logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი იყო ორპარტიული პარლამენტის თავიდან აცილება
- +

26 ოქტომბერი. 2016. 18:21

 

 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა „რეპორტიორთან" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საუბრობს.


საპარლამენტო არჩევნები ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური თემაა - სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ირაკლი გოგავასთან.



- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს როგორ აფასებთ?

 

- ამერიკის და ევროკავშირის შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით არის დადებითი. არცერთი ორგანიზაციის მიერ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება. ეს არის დიდი მიღწევა. არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი, სააკაშვილმა ვერ მოახერხა მისი ან მისი პარტიის მხარდასაჭერი ერთი განცხადების მიღებაც კი დასავლეთისგან.


„ნაციონალური მოძრაობა" ეს არ არის კლასიკური პოლიტიკური პარტია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ქვეყანას კრიმინალური მეთოდებით მართავდნენ.


აღსანიშნავია „პატრიოტთა ალიანსის" წარმატება, თუმცა რამდენად მასობრივი გახდება ეს პარტია, ამას შემდგომი ოთხი წელი გვაჩვენებს. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი იყო ორპარტიული პარლამენტის თავიდან აცილება.


- მეორე ტურებია დანიშნული 50 ოლქში. ვარაუდობენ რომ „ქართული ოცნება" მოიგებს და საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მოსაზრება გამართლდება?


- მეორე ტურის გამო საზოგადოებაში ერთი ამბავია ატეხილი საკონსტიტუციო უმრავლესობის თემასთან დაკავშირებით. 2012 წელს „ქართული ოცნება" რეალურად იღებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას, მაგრამ წინა ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა და მათი მხოლოდ უბრალო უმრავლესობად რეალიზება მოხდა. აქედან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენა იქნება, თუ „ქართული ოცნება" ამ არჩევნებში მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ვფიქრობ, 30 ოქტომბერს ყველა ერთ მანდატიან ოლქში „ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოიგებენ. პარლამენტში გვეყოლება სამი პოლიტიკური ჯგუფი, პლუს დამოუკიდებელი მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი.


- სამოქალაქო საზოგადოებამ გაავრცელა მიმართვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ" არ უნდა მიიღოს, რადგან დემოკრატიული პროცესი არ არის და ამომრჩევლებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ოპოზიციას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეების მომტანია საკონსტიტუციო უმრავლესობა და „ქართული ოცნება" როგორ გამოიყენებს მას?


- საფრთხის შემცველი არ შეიძლება იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი ხალხი და ამომრჩეველი იღებს. ზოგიერთი სამოქალაქო სექტორიდან მოუწოდებს, რომ ხმა მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას", რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა აიცილონ თავიდან, ვფიქრობ, რომ ეს შიში უსაფუძვლოა. 9 წელი საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა ნაციონალურ რეჟიმს და მათი მხრიდან ასეთი არგუმენტების წამოყენება უხერხულია. კარგი იქნება ის, რომ „ქართული ოცნება" სრულად აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. გავიხსენოთ 2012 წელი, როცა მათ გაიმარჯვეს, 1 წელი კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის მეთაური იყო ნაციონალი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მთელი 4 წელი იყო ნაციონალი. ასეთ პირობებში უწევდა „ქართულ ოცნებას" მუშაობა. დღეს გაიწმინდა პოლიტიკური სპექტრი, ბევრი პარტია დაიშალა, ლიდერები სახლში მიდიან, რაც ჯანსაღი პროცესია. უნდა დაღვინდეს საქართველოში პოლიტიკური სპექტრი, რადგან 200 პარტია არ სჭირდება ამ ქვეყანას.


- კეთდება განცხადებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება დაიშალოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს?

 

- დიდიხანია მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებობს დაჯგუფებები, რომლებიც ფარულად ებრძვიან ერთმანეთს - სააკაშვილის ჯგუფი, ბოკერიას ცალკე ჯგუფი, მაჭავარიანის ჯგუფი და ა.შ. დღეს ნათლად ჩანს, რომ ბოკერიას ჯგუფი ცდილობს სააკაშვილის განდევნას „ნაციონალური მოძრაობიდან". ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ზედმეტი ბარგი. ნაწილობრივ მართლებიც არიან, რადგან მის გამო ვერ იღებენ მეტ ხმას.


გარდა ამისა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის რეალურ საკუთრებაში მყოფი ტელევიზიის შესახებ, რომ გადაეცეს ის კანონიერ პატრონს ქიბარ ხალვაშს. სააკაშვილს „რუსთავი 2" ჩამოერთმევა, რაც ნიშნავს, რომ მიშას საჭიროება პარტიისთვის ფაქტობრივად ნულამდე დაეცემა.

 

- ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ამჟამად „რუსთავი 2"-ის არაოფიციალური მფლობელი მიხეილ სააკაშვილია?


- „რუსთავი 2" არ უნდა იქნეს განხილული, როგორც მედიის ნაწილი. ეს არის ცალსახად პარტიული სპეცსამსახური. მათ ქართულ მედიაში დაამკვიდრეს ძალიან ცუდი ტენდენცია, რომ ჟურნალისტი შეიძლება გაიყიდოს. ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, შეიძლება ჰქონდეს თავისი პოზიცია პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ მიზანს ტყუილის ხარჯზე არ უნდა აღწევდეს. ეს ტენდენცია მედიაში უნდა აღმოიფხვრას და მოემსახუროს სიმართლეს.


- სანდრა რულოვსმა, განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. თქვენი აზრით, რამ განაპირობა მისი ეს გადაწყვეტილება?

 

- უნდა გვესმოდეს, ვინ არის სანდრა. ის არის მილიონერი ქალი, რომელსაც აქვს მილიონები რუანდაში, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები სანდრო ბრეგაძემ მოიპოვა. რად უნდა ახლა სანდრას სირბილი ზუგდიდში, ჯიხაშკარში და ა.შ. წავა თავის ჰოლანდიაში ან ლონდონში, სადაც შესანიშნავ აპარტამენტებში ცხოვრობს და გაატარებს ტკბილ, უდარდელ ცხოვრებას იმ მილიონებით, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს იშოვა. სანდრამ დაინახა, რომ ვერ იგებს არჩევნებს ამიტომ აღარ უნდა ამ ორომტრიალში ყოფნა. კომფორტს არის შეჩვეული და უარი განაცხადა, რაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არ მოუწონეს.


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner