logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ხელისუფლება არ გვინდა იმისათვის, რომ კომფორტულ სავარძლებში მოვთავსდეთ
- +

18 ოქტომბერი. 2016. 11:59


 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი „რეპორტიორს" მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.


აქვე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი.



- როგორია თქვენი მოლოდინი, როგორი იქნება მოსახლეობის აქტივობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის?


- ვფიქრობ, არჩევნებზე აქტივობა იყო მაღალი, იმდენად, რამდენადაც გაყალბება არ მომხდარა, მომსვლელი ხალხი დარეგისტრირდა ზუსტად იმდენი, რამდენიც უნდა მოსულიყო. ძალიან ბევრი ადამიანი დღეს საზღვარგარეთ არის. ასე რომ, 52% საკმაოდ მაღალი აქტივობაა. ჩვენ რიგებიც შევამჩნიეთ საარჩევნო ყუთებთან და საკმაოდ პასუხისმგებლიანი საზოგადოება ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში საქართველოში. მეორე ტურშიც, ვფიქრობ, რომ აქტივობა მაღალი იქნება და „ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს 50-ვე ოლქში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ის საზოადოება, რომელიც მხარს გვიჭერს, ასევე დაგვიჭერს მხარს მეორე ტურში, ხოლო ვინც ე.წ. ნეიტრალურ პოზიციაზე იყო, ვფიქრობ, გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე და მოველი, რომ უპირატესობა იქნება თვალსაჩინო.


- გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ თავის დროზე, როდესაც „თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს კოალიცია, ისინი მზად იყვნენ, „ფორუმთან" ერთად შეექმნათ უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობასთან" და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია" ვერ დაითანხმეს. თქვენ თუ გქონდათ მსგავსი ტიპის ინფორმაცია, რომ თქვენი ყოფილი პარტნიორები „ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ?


- ინფორმაცია არ გვქონია, რადგან ასეთი რამ არ არსებობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც იმალება. დარწმუნებული ვარ იმ პოზიციაში, რაც გააჩნია „თავისუფალი დემოკრატების" საპარლამენტო ფრაქციის თითოეულ წევრს. „ფორუმის" განწყობაც ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთად ვისხედით 4 წლის განმავლობაში. „რესპუბლიკელებთან" ერთადაც დიდი დრო გავატარე და მათი განწყობაც ჩემთვის ცნობილია. ასე რომ, არაფრით ნაკლები ანალიზი არ გვაქვს, ვიდრე ბარამიძეს და განცხადება ამასთან დაკავშირებით რაღაც შემოგდებულ თემას ჰგავს, ძნელია იმის გარკვევა, რა მიზნით არის შემოგდებული. ეგენი ხომ ყველაფერს ღრმად და კონსპირაციულად გეგმავენ. შესაძლოა, ბარამიძეს ჩაფიქრებული აქვს ასეთი რაღაც, იმისათვის, რომ მეტი დივიდენდი მიიღოს მათმა პარტიამ.


- არჩევნების პირველ ტურში ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იყო ინციდენტები, უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს შემთხვევებს მეორე ტურისთვის?


- საზოგადოებას პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს არანაკლები, ვიდრე პოლიტიკურ ჯგუფებს. ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს არეულობის მცდელობა, ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. სერიოზულ ჩრდილს აყენებს ჩვენს ქვეყანას, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრ ქვეყანას.

 

- გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და ერთი პირი ბრალდებულთან კავშირის გამო დააკავეს. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას?


- ვფიქრობ, ეს ე.წ. რევოლუციური სცენარი კვლავ დღის წესრიგშია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები რადიკალურად შეიცვლიან ან გამოხატავენ ძალიან მკაფიო პოზიციას ამ სცენართან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება.


სცენარში ვგულისხმობ იმას, რასაც ღია და ფარულ ჩანაწერებში საუბრობენ სააკაშვილი და მისი მოკავშირეები თუ თანაგუნდელები, რასაც ჰქვია დამხობა, არეულობა, კრიზისის შექმნა, მკვლელობების გახშირება... ასეულობით მკვლელობა მოხდებაო, - ასე ამბობდა სააკაშვილი „ფორბსთან" ინტერვიუში, რომელიც მრავალგზის იყო ტირაჟირებული „რუსთავი 2"-ის მიერ. ჩამოიშლება ბიუჯეტი, დაინგრევა ეკონომიკა და ჩვენ ამ დროით უნდა ვისარგებლოთ და უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიო. შემდეგ იყო ჩანაწერები გვარამიასთან, ბოკერიასთან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის სცენარი, რასაც ჰქვია საქართველოში დაპირისპირებისა და კრიზისის სცენარი. ვფიქრობ, რომ ამ სცენარის ნაწილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ „საარჩევნო კოდექსის" დიდი ნაწილი ყოფილიყო არაკონსტიტუციურად აღიარებული, შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, ეს არის სცენარი და ამ სცენარის ნაწილი მგონია გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება.



- მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა დაგეგმეს ეს აფეთქება?


- თანაგუნდელებს ორნაირად მოიაზრებენ. არსებობენ პარტიული თანაგუნდელები, შეიძლება ჩიორა თაქთაქიშვილს, გიორგი კანდელაკს და გივი თარგამაძეს ამაზე არაფერი სცოდნოდათ. როდესაც ასეთი რაღაცები იგეგმება, არ არის აუცილებელი, პოლიტიკური თანაგუნდელები მონაწილეობდნენ ამაში. ეს მიამიტობაა, გულუბრყვილობაა. როდესაც ასეთი დონის დაპირისპირებები იგეგმება საქართველოში, რაზეც სააკაშვილი ღიად არაერთხელ საუბრობდა, ეს ცოტა სხვანაირად ხდება, რის თაობაზეც, იმედი მაქვს, რომ კომპეტენტური ორგანოები მიიყვანენ გამოძიებას ბოლომდე და უფრო მკაფიო განცხადებებს გააკეთებენ.


არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც სააკაშვილმა ჩაიფიქრა. ვფიქრობ, რომ არსებობს ამ ქაოსიდან, არეულობიდან რაიმე დივიდენდის მიმღები, დაინტერესებული უამრავი მხარე, მაგრამ თითონ ქაოსი, დაპირისპირების დაგეგმვა, ეს სცენარი სააკაშვილმა შექმნა და არ გამოვრიცხავ, რომ აფეთქებაც იყოს ამ სცენარის ნაწილი. როცა შენ ასეთ მდგომარეობას შექმნი საქართველოში, ან ცდილობ, რომ შექმნა, ნებისმიერი თემა შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გამოიყენოს, ვინც ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია და სააკაშვილი ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია. მე დასკვნებს არ ვაკეთებ. აღვწერ სიტუაციას, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე და ამ ყველაფერს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.


- რას გააკეთებს „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში?


- იმას არასდროს გააკეთებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, არასდროს თავის თავზე არ მოჭრის კონსტიტუციას და სხვა მხრივ, უმრავლესობა ჩვენ ისედაც გვქონდა და საქართველსთვის საკმაოდ საინტერესო კანონები მივიღეთ. მეორე საკითხი არის ის, რომ არსებობს მექანიზმი და პირობითად მას პოლიტიკური შეკავების მექანიზმი დავარქვათ. ვერცერთი პარტია ვერ მოახერხებს, რომ ამ მექანიზმებს დაუპირისპირდეს. „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ეს მექანიზმები არ არსებობდა. თუ რაიმეს შეცვლას ვაპირებთ კონსტიტუციაში, აუცილებლად საზოგადოების ფართო წრეებთან კონსენსუსით. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მხოლოდ სულისკვეთებითა და განწყობით არ გამოიხატება. ჩვენ ისევ იმ აზრზე ვდგავართ, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოება, სტაბილური განვითარება და ფართო ეროვნული კონსენსუსი პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ხედვა არ შეგვიცვლია და არც ხელისუფლება გვინდა იმისათვის, რომ კომფორტულ სავარძლებში მოვთავსდეთ.

 

- „თავისუფალი დემოკრატები" ირაკლი ალასანიას გარდა, სხვა ლიდერებმაც დატოვეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი შეიძლება სხვადასხვა თანამდებობაზე ვიხილოთ, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში. თუ გეგმავთ მათთან თანამშრომლობას?

 

 

- პიროვნულად ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ირაკლი ალასანიასთან, ასევე ვიქტორ დოლიძესთან და საკმაოდ საინტერესო საკითხები გვაქვს ერთად განხილული. საუბარი რაიმე დანიშვნებზე, სახელმწიფო სტრუქტურებში ან რაიმე თემებზე არ ყოფილა, ითქვა ერთი, რომ თანამშრომლობა შეიძლება. მე გული დამწყდება, რომ ასეთი ინტელექტუალური პოტენციალი დაიკარგოს.


- პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატურებზეც იყო საუბარი, ვინ მოიაზრება ამ თანამდებობაზე?


- არანაირი განხილვა ამ თემის არ ყოფილა. ამის თაობაზე კონსულტაციები მალე დაიწყება, არჩეული იქნება ღირსეული და გუნდში არავისთვის იქნება მიუღებელი.


მე გამაჩნია ჩემი აზრი, მაგრამ ჯერ იმ მაგიდის გარშემო არ დავმსხდარვართ, სადაც ყველა თავის აზრს ამბობს. დამერწმუნეთ, რომ როდესაც ეს დრო მოვა, საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.



 

right_banner
არქივი
right_banner