ შეიძინა, რაც თქვენ ის პლენუმს იმ დროს გადაეცით არსებითად განსახილველად, როცა თქვენს კოლეგიას მასზე გადაწყვეტილების პროექტი უკვე მომზადებული ჰქონდა...


- როგორც უკვე მოგახსენეთ, ისეთი მნიშვნელოვანი სარჩელები, რომლებიც ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო, რომლის გამოც დიდი აჟიოტაჟი და ხმაური იყო ატეხილი, ერთსა და იმავე კოლეგიაში მიდიოდა. პლენუმზეც კი არ მიდიოდა, არათუ მეორე კოლეგიაში... როდესაც კანონში შევიდა ცვლილება და ერთ მოსამართლეს მიეცა უფლება, შუამდგომლობა დაეყენებინა საქმის პლენუმისთვის გადაცემაზე, პლენუმმა ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.


- და ეს მოსამართლე იყავით თქვენ?


- ეს მოსამართლე მე ვიყავი. ამაზე, რა თქმა უნდა, ატყდა ამბავი.

 

- თქვენმა ამ გადაწყვეტილებამ მაშინ წარმოშვა ეჭვები, რომ ამ საქმის ხელოვნური გაჭიანურება ხდებოდა...


- არადა, ობიექტურად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო. ეჭვი მაშინ არ გაჩნდებოდა, თუ ასეთი პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი საქმეები თავიდანვე პლენუმს გადაეცემოდა განსახილველად.


- საქმეებს ვინ ანაწილებს?


- საქმეებს ანაწილებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და, შესაბამისად, სამივე ასეთმა საქმემ რომ პირველ კოლეგიაში მოიყარა თავი და თანაც მათი რიგგარეშე, დაჩქარებული წესით განხილვა ხდებოდა, სწორედ ეს იყო კითხვის ნიშნების მატარებელი... და თუ ჩემი სამი კოლეგა მიიჩნევს, რომ ამ საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინა მას შემდეგ, რაც მე დავაყენე შუამდგომლობა საქმის პლენუმისთვის გადაცემის შესახებ, ეს შუამდგომლობა მოსამართლეთა უმრავლესობამ დააკმაყოფილა, ვინაიდან მათაც ჩათვალეს, რომ ასეთი საქმეები პლენუმს უნდა განეხილა.

 

- „ნაციონალური მოძრაობისგან" იყო მოლოდინი, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება არჩევნებამდე მიიღებოდა. მას შემდეგ, რაც თითქმის გადაწყვეტილი საქმე, თქვენი მოთხოვნით, პლენუმს გადაეცა, საქმეზე გადაწყვეტილება არჩევნებამდე ვეღარ დადგება?


- გადაწყვეტილება როდის გამოცხადდება, არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ამოწურული კანონით გათვალისწინებული ვადები.


- თქვენთვის ცნობილი იყო რომელიმე თქვენს კოლეგაზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის შესახებ მანამ, სანამ ამის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა გიორგი პაპუაშვილი?


- გიგი უგულავასა და „კაბელების საქმეზე" პროცესი იყო ჩანიშნული, როდესაც თავმჯდომარემ წინა დღეს გააჟღერა ეს საჯარო ბრალდება. ამ განცხადებამ მოსამართლეთა უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. მოსამართლეს, რომელიც საქმეს იხილავს და არ იცის, მის გვერდით მჯდომი რომელი კოლეგაა ზეწოლის ქვეშ, გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება, რადგან ფიქრობს, რომ რომელიღაც მათგანი ვერ მიიღებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. სწორედ თავმჯდომარის განცხადება გახდა ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის მატარებელი მოსამართლეებისთვის. გიორგი პაპუაშვილს შეეძლო, წინა დღეს ჩაეტარებინა პლენუმის დახურული სხდომა და იქ შეეთანხმებინა მოსამართლეებთან მისი განცხადების შინაარსი. მას ამ დროს აუცილებლად გვერდით უნდა ჰყოლოდა ის მოსამართლე, ან მოსამართლეები, რომელზეც ზეწოლა ხორციელდებოდა. რაკი ასე არ მოხდა, მეორე დღეს, როცა ჩვენ დარბაზში შევედით, დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სანამ პროკურატურა არ დაადგენს, ვისზე ხდებოდა ზეწოლა, ან ხდებოდა თუ არა ეს ზეწოლა საერთოდ, არ გაგვეგრძელებინა საქმის განხილვა. ეს გავაკეთეთ იმის გამო, რომ საზოგადოების თვალში ჩვენ არ ვყოფილიყავით ეჭვმიტანილები „ზეწოლის" გამო მიკერძოებულობაში. სიმართლე გითხრათ, მე პირიქით შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ზეწოლა იყო არა ხელისუფლების მხრიდან, არამედ სხვა რომელიმე ძალის მხრიდან, რათა ასეთი დაუკონკრეტებელი და ზოგადი ინფორმაციით მოსამართლეების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დამდგარიყო. იქნებ ჩანაფიქრი სულ სხვა იყო, ვთქვათ ასეთი - მოდი, ჩვენ პრევენციის სახით ახლა გამოვაცხადოთ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა, ისინი გახდებიან ეჭვმიტანილები, ისინი იძულებული იქნებიან, ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღონ კონკრეტულ საქმეზე და თუ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იქნება დისკრედიტებული და გახდება დაუსრულებელი პოლიტიკური დისკუსიებისა და სპეკულაციის საგანი.


- მინდა დაგისვათ მთავარი კითხვა: ხომ არ იცით, ვინ არის ის მოსამართლე, ვის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც გააკეთა განცხადება გიორგი პაპუაშვილმა 21 ივლისს?


- პროკურატურაში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ ჩემს რამდენიმე კოლეგასთან მქონდა საუბარი და ყველამ უარყო ეს ფაქტი. მათ ჰქონდათ ინფორმაცია სხვა კოლეგებისგანაც, რა თქვეს პროკურატურაში გამოკითხვის დროს. შესაბამისად, მოსამართლეებისგან მიღებული ინფორმაციით, არც ერთი არ ადასტურებს ამ ფაქტს.


- როდესაც თქვენ და კიდევ თქვენმა ოთხმა კოლეგამ გადაწყვიტეთ, განცხადებით მიგემართათ პაპუაშვილისთვის რა იყო თქვენი მიზანი?


- როდესაც ეს განცხადება გავუგზავნეთ თავმჯდომარეს, გვინდოდა, მისი ყურადღება გაგვემახვილებინა იმ კონკრეტულ დეტალებზე, რის შესახებაც იქ აღვნიშნავდით.... როცა თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, მან ამით საზოგადოებას უთხრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომლებიც არ არიან და ვერ იქნებიან ობიექტურები, რადგან მათზე ზეწოლა ხორციელდებაო. როდესაც ასეთი საჯარო ბრალდება გაჟღერდა, ამან ბუნებრივად გამოიწვია მოსამართლეების პროტესტი და ჩვენი განცხადება სწორედ ამ პროტესტს გამოხატავდა.

 

- ბატონო მერაბ, პაპუაშვილის ცნობილ განცხადებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის" 42 დეპუტატის სარჩელი, რომელიც საარჩევნო კოდექსის კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა. ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილებით შეიქმნებოდა წინასაარჩევნო კოლაფსი და შესაძლებელია, არჩევნებიც კი ჩაშლილიყო. ხმები 4/4-ზე გაყოფილა. ხომ არ უკავშირებთ პაპუაშვილის ამ განცხადებას, მოსამართლეთა მიმართ ზეწოლის შესახებ, ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას?


- დიახ. ასეთი განცხადებით მან უკვე მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობა და მიუკერძოებლობა დააყენა ეჭვქვეშ, არათუ მომავალი გადაწყვეტილებები.

 

- თქვენს წერილში მოყვანილ ფაქტებს შორის იყო ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური დეტალი, როდესაც თქვენ საუბრობთ შეცვლილი შინაარსის ორ სარჩელზე, რომელიც რეგისტრაციაში ერთი და იმავე ნომრით გატარდა. როგორც ვიცით, ეს „კაბელების საქმეს" შეეხება. ხომ არ მოგვიყვებით უფრო დეტალურად ამ ფაქტის შესახებ?


- ხელთ მაქვს ორი სარჩელი. ორივეს ერთი და იგივე ნომერი - 764 - აქვს მინიჭებული. პირველი ელექტრონული ფოსტით მივიღე 3 ივნისს, პარასკევ დღეს. მას მოჰყვა ინფორმაცია, რომ ამ სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა ტარდებოდა ორშაბათს, 6 ივნისს. შაბათს მომივიდა იგივე ნომრით იგივე სარჩელი. თარიღად ისევ 3 ივნისი იყო მითითებული, თუმცა აღმოვაჩინე, რომ პირველი სარჩელი გვერდების რაოდენობით უფრო მცირე იყო. თანაც იქ არ იყო დაყენებული მოთხოვნა ისე, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი სარჩელების შემთხვევაში ხდება. მეორეს სამი გვერდი ჰქონდა დამატებული. ამ ვერსიაში სწორედ დამატებულ გვერდებში ცვლიდა თავის მოთხოვნას და უშვებდა კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც, მისი აზრით, იყო დარღვეული.

 

- თუმცა თქვენი ოპონენტი კოლეგები მიიჩნევენ, რომ სარჩელის ასეთი დაზუსტება მიღებულია სასამართლო პრაქტიკაში...


- სარჩელის დაზუსტება სრულებით განსხვავდება სარჩელის შინაარსის შეცვლისგან, თანაც მისი რეგისტრაცია სხვა ნომრით ხდება, ან ამაზე სხვა წერილობითი დოკუმენტაცია შემოდის. როდესაც სარჩელი შემოდის, ხდება მისი ფორმალური და არა შინაარსის შემოწმება. ამის შემდეგ ტარდება ის რეგისტრაციაში. უკვე დარეგისტრირებული სარჩელი შედის თავმჯდომარესთან, რომელიც შემდგომ მას კოლეგიას გადასცემს. სრულიად წარმოუდგენელია, უკვე დარეგისტრირებული სარჩელი ვინმემ შეცვალოს.

 

- რა გზას გადის სარჩელი, სანამ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე ხვდება?


- პარასკევს შემოსული სარჩელი მივიდა პაპუაშვილთან, მან გაგზავნა კოლეგიის თავმჯდომარესთან და მერე მოხვდა ჩემთან. იგივე გზა უნდა გაევლო მეორე სარჩელსაც და თანაც არასამუშაო დღეს, შაბათს, იმ დროს, როდესაც მას თარიღად წინა დღე ჰქონდა მითითებული და თანაც შინაარსიც შეცვლილი ჰქონდა.


- გინდათ თქვათ, რომ პაპუაშვილმა შეაცვლევინა სარჩელის ავტორებს შინაარსი?


- ეს შეიძლებოდა ყოფილიყო თავმჯდომარეც, მოსამართლეც და კანცელარიის თანამშრომელიც, მაგრამ რეალურად ვინ იყო, ამის შესახებ მოკვლევა უნდა ჩატარებულიყო.


- რომელი ორგანოა უფლებამოსილი, ეს მოკვლევა ჩაეტარებინა? დისციპლინური კოლეგია?


- მოკვლევის ჩატარება თავმჯდომარესაც შეეძლო.


- დააყენეთ საკითხი მის წინაშე?


- დიახ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მოკვლევა არ ჩატარებულა.


- პროკურატურას თუ მიეცით ინფორმაცია ამის შესახებ?


- წერილი უკვე ჩაბარებული გვქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიაში და მას შემდეგ მივედი პროკურატურაში დაკითხვაზე. გამომძიებელი თვითონ დაინტერესდა ამ საქმის დეტალებით და დამისვა კითხვები მის გარშემო. მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ.


- სარჩელის შინაარსის შეცვლის ეს ერთადერთი ფაქტია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გინახავთ? როგორც უკვე მოგახსენეთ, თქვენი კოლეგები ამას მიღებულ პრაქტიკად მიიჩნევენ...


- სხვათა შორის, მე ყველა სარჩელი მაქვს ამობეჭდილი და ახლახან, მათი თვალიერების დროს აღმოვაჩინე კიდევ ერთი, რომლისთვისაც თავის დროზე ყურადღება არ მიმიქცევია, როგორც ჩანს: ეს სარჩელი ეხება „რუსთავი 2"-სა და ტელეკომპანია „საქართველოს" სარჩელს. იქაც ანალოგიური შემთხვევა იყო. მისი რეგისტრაციის ნომერი გახლდათ 681. მაშინაც, როცა თავდაპირველი ვერსია გამოიგზავნა, იყო 23 გვერდი, მერე შეიცვალა და გახდა 42 გვერდი.


- მაშინაც ორივეს რეგისტრაციის ერთი და იგივე ნომერი ჰქონდა?


- დიახ. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივი მოქალაქეების სარჩელებზე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.

 

- ეს ყველაფერი გასაგებია და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ: პაპუაშვილს და კიდევ სამ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გასდით ზუსტად ორ თვეში. ასეთი დაპირისპირების ფონზე, როგორ აპირებთ ერთად მუშაობას და რამდენად სანდო იქნება საზოგადოებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაპირისპირების ამ რეჟიმში?


- მართალი ბრძანდებით, უნდობლობის მომენტები, ალბათ, იქნება, ვინაიდან აქამდე არ ხდებოდა მსგავსი თემების გასაჯაროება. თუმცა ამ უნდობლობას თავმჯდომარის განცხადებამ დაუდო სათავე და ჩვენ შევეცადეთ, ეს გაგვექარწყლებინა...


- თუმცა ვერ შეძელით და დაპირისპირების სურათი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა...


- ვფიქრობ, პროკურატურის დასკვნა - მართლა იყო თუ არა ზეწოლა მოსამართლეებზე, ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×