logo_geo
eng_logo
თბილისის ზოოპარკში დიდი მატება აქვთ
- +

2 აგვისტო. 2016. 18:34


 

თუ თბილისის ზოოპარკის FACEBOOK გვერდს თვალს ადევნებთ, ალბათ გეცოდინებათ, რომ ჩვენს ზოოპარკში დიდი მატებაა...  სწორედ ამიტომ,  „რეპორტიორმა"  ახალშობილი ცხოველები მოინახულა. ვესაუბრეთ ქალბატონ მზია შარაშიძეს - თბილისის ზოოპარკის PR-მენეჯერს და ზოოპარკის დირექტორს - ბატონ ზურა გურიელიძეს, რომელსაც ყველა იცნობთ. ბატონ ზურას ცოტა შეაგვიანდა, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით საქმეზე იყო გასული. ასე, რომ მეგობრებო, როცა ზოოპარკში დააპირებთ წასვლას, კითხვები ნუღარ გაგიჩნდებათ. ზოოპარკი ისევ ძველ ადგილზეა, თუმცა ახალი ზოოპარკიც მშენებლობის პროცესშია და მალე ისიც შეძლებს ჩვენს მასპინძლობას...

 

ადამიანებს გვიჩნდება სიბრალურის გრძნობა, როცა ცხოველებს ზოოპარკში ვხედავთ, გვინდა მათთან მისვლა, მოფერება, მაგრამ გვეშინია, თან არც შეიძლება ვოლიერებთან ახლოს მისვლა. ამ თემებზე ქალბატონი მზია გვესაუბრა.

 

- ხშირად, ადამიანებს სიბრალურის გრძნობა გვიჩნდება გალიებში გამომწყვდეული ცხოველების  მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ გვსიამოვნებს მათი ნახვა...

 

- საბედნიეროდ, ზოოპარკში ცხოველები უკვე არა გალიებში, არამედ გაშლილ ვოლიერებში ცხოვრობენ, რომლებიც მორგებულია მათ მოთხოვნებზე და ქცევის თავისებურებებზე. ვოლიერის ზომასთან დაკავშირებული შეხედულებები ხშირად ჩვენი, ადამიანური სტერეოტიპებიდან გამომდინარეობს. ცხადია, დიდი სივრცე ძალიან კარგია, მაგრამ მაგალითად ლომებს, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებენ, უფრო მცირე ტერიტორია სჭირდებათ, ვიდრე მაგალითად მგლებს, რომლებიც სულ მოძრაობაში არიან.


- ხომ შეიძლება მოგინდეს ცხოველებთან ახლოს მისვლა, მოფერება...

 

- გვაქვს პროგრამა „სტუმრად ცხოველებთან" და მსურველებს შეუძლიათ, ლეურებთან, ტაპირთან, გველებთან ან ფალაბელებთან გაატარონ გარკვეული პერიოდი, თუნდაც მთელი კვირა დღე, მაგრამ არა მტაცებლებთან...ირემი ძალიან უწყინარი ჩანს, მაგრამ შეიძლება ზიანი მოგაყენოს. ლომებთან და ლეოპარდებთან არც ჩვენ შევდივართ. სპილოებიც სათნოდ გამოიყურებნიან მაგრამ მომვლელები მათთან არ შედიან. ასე, რომ ეს პროგრამა იმ ცხოველებთან გულისხმობს შესვლას, რომლებიც ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.


- როგორც ვიცი მატება გაქვთ ზოოპარკში. ლომს ბოკვერები  შეეძინა...

 

- ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი ახალშობილი გვყავს: კეთილშობილი ირემი, ხალებიანი ირემი, პონები, ანზამორები , ნიამორი, ზებრა, ლომები სულ ახლები არიან...  შეფარებული გვყავს დაობლებული პატარებიც.  ენოტი, რომელსაც თუ  აიყვან ხელში  დარბის მთელ ტანზე. კიდევ,  მგლის ლეკვი გვყავს, რომელსაც თანამშრომლები ძაღლივით დაასეირნებენ ხოლმე...


- ყველასთვის ცნობილი ბეგი როგორ არის?

 

- ბეგი კარგად. რა ქნას...არის მარტო.  სიამოვნებით შევრთავდით ცოლს,მაგრამ ძნელია შესაბამისი ასაკის ,,მანდილოსნის შერთვა."  თანაც, ორჯერ დიდი სივრცე დასჭირდებათ... შოვნაც ძნელია... შესაბამისი ასაკის უნდა იყოს, მონათესავე არ უნდა იყოს...


ამასობაში, ბატონი ზურაც მობრძანდა და საუბარი მასთან გავაგრძელეთ იმ საკითხებზე, რაც ალბათ თქვენც ძალიან გაინტერესებთ...

 

- როგორ მიდის ჩვენი ახალი ზოოპარკის მშენებლობა, რამდენ ხანში შეგვეძლება იქ სტუმრობა?

- ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანა ასე უცებ ვერ ხდება. სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი. ევროპული სტანდარტების ვოლიერების მშენებლობა მიმდინარეობს... ჩვენი ტერიტორია 48 ჰექტარზე მეტ ფართობს  მოიცავს და ცხოველები იქნებიან ისეთ პირობებში, როგორც ტყეში. ჯერ მხოლოდ დათვების და მგლების ვოლიერებია მზად.  სამუშაოები  მიმდინარეობს, წესით, აგვისტოში უნდა დასრულდეს და იქაც შეგვეძლება სტუმრების მიღება.


- ვოლიერებთან, ცხოველებთან ახლოს მისვლა ჩვენთვის რამდენად საშიშია?

 

- ნებისმიერ ცხოველს, პატარა ბაჭიასაც კი შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ ის არაადეკვატურად მოიქცევა ( ყურის მოქაჩვა, დაჭერა)...  ცხოველს არ უნდა მოახვიო შენი საზოგადოება თავს, პირიქით უნდა მოხდეს. კონტაქტში ცხოველი უნდა შემოვიდეს. ყველა შემთხვევაში ცხოველმა უნდა გადმოდგას ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი. ცხოველთან სიახლოვის რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეს, არ უნდა დაუწყო  დევნა და დაჭერა.  მოფერება,  ჩახუტება ცხოველისთვის შეიძლება უმეტეს შემთხვევაში არაფერის მთქმელი იყოს  და პირიქით უარყოფითი რეაქციაც მოყვეს.უნდა დაელოდო სანამ ცხოველი გადმოდგამს პირველ ნაბიჯს  და უნდა დაელოდო მოთმინებით.


- დიდი ხნის განმავლობაში გვესმის ფსიქოლოგებისგან, რომ ცხოველები მხოლოდ ინსტინქტის დონეზე მოქმედებენ და გრძნობები არ გააჩნიათ, რაც  ცოტა არარეალურად მიმაჩნია...

 

- ძალიან მოძველებული საკითხია, რომ ცხოველები ინსტინქტის დონეზე მოქმედებენ. საბჭოთა კავშირის დროს ეს ასე იყო და მკვლევარები ძალიან რთულ შედეგებამდე მიჰყავდათ კვლევებს ჰქონდათ  თუ არა ცხოველებს ინტელექტუალური შესაძლებლობები. თუმცა,  დღეს ყველაფერი შეიცვალა. ტერმინი „ინტელექტი" დღეს ცხოველების შემთხვევაშიც გამოიყენება და ზოგიერთ მათგანში ის საკმაოდ მაღალია. ინსტინქტი ინსტინქტია. ინსტინქტურად მოქმედებენ როგორც ადამიანები, ისე ცხოველებიც... არსებობს „ სარკის ტესტი" იცნობენ თუ არა ცხოველები საკუთარ თავს,  ბევრი მათგანი ცნობს და ამ  ცხოველების რიცხვი დღითიდღე იზრდება.  სპილოები, მგლები,  ძაღლები, მაიმუნები ძალიან კარგად აზროვნებენ. ცხოველებისგან  ჩვენ ველოდებით ისეთივე საქციელს, როგორც ჩვენ მოვიქცეოდით. სინამდვილეში ესა თუ ის საქციელი ცხოველის მხრიდან ეს არის ძალიან სუბიექტური დამოკიდებულება რასაც ჩვენ არაადეკვატურ ქმედებად მივიჩნევთ.


- მაიმუნები ყველაზე განსხვავებულ, ღია ვოლიერში არიან...

 

- ეს მაიმუნები სამი სხვადასხვა ზოოპარკიდან მივიღეთ საჩუქრად  და პირველად აქ შეხვდნენ ერთმანეთს თბილისის ზოოპარკში.  ძალიან უცებ  მოხდა მათი ერთად დაბინავება, თუმცა, რომ შეხედავ,  იფიქრებ, რომ დიდი ხნის  ჩამოყალიბებული სოციუმია.  ცხოველები უნდა გყავდეს ისეთ პირობებში, როგორც  ბუნებაში  იქნებოდნენ. ვცდილობთ ცხოველებს შევუქმნათ ის კომფორტი,რაც ბუნებაში ექნებოდათ. ამას ითვალისწინებს ევროპული სტანდარტები. 13 ივნისს ყველა მაიმუნი დაიღუპა. მათ ხეებზე ასვლა ვერ შეძლეს,  გადახურულ ვოლიერებში იყვნენ. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ასეთი რამ კიდევ განმეორდება, ახალი მაიმუნები  შეძლებენ ხეზე ასვლას. ისინი ღია ვოლიერში არიან, თუმცა ბარიერი არის წყალი, სტუმრებსა და მაიმუნებს შორის, ასე რომ, ნურავის შეეშინდება.


- ყველას გვახსოვს 13 ივნისი... თითქმის ყველა ცხოველი მიჩვეული გყავთ... როგორ შეავსო ზოოპარკმა ის დიდი დანაკლისი?

 

- სამწუხაროდ, დღეს ბევრი ის ცხოველი აღარ არის, რომელიც მიჩვეული მყავდა,  თუმცა ვიღაცები დარჩნენ თბილისის ზოოპარკში. სხვათა შორის,  მაიმუნები ზუსტად 13 ივნისს დაბრუნდნენ,  ასე დაემთხვა. კიდევ ველოდებით ცხოველებს სექტემბრისთვის - მაკაკებს, პინგვინებს (შარშან დაიღუპა ყველა),  კენგურუებს, რომლებიც დიდი ხანია არ ყოფილან თბილისის ზოოპარკში. ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს ევროპის, ამერიკის, აზიის ზოოპარკებმა. ამჟამად მათი ყურადღების ცენტრში ვიმყოფებით. ექსპერტები ჩამოდიან, მოსწონთ  ჩვენი  ვოლიერები,რომლებიც   თანდათან  შეივსება ცხოველებით ... სამწუხარო ის არის, რომ ის „პიროვნებები", რომელთა ქცევაზეც წეღან ვსაუბრობდით, არ დაბრუნდებიან...


ჩვენ ერთად ვისეირნეთ ზოოპარკში. მოვინახულეთ კლეოპატრა, რომელსაც ძალიან ქათქათა და საყვარელი ბოკვერები შეეძინა. გადაღება ვერ მოვახერხეთ, შვილებს წინ გადაეფარა და გადასაღებად მისულებს დიდხანს გვიღრენდა, როგორ შეიძლება ამ სიყვარულს და მფარველობის გამოხატულებას თავისი შვილების მიმართ ინსტინქტი ვუწოდოთ... ბატონმა ზურამ, ძალიან არ განერვიულდესო და მალევე წამოვედით იქედან. მოვინახულეთ ალპაკებიც, რომლებიც აქლემებზე ნაკლებად არ იფურთხებიან თურმე. ასე გამოხატეს მათ სიყვარული ბატონი ზურას მიმართ. მოვინახულეთ ირმებიც და თბილისის ზოოპარკის ყველა ბინადარი. მიუხედავად იმისა, რომ 13 ივნისის ღამემ ბევრი ცხოველი შეიწირა, ზოოპარკი ნელ-ნელა ივსება ახალი ბინადრებით და მათ ხილვას რამდენიმე წელში, ახალ ზოოპარკში, ევროპული სტანდარტების ვოლიერებში შევძლებთ და აღარ გაგვიჩნდება სიბრალურის გრძნობა, რადგან მათ ყოველმხრივ ხელსაყრელი პირობები ექნებათ...

გთავაზობთ ფოტოკოლაჟს თბილისის ზოოპარკიდან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×