logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება ნიშნავს 4 წლის წინანდელ საქართველოში დაბრუნებას!
- +

27 ოქტომბერი. 2016. 15:25



2016 წლის არჩევნების მეორე ტურის თარიღი უკვე ცნობილია - 30 ოქტომბერს რამდენიმე მაჟორიტარული ოლქის გარდა, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაუპირისპირდებიან! თუმცა, მანამდე ქართველ საზოგადოებას კიდევ ერთი დილემის გადალახვა მოუწევს - კონსტიტუციური უმრავლესობა მიანიჭოს „ქართულ ოცნებას" თუ ნაპრეზიდენტალი და ძებნილი სააკაშვილის დეპუტატთა რიგები გაზარდოს.


არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი: - პირველ რიგში, ხელისუფლებას ვადანაშაულებ იმაში, რომ დღეს ერთმანეთის პირისპირ ნაცები და ქოცები არიან. ორი არჩევანი გვაქვს - საქართველოს მოსახლეობამ ან პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გააძლიეროს, ან მანდატი „ქართულ ოცნებას" მისცეს. პირადად მე, 8 ოქტომბერს „ქართული ოცნებისთვის" ხმა არ მიმიცია. მრავალპარტიული პარლამენტის მომხრე ვიყავი, მაგრამ რადგანაც ასეთი მოცემულობის წინაშე აღმოვჩნდით, „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ უნდა გავაძლიეროთ!


- „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები თვლიან, თუ „ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ავტორიტარულ რეჟიმს მივიღებთო...

 

- არ არსებობს არგუმენტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემის მოტივს გაამართლებს. ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თუ საჯარო პირმა, რომელიც პროპაგანდას უწევს მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობისათვის" ხმის მიცემას, პასუხისმგებლობა მათთან ერთად უნდა გაიზიაროს. ამგვარი მოწოდება სახელმწიფოს მიმართ მავნებლობა მგონია!


„ნაციონალურ მოძრაობას" ეშინია, კონსტიტუციაში იმის კორექტირება არ მოხდეს, რა საშინელებაც მათ ჩაიდინეს. ეს არის კამპანიის თავიც და ბოლოც. ეს პარტია არ შეცვლილა. „ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერება ნიშნავს 4 წლის წინანდელ საქართველოში დაბრუნებას!


რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი: - კითხვის ასე დასმა - არიქა, ქვეყანა დაიღუპება, თუ „ქართული ოცნება" საკონსიტუციო უმრავლესობას მიიღებსო, არასერიოზულია. ნაციონალებს რომ ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ არ იყო ავტორიტარიზმი?! ეს არის დემაგოგია, ჩვეულებრივი ნაციონალური ტყუილი იმისათვის, რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ.


- ანუ თვლით, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმის საფრთხე არ არსებობს?

 

- „ქართულმა ოცნებამ" სწორედაც რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს! სააკაშვილის მიერ სახელდახელოდ შეკერილი კონსტიტუცია უამრავ წინააღმდეგობას შეიცავს და სხვაგვარად მისი შეცვლა წარმოუდგენელია! გეკითხებით - თუ „ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო, როგორ გამოსწორდება კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები?! „ნაციონალური მოძრაობა" გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე „ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა!


შევახსენებ ამომრჩეველს - „ნაციონალური მოძრაობა" არ არის პარტია, ეს არის გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოძალადე ჯგუფად ჩამოყალიბდა და რომელსაც 2012 წელს საზოგადოებამ უნდობლობა გამოუცხადა. დღეს ხმები იმისთვის სჭირდებათ, რომ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგეს. ასე რომ, ვინც მეორე ტურში ხმას ნაციონალებს მისცემს, ე.ი. ძალადობას მფარველობს!


ბაკურ სვანიძე, ჟურნალისტი: - დღეს არის ერთადერთი არჩევანი - ვინც პირველ ტურში არ წასულა არჩევნებზე, 30 ოქტომბერს ისიც კი უნდა მივიდეს და ნომერი 41 შემოხაზოს!


- ამას ამბობთ თქვენ, რომელიც არჩევნებში, როგორც დეპუტატობის კანდიდატი, სულ სხვა პარტიის სახელით იღებდით მონაწილეობას?!

 

- დიახ, ამას ვამბობ მე, რომელიც არამარტო დეპუტატობის კანდიდატი გახლდით, არამედ ის ადამიანი ვარ, ვინც ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი „ქართული ოცნების" მიმართ.


ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო დასრულებული, როცა სოციალური ქსელით გამოვთქვი მოსაზრება. საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, მეორე ტურის შედეგად ბიძინა ივანიშვილმა ხელმწიფე-იმპერატორის ტიტულიც რომ მოიპოვოს, „ნაციონალურ მოძრაობას" ამ ქვეყანაში არასდროს არავინ არ უნდა მისცეს ხმა. არ შეიძლება, მკვლელებს, მანიაკებს და თახსირ ადამიანებს რაიმე მიზეზით ხმა მისცეთ!


 

 

 

მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა

 

 







 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner