logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: ხალხს დაუბრუნდა თავისუფლება და ძალაუფლების ბერკეტები!
- +

7 სექტემბერი. 2016. 13:45


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ისნის მე-10 ოლქში ბექა ნაცვლიშვილმა, „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ მისი მიზანია, გარკვეული თვალსაზრისით, ძველი ფუნქცია დაუბრუნოს ისანს, რომ ის იყოს ინდუსტრიული რაიონი.


- საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობ, რა გეგმები გაქვთ მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში მომავალი 4 წლის განმავლობაში?


- ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, ეს არის არის ძირითადად ის საკითხები, რომელიც ეხება სოციალურ პოლიტიკას, განათლების და  ეკონომიკურ პოლიტიკას. ვაპირებ, მერიასთან და გამგეობასთან ერთად, ეტაპობრივად მოვაგვარო ის ყოფითი პრობლემები, რაც აწუხებს რაიონს. მაგალითად, გაუფორმებელი ბინების პრობლემა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და კიდევ მრავალი სხვა.


- თქვენს ერთ ერთ შეხვედრაზე გაამახვილეთ ყურადღება ისნის ინდუსტრიული განვითარების აუცილებლობაზე, ხომ არ გაქვთ გარკვეული გეგმა ამ მიმართულებით?


- ისანი არის ძველი ინდუსტრიული რაიონი და „ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელმაც პირველმა  25 წლის განმავლობაში დაიწყო ინდუსტრიის გამოცოცხლებაზე, მეწარმეობის განვითარებაზე ფიქრი, რასაც აუცილებლად სჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერა  და სახელმწიფოს მონაწილეობა მისი მხრიდან. ეს არის ჩემი მიზანი, რომ გარკვეული თვალსაზრისით ძველი ფუნქცია დავუბრუნოთ ისანს, რომ კვლავ გახდეს ინდუსტრიული რაიონი.


- როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს?


- წინასაარჩევნო გარემოს შევაფასებდი დადებითად, მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ხელოვნურად დაძაბოს სიტუაცია  და ზუსტად ამ მღვრიე წყალში დაიჭიროს თევზი, მაგრამ ამას არ უწერია არც წარმატება და არც არანაირი განვითარება.

 

- არჩევნების მოახლოების პარალელურად ოპოზიციურ პარტიებს ტოვებენ წევრები, როგორ შეაფასებდით მათ ასეთ გადაწყვეტილებებს?


- რასაც ვაკვირდები, ეს ძირითადად ხდება სხვადასხვა პარტიების გაერთიანების დროს. როდესაც ყოფილ ნაციონალებთან ან „ნაცმოძრაობასთან" ასოცირებულ პარტიასთან გაერთიანებას გადაწყვეტს ის პარტია, რომელიც წარსულში სწორედ „ნაცმოძრაობას" ებრძოდა, ასეთ შემთხვევაში, გასაკვირი არ არის, რომ მას წევრები დატოვებენ.


ეს არის ბუნებრივი რეაქცია, ძალიან გამართლებული. მე მივესალმები ამას და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამას გააკეთებს.


- ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ ყველაზე დიდი, რაც გაკეთდა „ქართული ოცნების" და თავად მისი ხელისუფლებაში მოსვლის დროს, იყო ის, რომ  ხალხს ლეგიტიმურად დაუბრუნდა ის, რაც ეკუთვნოდა. როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ამ განცხადებას?


- ხალხს დაუბრუნდა ძალაუფლება, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ადრე ვიყავით მხოლოდ ერთი ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებების უპირობო გამზიარებლები  და ვინც ამას არ იზიარებდა, სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმებით ისჯებოდა. დღესდღეობით ეს, რა თქმა უნდა, არ ხდება, ადამიანებს უბრალოდ დაუბრუნდათ თავისუფლება  და ძალაუფლების ბერკეტები.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner