logo_geo
eng_logo
ვალერი გელაშვილი: სანამ მიხეილ სააკაშვილს ციხეში არ ჩავსვამ, პოლიტიკიდან არ წავალ!
- +

26 ოქტომბერი. 2016. 12:58





ხაშურის მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია, პარტიები მხარს უჭერენ „ქართული ოცნების" „დაუმარცხებელ" კანდიდატს ვალერი გელაშვილს, რომელმაც ბიზნესიდან პოლიტიკამდე ძალიან რთული გზა განვლო და სააკაშვილის რეჟიმს თავდაუზოგავად ებრძოდა.


ვალერი გელაშვილის საქმე ერთ-ერთია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის რეალურ სახეს წარმოაჩენს.



მინი-დოსიე: ვალერი გელაშვილი დაიბადა 1960 წლის 18 იანვარს. 8 წლის იყო, როცა მამით დაობლდა. 13 წლის გელაშვილმა მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, მე-8 კლასიდან სწავლა თბილისში, სპორტულ სკოლაში გააგრძელა. მისი სპორტული კარიერა წარმატებით დაიწყო, 1979 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა ჭიდაობაში თუმცა ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თავის არეში კისტა აღმოაჩნდა და იძულებული გახდა, ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა. ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიდის ლიტვაში, მისი აღმასვლა ნულიდან იწყება და ვილნიუსში იგი ხდება ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენი.



ვალერი გელაშვილის სახასიათო შტრიხები: ის, რომ ვალერი გელაშვილი არის პრინციპული, ამტანი, უზომოდ შრომისმოყვარე, მებრძოლი, შეუპოვარი, ეს თავისი ცხოვრებით უკვე დაამტკიცა! უყვარს წესრიგი, არის მიზანდასახული, ფრთხილი და დაკვირვებული, მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები მას მხოლოდ აძლიერებს. ჯიუტად მიიწევს წინ და ცდილობს, არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადადგას. არის ერთგული, მზრუნველი, სიტყვაძუნწი და პირდაპირი, რასაც ფიქრობს, პირდაპირ ამბობს, პირფერობა მისთვის უცხოა. არ ეგუება მარცხსა და წარუმატებლობას, რასაც ხელს ჰკიდებს, ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავს. დაბადებულია ლიდერად. მას შეუძლია, საკუთარი დანაშაული აღიაროს და ბოდიშიც მოიხადოს, რაც მხოლოდ ღირსეულებს შეუძლიათ.


ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს ვალერი გელაშვილთან, რომელიც ხაშურში მეოთხედ იყრის კენჭს და თუ რატომ, ამ და სხვა კითხვაზე „ალიას" თავად მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი პასუხობს:


- ბატონო ვალერი, როგორც წესი, მაჟორიტარები იშვიათად ბედავენ, ერთსა და იმავე რაიონში იყარონ კენჭი, თქვენ კი უკვე მეოთხედ გამოდიხართ საარჩევნო მარათონში, თანაც, მეორე ტურში გიწევთ ბრძოლა. რატომ გინდათ, რომ კვლავ ხაშურის მაჟორიტარი გახდეთ?

 

- ხაშური ჩემთვის ყველაფერია, ამ რაიონში დავიბადე, ჩემი მშობლები აქ არიან დაკრძალული, არსად თავს ისე ბედნიერად არ ვგრძნობ, როგორც ჩემს მშობლიურ რაიონში. ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ხაშურისთვის, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც მსურს. ჩემი ხალხი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს...


- რა გაქვთ გაკეთებული ხაშურისთვის, რის გამოც ხალხმა ხმა უნდა მოგცეთ?

 

- ხაშურის რაიონში ძველი კინოთეატრის შენობა შევისყიდე და მშენებლობა დავიწყე. ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, ვაშენებ საკათედრო ეკლესიას, მოხუცებულთა სახლს, ავაშენე კერძო სკოლა, რომელიც სამართავად ეპარქიას გადავეცი. ავაშენე 30-ნომრიანი სასტუმრო, სადაც დევნილები შევასახლე. ხაშურში ჩეხური ლუდსახარში დავდგი, ადგილობრივი მოსახლეობა დავასაქმე. გადაწყვეტილი მაქვს, ავაშენო ევროსტანდარტის კლინიკა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ჩემი შვილის კომპანიაში დაახლოებით 200 ხაშურელია დასაქმებული, ეს უმუშევრობის ფონზე ძალიან ცოტაა, მაგრამ უამრავი პროექტი მაქვს ჩაფიქრებული, სადაც უფრო მეტი დასაქმდება. არჩევნების შემდეგ, ჩემი ლიტველი მეგობარი, რომელიც ცნობილი ბიზნესმენია, მპირდება, რომ ჩამოვა და ხაშურში დიდ ინვესტიციას განახორციელებს.


- ამ ფონზე, რით ხსნით მეორე ტურში გადასვლას?

 

- მართალი გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო მე-2 ტური, მაგრამ მჯერა, რომ გავიმარჯვებ. ეს ჩემთვის ერთგვარი სტიმულიც აღმოჩნდა, უფრო მეტად გავაანალიზო და გავერკვე, რა მოხდა, რა ვერ გავაკეთე და რა უნდა გამოვასწორო, მე კი ვთქვი, რომ ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი ჩემი ხალხისგან. რაც კი ხაშურის მუნიციპალიტეტში კეთდება, მე ვაკეთებ, მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი ემოცია და ცივი გონებით გეტყვით, რომ, რაც მოხდა, ეს მე მაძლიერებს და ჩემშიც ვეძებ მიზეზებს...



ვისარგებლებ შემთხვევით და „ალიას" საშუალებით, ჩემი რაიონის მოსახლეობას მადლობას გადავუხდი ერთგულებისთვის, რადგან მათ ჩემთვის არასოდეს უღალატიათ. 1999 წელს, იმ რთულ პირობებში, მათ მხარი დამიჭირეს და მას შემდეგ ხაშური არ მიმიტოვებია და არც ხაშურელებს მივუტოვებივარ, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამდენს. ძალიან დიდ ვალდებულებას ვგრძნობ ხალხის მიმართ და დარწმუნებული ვარ, არც ახლა მიღალატებენ.



პოლიტიკაში იმიტომ შემოვედი, რომ საქართველოში განუკითხაობა იყო, ვებრძოდი შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დამიმთავრებია. სანამ მიხეილ სააკაშვილი გარეთ არის და ციხეში არ ზის, ბრძოლას დამთავრებულად ვერ გამოვაცხადებ, ვიდრე „ნაციონალები" პასუხს არ აგებენ ჩადენილი დანაშაულების გამო, ვერსად წავალ, პოლიტიკაში უნდა ვიყო!


- ბატონო ვალერი, თქვენი კონკურენტი სიმონ ნოზაძე უშიშროების მინისტრის ვახტანგ ქუთათელაძის მოადგილე იყო მაშინ, როცა ბიძათქვენი გაიტაცეს, ადასტურებთ ინფორმაციას, რომ უშიშროება სიმონ ნოზაძის შუამავლობით თქვენგან ფულს ითხოვდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, მოხდა თქვენს ოჯახზე ზეწოლა და ბიძათქვენის, ამირან გელაშვილის გატაცება?

 

- საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ჩემგან უხერხული იქნება სიმონ ნოზაძის კომპრომატებზე საუბარი, თუმცა რასაც თქვენ ამბობთ, აბსოლუტური სიმართლეა. სიმონ ნოზაძე იყო უშიშროების მინისტრის ვახტანგ ქუთათელაძის მოადგილე და სწორედ ნოზაძე გახლდათ ჩემს კომპანიასა და ქუთათელაძეს შორის შუამავალი და ის მევაჭრებოდა, რომ მილიონ-ნახევარი გადამეხადა მათი ჯიბის ბიუჯეტში. ნოზაძემ და ქუთათელაძემ ჩემი „ქართულად გაწეწვა" მოინდომეს, ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, მერე მოხდა ბიძაჩემის გატაცება და ჩემი ოჯახის დაწიოკება. პირველად სწორედ მაშინ გადავწყვიტე, კენჭი მეყარა, რათა გადამერჩინა ოჯახი, ბიზნესი და ამ კორუმპირებულების წინააღმდეგ მებრძოლა.


ვიფიქრე, ჭირი მოვიშორე-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას მოჰყვა უარესი - სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან შერკინება. რაც არ უნდა მოხდეს, ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. როგორც თქვენთვის ცნობილია, პროკურატურაში მიშას წინააღმდეგ საქმე მაქვს შეტანილი და ამას რომ დავამთავრებ, მერე სამოქალაქო წესით შევიტან სარჩელს ზარალის ანაზღაურებაზე.


- მიშას წინააღმდეგ მებრძოლი ვალერი გელაშვილი, როგორ ფიქრობს, რა ფორმით შეიძლება სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს?

 

- მხოლოდ და მხოლოდ ბორკილებით აქვს უფლება, საქართველოში ფეხი შემოდგას, სხვანაირად ის აქ ვერ შემოვა... ამაში წვლილი მეც მიმიძღვის.


- მივუბრუნდეთ უშიშროების გენერალ ნოზაძეს, თქვენი აზრით, ახლაც უშიშროების მეთოდებით გებრძვით? ამბობენ, რომ თქვენი აგიტატორები მოისყიდა და ხაშურში ხმები გაავრცელა, თითქოს მას ბიძინა ივანიშვილი მფარველობს და ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კანდიდატია...

 

- სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, ჩემი აგიტატორები მოსყიდული და დამუშავებული ჰყავდა თავისი მეთოდებით. საქმე ის გახლავთ, რომ ჩემი აგიტატორები მუშაობდნენ პარტიაზე, სიმონ ნოზაძეზე და არა ჩემზე, ვალერი გელაშვილზე, რაც შედეგმაც გვიჩვენა. პარტიამ აიღო 9000 ხმა, ხოლო მე, როგორც „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ავიღე 4000 ხმა.


რა თქმა უნდა, ცვლილებები გავატარეთ, მე-2 ტურში იმ თემებს აუცილებლად მოვაგვარებთ, რაც იყო გამორჩენილი, ჩვენი ოფისიდან ინფორმაციები გადიოდა და სიმონ ნოზაძემ იცოდა, ვინ მუშაობდა ჩემთან და მათზე ახდენდა ზემოქმედებას. მან არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე დაიწყო ხალხის დამუშავება და თავისკენ წაიყვანა სიტუაცია. ჩვენ უკვე ტაქტიკა შევცვალეთ და ვფიქრობ, რომ მე-2 ტურში კონკურენტს დავამარცხებ!


- გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულად რას გააკეთებთ ხაშურის მოსახლეობისათვის?


- მარტო მე ვერაფერს გავაკეთებ, ჩვენ ვართ გუნდი, „ქართულმა ოცნებამ" ხალხთან ერთად თითქმის შეუძლებელი შეძლო და ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. ეს არის ხელისუფლება, რომელიც არასოდეს გადააბიჯებს ადამიანის ღირსებას. ასეთ თავისუფალ გარემოში დემოკრატიულად და გამჭვირვალედ არჩევანი საქართველოში არასოდეს ჩატარებულა. ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, თუნდაც ხაშურის მაგალითზე რომ ვთქვათ, ეს არჩევნები კი არა, ომი იყო. ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელები არბევდნენ უბნებს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავით. ურთულესი წლები გამოვიარეთ, „ნაციონალური რეჟიმი" ქვეყანას წლების მანძილზე ანგრევდა, ადამიანებს ფიზიკურად და მორალურად ანადგურებდა. ნგრევა ადვილია, შენებაა რთული. ჩვენ ერად შევძლებთ ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებას.


- პრემიერ-მინისტრმა თქვენი წარდგენისას თქვა, რომ ხაშურს უნდა დაუბრუნდეს ევრაზიული დერეფნის ფუნქცია. საინტერესოა, ამ პროექტის განვითარება თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ?

 

- მშრალი ტვირთების პირველი ტერმინალი მე ავაშენე, მაგრამ უფრო მეტი განვითარებაა საჭირო. მაქვს ამბიცია, რომ ხაშური გახდეს ერთ-ერთი წამყვანი რეგიონი და ამისთვის ბევრ რამეს გავაკეთებ. აქამდე ვიყავი სულ ბრძოლებში, სააკაშვილის რეჟიმმა სასიკვდილოდ გამიმეტა, რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა, ამას სააკაშვილს არ ვაპატიებ... ამ ბრძოლების გამო ხაშურს ჩემი ხელი მოაკლდა. „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში კი საშუალება მომეცემა, ჩემი ჩანაფიქრის რეალიზაცია მოვახდინო და რაც აქამდე დავაკელი ჩემს ამომრჩეველს, ახლა ავანაზღაურო.


- ბატონო ვალერი, სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებული ადამიანები თვლიან, რომ მათი სამართლიანობა არ აღდგა, რას იტყვით, თქვენი სამართლიანობა აღდგა?

 

- არც ჩემი საქმეა ბლომდე მიყვანილი, საბრძოლველია. „ნაციონალების" მიერ დანგრეულ ქვეყანაში ასეთი ადვილი არ იყო სამართლიანობის აღდგენა, 11 წელია ველოდები და კიდევ დაველოდები, ოღონდ კი სამართლიანობა აღდგეს. როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, ყვირილსა და თავხედობას ხომ არ დავიწყებდი, ჯერ ჩემი საქმე გამოიძიეთ-მეთქი. უამრავი საქმე იყო გამოსაძიებელი. მოგვიანებით დავიწყე აქტიურობა. ერთადერთი მიზანი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში მისცენ, მე ეს შედეგი მინდა! ის იყო ყველაფრის თავი და შემკვეთი, მან მისცა ჩემი ცემის დავალება ვანო მერაბიშვილს. ვანომ კი სპეცოპერაცია კოდუას ჩაატარებინა. მე მაქვს პრეტენზია მხოლოდ სააკაშვილთან, დანარჩენები არც მაინტერესებს, ისინი მიშას დავალების შემსრულებლები იყვნენ.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ სამივე ბრალდებული - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე დამნაშავედ ცნო. მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავების აკრძალვა კი 2 წლითა და 3 თვით შეეფარდა. კოდუასა და სირაძეს კი - 9-9-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ და ასევე, 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ.

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ასე შეაფასა: „კადრები თუ გინახავთ ვალერი გელაშვილის, როგორ იყო ნაცემი?! აი, ეს იყო ის ხელისუფლება! რისთვის სცემეს? როგორც ვიცი, ოფისი წაართვეს. უფულოდ გადაცემას სთხოვდნენ და პირდაპირი მნიშვნელობით, სიკვდილამდე მიიყვანეს, შემთხვევით გადარჩა! ამიტომაც მიკვირს იმ ხალხის, ვინც ისევ „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს"...


- ბატონო ვალერი, ამ არჩევნებზე მოსახლეობისთვის გამაოგნებელი შედეგი დადგა, „ნაციონალურ მოძრაობას" 27%-მა დაუჭირა მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ 27% ამართლებს ქონების უკანონოდ წართმევას, პატიმრების არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, გაუპატიურებას, უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვას, ნულოვან ტოლერანტობას, დეპუტატის გატაცებას და სიკვდილის პირამდე ცემას, ამიტომაც დღეს თქვენი გამარჯვება „ქართული ოცნებისთვის" პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, აიღოს პასუხისმგებლობა და მართოს ქვეყანა ისე, რომ „ნაციონალებს" აღარ გადააბრალოს კანონპროექტების ჩავარდა, სამართლიანობის აღდგენის დამუხრუჭება, და რიგი საკითხები. ამ ფონზე, „რესპუბლიკელების" განცხადება კიდევ უფრო გამაოგნებელია, ისინი საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ, რომ ხმა არ მისცეს „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს, რას ფიქრობთ თქვენს ყოფილ თანაპარტიელებზე?


- „რესპუბლიკელების" წევრი ვიყავი ოთხი წელი, ასეთი მოწოდება არასწორია. „ქართული ოცნების" კოალიციაში ერთად ვიყავით და თუ რამე არ მოსწონდათ, მაშინ უნდა ეთქვათ. ასე რომ, ამ ნაბიჯს „რესპუბლიკელებს" ვერ მოვუწონებ. დიახაც, პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ქართულ ოცნებას" ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა „ოცნებამ" აიღოს.


ვიმეორებ, ურთულესი ოთხი წელი გამოვიარეთ, 2013 წლამდე სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ასევე „ნაციონალების" იყო უზენაესი სასამართლო, 2014 წლამდე ადგილობრივ თვითმმართველობაში იყვნენ „ნაციონალები", ქალაქის მერი იყო გიგი უგულავა, „ნაციონალების" ხელში იყო ეროვნული ბანკი, 2016 წლამდე ისინი მართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას"? დღეს რომ ბევრს ყვირიან „ნაციონალები" და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები, დაუშვებელია, „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდესო, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იყო მათ ხელში, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციას ეს ამბავი რომ არ გაუპროტესტებია?! სააკაშვილმა კონსტიტუცია საკუთარ თარგზე მოირგო, ვინმემ ხმა ამოიღო?! რას ფიქრობდნენ მაშინ იგივე „ნაციონალები"?! აი, ასეთი უთავმოყვარეო და ორმაგი სტანდარტის მქონე ხალხია ეგენი.


ამ არჩევნებს აუცილებლად მოვიგებ! ხალხის განწყობა შეიცვალა, პარტიები მხარდაჭერას მიცხადებენ, ახლა ომი მიდის ჩემსა და სიმონ ნოზაძეს შორის, მას დაგეგმილი ჰქონდა, რომ მე-2 ტურში „ნაციონალების" კანდიდატს შეერკინებოდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაეშალა... ჰოდა, როგორც 2003 წელს მოვუგე, ასევე მოვუგებ 2016 წელსაც!

 

 

ნინო სამხარაძე

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner